ას-1069-1371-05 16 მარტი, 2006 წ.’ ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე (მომხსენებელი),
თ. თოდრია
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
კ. ბ-ძემ 2004 წლის ოქტომბერში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე საქართველოს მილსადენის კომპანია «... ე-ნ ჯ-ა-ის» მიმართ და მოითხოვა საქართველოს სუფსის ტერმინალის უსაფრთხოების ტექნიკოსის თანამდებობაზე აღდგენა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 2001 წლის 1 იანვრიდან 2004 წლის სექტემბრამდე მუშაობდა საქართველოს მილსადენის კომპანია «... ე-ნ ჯ-აში» _ საქართველოს სუფსის ტერმინალზე უსაფრთხოების ტექნიკოსის თანამდებობაზე. მოპასუხე ორგანიზაციამ 2004 წლის 21 სექტემბრის წერილით აცნობა, რომ მან ჩაიდინა არაეთიკური ქცევა ასოციაციაში, რომელიც ეხება კომპანიის საკუთრების განადგურებას და უნებართვო ტრანსფერებს, რის გამოც იგი გაათავისუფლეს სამსახურიდან და შეეძლო არც გამოცხადებულიყო სამსახურში. მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდა პირნათლად, გამოცხადებული აქვს არაერთი მადლობა, ამიტომ მისთვის გაუგებარია, თუ რის საფუძველზე ჩათვალა მოპასუხე კომპანიამ შრომითი კონტრაქტი ცალმხრივად შეწყვეტილად, მითუმეტეს, რომ მისი სამუშაოსადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არსებობს. მოსარჩელის მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის და შრომის კანონთა კოდექსის მე-18, 34-ე, 204-ე და 206-ე მუხლების საფუძველზე მისი სამუშაოდან გათავისუფლება უკანონოა.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით კ. ბ-ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოსარჩელე კ. ბ-ძე აღდგენილ იქნა შპს «...-ე-ნ» სუფსის ტერმინალზე უსაფრთხოების ტექნიკოსის თანამდებობაზე.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მილსადენის კომპანია «... ე-ნ ჯ-ას» წარმომადგენელმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით შპს «... ე-ნ ჯ-ას» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელს ეთქვა უარი. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ბ-ძის უსაფრთხოების ტექნიკოსის თანამდებობიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო არაეთიკური და არაუსაფრთხო ქმედებები, რაც გამოიხატა მის მიერ კომპანიის ინვენტარის უნებართვო გატანასა და გასხვისებაში, კერძოდ, მან სათანადო ნებართვის გარეშე მოპასუხე ორგანიზაციიდან გაიტანა ლითონის მილები და 13 მ სიგრძის რკინის ხიდი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელეც არ უარყოფს მის მიერ რკინის ხიდის გატანის ფაქტს, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ მოსარჩელე მოქმედებდა გ-ძის თანხმობით, რადგან ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება და გ-ძე არ იყო ის პირი, ვისი თანხმობითაც შეიძლებოდა რაიმეს გატანა ტერიტორიიდან. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მხარეებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების თანახმად’ სასამართლოსათვის უნდა წარმოედგინათ მტკიცებულებები, რომლებზედაც ისინი თავის შესაგებელს ამყარებენ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კომპანიის უშიშროების თანამშრომლების მიერ ჩატარებული შიდა გამოძიების შედეგად დადგენილი იქნა კ.ბ-ძის მიერ მილებისა და 13 მ სიგრძის მეტალის ხიდის ტერიტორიიდან გატანა და ეს გარემოება საკმარისი იყო, რომ შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილიყო იმავე ხელშეკრულების მე-7 მუხლის «დ» პუნქტის საფუძველზე. სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოტივაცია, რომ საჭირო იყო საქმეზე განაჩენის არსებობა, რადგან ინვენტარის გატანის ფაქტი დასტურდება საქმის მასალებით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე ორგანიზაციამ სწორად ჩათვალა, რომ კ.ბ-ძის მიერ ჩადენილი ქმედება ეწინააღმდეგება კომპანიის ინტერესებს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა კ. ბ-ძემ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, მას არ ჩაბარებია მოპასუხის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივრის ასლი, რის გამოც ვერ შეძლო შეპასუხების წარდგენა. მის ინტერესებს პირველი ინსტანციის სასამართლოში იცავდა ადვოკატი თ.მესხი. სასამართლო ვალდებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა შეტყობინება საქმის განხილვის დროის მითითებით და სააპელაციო საჩივრის ასლი ჩაებარებინა როგორც მისთვის, როგორც მხარისათვის, ასევე მისი წარმომადგენლისათვის. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული ნორმების დარღვევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ბ» პუნქტის თანახმად წარმოადგენს საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს და გამოტანილი გადაწყვეტილების უპირობო გაუქმების წინაპირობას. კასატორის მითითებით, სასამართლო სხდომაზე მისი მოთხოვნის მიუხედავად, საქმის განხილვა მოხდა მისი ადვოკატის მონაწილეობის გარეშე. