Facebook Twitter

ას-74-521-05 30 ივნისი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე (მომხსენებელი),

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. მ-ძემ 2005წ. ივნისში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ი. ა-ბას მიმართ და მოითხოვა უკანონოდ დაკავებული საცხოვრებელი ბინის გამოთავისუფლება და ავეჯითურთ, რასაც შედგენს გერმანული «ზალა», გერმანული საძინებელი «ზინა» და პოლონური სამზარეულო, მოსარჩელისათვის დაბრუნება. მოსარჩელის მითითებით, 2004წ. 22 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნ. კ-შვილისაგან შეიძინა ქ.ქობულეთში, ... ¹138 «ა», ¹49-50-ში მდებარე ბინა ავეჯითურთ და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ბინის მესაკუთრედ. აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო მოსარჩელესა და ნ. კ-შვილის რწმუნებულ გ. ბ-ძეს შორის. მოსარჩელის მითითებით, მის მიერ შეძენილი ბინა უკანონოდ დაიკავა ი. ა-ბამ _ ნ.კ-შვილის რძალმა და მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად არ ათავისუფლებს სადავო საცხოვრებელ ბინას.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 25 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა _ მოპასუხე ი. ა-ბა გამოსახლდა უკანონოდ დაკავებული ქობულეთში, ... ქ.¹138 «ა»-ში მდებარე ბინიდან და ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელეს. მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისათვის შემდეგი ავეჯის დაბრუნება: გერმანული «ზალა», გერმანული საძინებელი «ზინა» და პოლონური სამზარეულო ნატურით ან მათი ღირებულების 4700 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ა-ბამ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 აგვისტოს განჩინებით აპელანტ ი. ა-ბას სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის - 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად განესაზღვრა ვადა _ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე. მითითებული განჩინებით მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და აღარ განიხილება, აქვე აღინიშნა‚ აგრეთვე‚ აპელანტის უფლება სასამართლოს მიერ მიცემული ვადის გაგრძელების მოთხოვნის შესახებ.

ი. ა-ბამ 2005წ. 12 სექტემბერს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან განაწილვადება იმ საფუძვლით, რომ არის უმუშევარი და ორი არასრულწლოვანი შვილის დედაა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი. ა-ბას მოთხოვნა; მას გაუგრძელდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღით. მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სსკ-ის 48-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების ან განაწილვადების საფუძველი.

ი. ა-ბამ 2005წ. 17 ოქტომბერს კვლავ მიმართა განცხადებით სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადება იმ საფუძვლით, რომ ის და მისი მეუღლე არიან უმუშევრები, ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 ოქტომბრის განჩინებით ი. ა-ბას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. ა-ბას განჩინებით უკვე განემარტა, რომ მის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოება ვერ გახდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი ცნობები უმუშევრობისა და ოჯახის შემადგენლობის შესახებ სსკ-ის 47-ე მუხლის შესაბამისად ვერ იქნება მიჩნეული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების საფუძვლად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. ა-ბას სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მოთხოვნებს, აპელანტმა არ შეავსო ხარვეზი და არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

ი. ა-ბამ კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე და მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლოში წარდგენილ განცხადებებში განმარტავდა, თუ რატომ არ შეეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა ერთდოულად, კერძოდ, რომ არის უმუშევარი, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, არანაირი შემოსავლის წყარო არ გააჩნია. აღნიშნულის დამადასტურებელი ცნობები მის მიერ წარმოდგენილია. იგი სასამართლოს თხოვდა, რომ ქონებრივი მდგომარეობის გამო გაეთავისუფლებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ზემოაღნიშნული და არ უნდა დაეტოვებინა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2006წ. 20 იანვრის განჩინებით ი. ა-ბას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი ცნობები ოჯახის შემადგენლობისა და უმუშევრობის შესახებ სსკ-ის 47-ე მუხლის თანახმად არ შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების საფუძვლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ი. ა-ბას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 აგვისტოს განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა და განესაზღვრა ვადა მის გამოსასწორებლად. აპელანტმა ხარვეზი არ გამოასწორა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში და განცხადებით მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება; სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 16 სექტემბრის განჩინებით აპელანტ ი. ა-ბას განემარტა, რომ მის მიერ მითითებული გარემოება უმუშევრობისა და ოჯახური მდგომარეობის შესახებ ვერ გახდებოდა სსკ-ის 47-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი. მან არ შეავსო ხარვეზი და არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში და იმავე სასამართლოს 2005წ. 20 ოქტომბრის განჩინებით ი. ა-ბას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. ეს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი.ა-ბამ.

სსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ მოქალაქის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებისას პირველ რიგში მხედველობაში უნდა მიიღოს მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობა. როგორც საქმეში წარმოდგენილი ი.ა-ბას განცხადებებიდან ირკვევა, მან მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან განაწილვადება იმ საფუძვლით, რომ არის უმუშევარი და ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, შესაბამისად წარმოადგინა უმუშევრობის დამადასტურებელი ცნობა; მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 სექტემბრის განჩინებით მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მან კვლავ მიმართა სასამართლოს განცხადებით და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის გადადება იმ საფუძვლით, რომ არის უმუშევარი, ჰყავს ასევე უმუშევარი მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი, არანაირი ქონებრივი შემოსავალი არ გააჩნია. საქმეში წარმოდგენილია აღნიშნულის დამადასტურებელი ცნობები.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 47-ე და 48-ე მუხლების შესაბამისად არ განიხილა ი. ა-ბას მიერ წარმოდგენილი განცხადებები, მხერდველობაში არ მიიღო მის მიერ მითითებული გარემოებები. მართალია, ი.ა-ბას სააპელაციო სასამართლომ განუმარტა, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები, კერძოდ, მისი და მისი მეუღლის უმუშევრობა, ასევე არასრულწლოვანი შვილების ყოლა ვერ გახდებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი, მაგრამ არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არ ჩათვალა ი.აგირბას მიერ მითითებული გარემოებები სსკ-ის 47-48_ე მუხლებით გათვალისწინებულ სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების ან გადადების საფუძვლად.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები რატომ ვერ იქნება მიჩნეული მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 ოქტომბრის განჩინებით ი. ა-ბას სააპელაციო საჩივარი არასწორად იქნა განუხილველად დატოვებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ა-ბას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 ოქტომბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.