¹ას-1237-1087-2010 27 ივნისი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მ. სულხანიშვილი, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – 1. საქართველოს ... სამინისტრო;
2. შპს «ა. ე-ი»
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორ საქართველოს ... სამინისტროს მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
კასატორ შპს «ა. ე-ის» მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სატელეფონო მომსახურების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 13 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს «ა. ე-მა» მოპასუხე საქართველოს ... სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და მოპასუხისათვის 16639.12 ლარის დაკისრება.
სარჩელის თანახმად, 2008 წლის 22 იანვარს მოდავე მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹74. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მოსარჩელის ვალდებულება, განეხორციელებინა სატელეფონო მომსახურება ... სამინისტროს სახელზე რიცხულ შესაბამის ნომრებზე. ამავე ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი იღებდა ვალდებულებას, გაეწია ... სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის სატელეფონო მომსახურება, ხოლო 4.2 პუნქტის მიხედვით, ანგარიშსწორება მოხდებოდა ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით მხარეთა შორის შეთანხმებული პრეისკურანტის საფუძველზე, რომელიც წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მოსარჩელის განმარტებით, 2009 წლის 16 იანვარს შედგა შედარების აქტები, რომლებითაც დასტურდებოდა, რომ ბათუმის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექცია) გააჩნია სატელეფონო მომსახურების დავალიანება 8588.36 ლარის ოდენობით, რეგიონალურ ხაზინას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში _ 672.23 ლარის ოდენობით, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს _ 7270.37 ლარის ოდენობით, მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის ბათუმის განყოფილებას _ 108.16 ლარის ოდენობით. დასახელებულ ორგანიზაციებზე გაწეული სატელეფონო მომსახურების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 16639.12 ლარს, რასაც მოპასუხე საქართველოს ... სამინისტრო ნებაყოფლობით არ ანაზღაურებდა (ტომი I, ს.ფ. 1-8).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას (ტომი I, ს.ფ. 76-78), რომელმაც 2010 წლის 10 თებერვლის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადააგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოში (ტომი I, ს.ფ. 175-176, 179-181).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით შპს «ა. ე-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე საქართველოს ... სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 16639.12 ლარის გადახდა, მასვე დაეკისრა შპს «ა. ე-ისათვის» 499.18 ლარის ანაზღაურება ამ უკანასკნელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ მხარეთა შორის 2008 წლის 22 იანვარს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ¹74. ამ ხელშეკრულების თანახმად, შპს «ა. ე-ს» სატელეფონო მომსახურება უნდა გაეწია საქართველოს ... სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის. მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე მათ შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. როგორც დადგინდა, შპს «ა. ე-მა» საქართველოს ... სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებს გაუწია სატელეფონო მომსახურება, მათ შორის, სადავოდ გამხდარი საქალაქთაშორისო სატელეფონო მომსახურება. აღნიშნულმა დაწესებულებებმა ეს მომსახურება მიიღეს. გაწეული სატელეფონო მომსახურების საფასური არ ანაზღაურებულა.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია საქალაქთაშორისო სატელეფონო მომსახურებაზე მხარეთა შორის შეთანხმების არარსებობის შესახებ და მიუთითა ხელშეკრულების 4.2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ანგარიშსწორება მოხდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით, მხარეთა შორის შეთანხმებული პრეისკურანტის საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. სასამართლომ მიიჩნია, რომ თავად ხელშეკრულება და მისი დანართი ¹2, აგრეთვე, საქმეზე წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები, ¹181/7, ¹223/7, ¹254/7 წერილები, მოპასუხის მიერ 2008 წლის აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისში, აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში საქალაქთაშორისო სატელეფონო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, წარმოადგენდა სადავო გარემოებების დამადასტურებელ სარწმუნო მტკიცებულებებს. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოპასუხისადმი გაგზავნილ ¹181/7, ¹223/7, ¹254/7 წერილებში მითითებული იყო საქალაქთაშორისო სატელეფონო მომსახურების თაობაზე. მოპასუხე დათანხმდა ამგვარი შინაარსის მომსახურების გაწევას ანუ ოფერტს (სამოქალაქო კოდექსის 335-ე მუხლი), რაც შესაბამის სამართლებრივ შედეგებს წარმოშობდა.
სქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 349-ე, 361-ე და 115-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულება შეიძლება მოითხოვოს როგორც კრედიტორმა, ასევე მესამე პირმა, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ანდა თვით ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს; ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას; სამოქალაქო უფლებები უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ... სამინისტროს შპს «ა. ე-ის» მიმართ გააჩნდა შესასრულებელი ვალდებულება _ აენაზღაურებინა გაწეული სატელეფონო მომსახურების საფასური (ტომი II, ს.ფ. 31-38).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ... სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი II, ს.ფ. 42-54).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ... სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს «ა. ე-ის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: საქართველოს ... სამინისტროს შპს «ა. ე-ის» მიმართ დაეკისრა 1425.96 ლარის გადახდა, მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიჯეტის სასარგებლოდ 57 ლარის ოდენობით, ამავე გადაწყვეტილებით შპს «ა. ე-ს» დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 608.52 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ საქმეში განთავსებული მიღება-ჩაბარებისა და შედარების აქტები ადასტურებდნენ საქართველოს ... სამინისტროს დავალიანებას მოსარჩელის წინაშე. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული მიღება-ჩაბარებისა და შედარების აქტებით დადასტურებულად ვერ მიიჩნეოდა ვალის არსებობის ფაქტი, რადგან მითითებული მტკიცებულებები არ შეიცავდნენ კონკრეტულად მითითებას იმის შესახებ, თუ რომელი ხელშეკრულების საფუძველზე გაეწია ორგანიზაციას სატელეფონო მომსახურეობა, კონკრეტულად რა სახის მომსახურება გაეწია და ა.შ., რაც რეალურს გახდიდა მოპასუხეზე თანხის დარიცხვას.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ ისეთი რეკვიზიტები, როგორსაც წარმოადგენდა ხელშეკრულების ნომერი, გაწეული მომსახურების სახე (საქალაქთაშორისო, სააბონენტო თუ სხვა) და ა.შ. გახდიდა სამართლებრივად სრულყოფილ და სარწმუნო დოკუმენტებად მითითებულ მიღება-ჩაბარების აქტებს, რამდენადაც ეს ის კონკრეტული რეკვიზიტებია, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც იქნებოდა შესაძლებელი მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობების რეალურად გარკვევა. სააპელაციო სასამართლომ საკითხის ამგვარად შეფასების საფუძვლად მიუთითა იმ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა კონკრეტული, მათ შორის გაფორმებული ¹74 ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურება და არა სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება. ¹74 ხელშეკრულების გარდა, მხარეთა შორის სხვა ხელშეკრულებებიც იყო გაფორმებული, ამიტომ მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებზედაც არ არის კონკრეტული მითითება იმისა, თუ რომელი ხელშეკრულების ფარგლებში ხდებოდა შესრულება, და რომელსაც ხელს აწერს ... სამინისტროს მხრიდან არაუფლებამოსილი პირი, და გარდა ამისა, შესრულებული მოსახურება მოიცავდა საქალაქთაშორისო საუბრების ღირებულებასაც, რომელიც ¹74 ხელეშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული, პალატა ვერ მიიჩნევს ვალდებულების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებებად.
რაც შეეხებოდა გაწეულ მომსახურებას, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იგი უნდა განსაზღვრულიყო საქმეზე წარდგენილი ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, რომლის თანახმადაც მომსახურებისათვის გაწეული თანხა შეადგენდა 513.82 ლარს და მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, რომელთა მიხედვითაც, გადახდას ექვემდებარებოდა 472.44 ლარი და 439.70 ლარი. მითითებული თანხების ჯამი შეადგენდა 1425.96 ლარს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ... სამინისტროს დავალიანება შპს «ა. ე-ის» მიმართ, 2008 წლის 22 იანვარს გაფორმებული ¹74 ხელშეკრულების საფუძველზე შეადგენდა 1425.96 ლარს (ტომი II, ს.ფ. 149-162, 180-182).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა საქართველოს ... სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო საჩივრის საფუძვლები შემდეგში მდგომარეობს:
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საქართველოს ... სამინისტროსათვის 1425.96 ლარის დაკისრებისას დაეყრდნო ... სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის დასკვნებს. დასახელებულ დასკვნებში მითითებულია, რომ ¹2631798 ანგარიშ-ფაქტურით გათვალისწინებული თანხიდან გადახდას ექვემდებარება 472.44 ლარი, ¹2703768 ანგარიშ-ფაქტურიდან _ 439.70 ლარი და ¹2631356 ანგარიშ-ფაქტურიდან _ 513.82 ლარი. აქედან გამომდინარე, საქართველოს ... სამინისტროს დავალიანება შპს «ა. ე-ის» მიმართ 2008 წლის 22 იანვარს გაფორმებული ¹74 ხელშეკრულების საფუძველზე შეადგენდა 1425.96 ლარს;
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულად გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ საქართველოს ... სამინისტროს გადახდილი აქვს შპს «ა. ე-ისათვის» გადასახდელი თანხები;
კასატორის მითითებით, უპირველეს მტკიცებულებას, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ... სამინისტრომ შპს «ა. ე-ს» გადაუხადა ზემოაღნიშნული თანხები, წარმოადგენს შპს «ა. ე-ის» სარჩელი და მასზე თანდართული დოკუმენტები. მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ საქართველოს ... სამინისტრომ უსაფუძვლოდ განაცხადა უარი გარკვეული თანხების გადახდაზე, თუმცა იკისრა 472.44 ლარისა და 439.70 ლარის გადახდა. გარდა ამისა, მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავს, რომ ... სამინისტრო თანხებს იხდიდა, უბრალოდ, დავის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ... სამინისტრომ არ გადაიხადა თანხა, რომელსაც მოსარჩელე უსაფუძვლოდ ითხოვდა, ზემოთ დასახელებული თანხები რომ გადახდილია, ეს დავის საგანი არაა. წინააღმდეგ შემთხვევაში სადავო თანხა იქნებოდა უფრო დიდი.