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მისი განმარტება სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლების თაობაზე, არ გაიზიარა საქმეში არსებული მისი უდანაშაულობის დამადასტურებელი გარემოებები და ისე გამოიტანა გადაწყვეტილება. მისი სარჩელის საფუძვლიანობას ადასტურებს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დადებული შრომით ხელშეკრულებაში ვადა არ იყო განსაზღვრული. მოპასუხესთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით ძალაში რჩებოდა მისი საქმიანობის დაწყების პირველი თარიღი _ 1998 წლის 7 ივლისი. ამდენად, კომპანიის მიერ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა ფაქტობრივად გაგრძელდა და არცერთმა მხარემ არ ითხოვა მისი შეწყვეტა, ასეთ შემთხვევაში შრომის კანონთა კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულების გაუქმება ითვლება გაგრძელებულად განუსაზღვრელი ვადით. კასატორი უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოპასუხის მიერ მის დადანაშაულებას კომპანიის კუთვნილი ნივთების დაკარგვაში, რადგან მის უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე კომპანიის ქონებაზე პასუხისმგებელ პირს არ წარმოადგენდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრების მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ კ. ბ-ძე მუშაობდა საქართველოს მილსადენის კომპანია «... ე-ნ ჯ-ას» საქართველოს სუფსის ტერინალზე უსაფრთხოების ტექნიკოსის თანამდებობაზე და იგი გაათავისუფლეს სამუშაოდან 2004 წლის 21 სექტემბერს. მის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო არაეთიკური და არაუსაფრთხო ქმედებები, რაც გამოვლინდა კომპანიის ინვენტარის უნებართვო გატანასა და გასხვისებაში.
საქმის მასალებში წარმოდგენილია მოპასუხე ორგანიზაციის კუთვნილი ქონების უნებართვოდ გატანის თაობაზე სპეციალური შემოწმების აქტი, სადაც მითითებულია, რომ ხანძრისა და უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტმა კ. ბ-ძემ გაიტანა მილები და 13 მ სიგრძის მეტალის ხიდი, რაზეც მას ნებართვა არ მიუღია. თვით კასატორიც ადასტურებს მის მიერ მოპასუხე ორგანიზაციის კუთვნილი მილების და რკინის ხიდის გატანას, მაგრამ მიუთითება, რომ ამის თაობაზე ნებართვა მისცა მოპასუხე ორგანიზაციის თანამშრომელბმა: ე.გ-ძემ და ა.დ-ძემ; სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ კ.ბ-ძეს აღნიშნულის თაობაზე მოპასუხე ორგანიზაციის მიერ გააჩნდა თანხმობა.
შრომის კანონთა კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულია მუშაკთა ძირითადი შრომითი უფლებები და მოვალეობები. ამ მუხლის მეოთხე ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად’ მუშაკი ვალდებულია’ კეთილსინდისიერად შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობა, ხოლო «გ» ქვეპუნქტის თანახმად მუშაკი ვალდებულია გაუფრთხილდეს საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ქონებას. საქმის ფურცელ 48-53-ზე წარმოდგენილია კ. ბ-ძესა და მოპასუხე ორგანიზაციას შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების მე-9 პუნქტში მითითებულია, რომ თანამშრომელი უნდა დააკვირდეს ბიზნესის წარმოების კომპანიის სტანდარტებს, უსაფრთხოებას, დაცვას და კონფიდენციალურობას. თანამშრომელი უნდა იყო კომპანიის სადისციპლინარო პროცედურების საგანი როგორც ეს მოცემულია ნაციონალურ საშტატო ცნობარში, სექცია IV. იმავე პუნქტით გათვალისწინებულია, რომ თანამშრომლის მიერ ამ წესების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს მისი გათავისუფლების საფუძველი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია მოპასუხე ორგანიზაციის მიერ მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლება, ვინაიდან მან დაარღვია ზემოაღნიშნული ნორმებით დაკისრებული მოვალეობები.
საკასაციო პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ მოცემული დავა განიხილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების დარღვევით, კერძოდ’ მას არ ჩაბარებია მოპასუხის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივრის ასლი, რის გამოც ვერ შეძლო შეპასუხების წარდგენა. მის ინტერესებს პირველი ინსტანციის სასამართლოში იცავდა ადვოკატი თ.მესხი. სასამართლო ვალდებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა შეტყობინება საქმის განხილვის დროის მითითებით და სააპელაციო საჩივრის ასლი ჩაებარებინა როგორც მისთვის, როგორც მხარისათვის, ასევე მისი წარმომადგენლისათვის. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 3 ივნისის სხდომაზე კ.ბ-ძეს ზემოაღნიშნული გარემოებების თაობაზე რაიმე პრეტენზია ან შუამდგომლობა არ დაუყენებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ასეთი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია. დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ კ. ბ-ძეს ასეთი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.