კასატორის მოსაზრებით, სარჩელზე თანდართული დოკუმენტებით დასტურდება ... სამინისტროს მხრიდან 1425.96 ლარის გადახდა. მოსარჩელე თავის სარჩელში, შემდეგ მოსაზრებებში, რომელიც მან წარადგინა ... სამინისტროს წერილობითი პასუხის თაობაზე, ასევე სააპელაციო შესაგებელში, ეყრდნობა 2009 წლის 16 იანვრის შედარების აქტს, სადაც დაფიქსირებულია მოთხოვნა 16639.12 ლარის ოდენობით. შედარების აქტს ერთვის უწყისი, სადაც დათვლილია, თუ რა საფუძვლიდან გამომდინარეობს სარჩელის მოთხოვნა. ამ უწყისშივეა მითითებული, რომ იანვრის, თებერვლის და მარტის გადახდებს შეადგენს შესაბამისად _ 519.82 ლარი, 472.44 ლარი და 439.7 ლარი. ამდენად, დასახელებული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ საქართველოს ... სამინისტროს გადახდილი აქვს ეს თანხები (ტომი II, ს.ფ. 198-205).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ა. ე-მა», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, კერძოდ, მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 16639.12 ლარის დაკისრება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგს:
სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ის გარემოება, რომ საქალაქთაშორისო სატელეფონო საუბრების ანაზღაურება წარმოადგენდა ¹74 ხელშეკრულების საგანს. ამას ადასტურებს ხელშეკრულების შინაარსი, აღნიშნული ხელშეკრულების ¹2 დანართში დაფიქსირებულია მოსარჩელის მხრიდან განსახორციელებელი სატელეფონო მომსახურების ყველა ტარიფი, მათ შორის, საქალაქთაშორისო სატელეფონო მომსახურების საუბრის ტარიფები. ხელშეკრულებასა და დანართებზე ხელი მოწერილი აქვს მოპასუხეს, რაც დამოწმებულია სამინისტროს ბეჭდით. აღნიშნული თვალსაზრისით საკითხის შეფასებისას საყურადღებოა საქართველოს ... მინისტრის მოადგილისათვის გაგზავნილი 29.02.2008წ., 20.03.2008წ. და 4.04.2008წ. წერილების შინაარსი, რომლებშიც მითითებულია საქალაქთაშორისო სატელეფონო მომსახურების თაობაზე. მოპასუხეს პასუხი არ გაუცია ამ წერილებზე. შესაბამისად, იგი თავისი დუმილით დათანხმდა ამგვარი შინაარსის მომსახურების გაწევას, რასაც მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი შედეგი, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 330-ე, 335-ე მუხლებით. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია 2008 წლის 14 თებერვალს, 10 მარტს და 2 აპრილს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტები. ამ აქტებიდან ჩანს მოპასუხის მიერ გადაუხდელი საქალაქთაშორისო საუბრების ღირებულება. ამასთან, 2008 წლის 29 თებერვალს, 20 მარტს და 4 აპრილს საქართველოს ... მინისტრის მოადგილეს გაეგზავნა ¹181/7, ¹223/7 და ¹254/7 წერილები, რომლებშიც მითითებულია მიღება-ჩაბარების აქტებში აღნიშნულ ორგანიზაციებზე გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, საქალაქთაშორისო სატელეფონო მომსახურების შესახებ. სასამართლომ უნდა შეაფასოს ის ფაქტი, რომ მოპასუხეს პასუხი არ გაუცია მოცემულ მიმართვაზე. ამდენად, მან თავისი დუმილით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსარჩელის მხრიდან მითითებულ ორგანიზაციებზე საქალაქთაშორისო სატელეფონო მომსახურების განხორციელება მოხდა კანონის სრული დაცვით. ამ საკითხთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელემ 2008 წლის აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისში, აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში იმავე ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელა შესაბამისი ღირებულების საქალაქთაშორისო სატელეფონო მომსახურება და მოპასუხემ სხვა სატელეფონო მომსახურებასთან ერთად სრულად გადაიხადა ამჟამად სადავოდ გამხდარი საქალაქთაშორისო ღირებულებაც. სატელეფონო მომსახურება განხორციელდა სწორედ 2008 წლის 22 იანვრის ¹74 ხელშეკრულების საფუძველზე. მოპასუხის მხრიდან ამ პერიოდებში თანხების გადახდა და აღნიშნულ მიმართვებზე პასუხის გაუცემლობა ნიშნავს იმის აღიარებას, რომ სრულად უნდა ანაზღაურდეს წინა თვეებში (იანვარი, თებერვალი, მარტი) გაწეული საქალაქთაშორისო საუბრების ღირებულებაც;
მოპასუხეს საერთოდ არ გადაუხდია 2008 წლის ნოემბერში, დეკემბერში და 2009 წლის იანვრამდე განხორციელებული სატელეფონო მომსახურების ღირებულება;
2008 წლის 14 თებერვალს, 10 მარტს და 2 აპრილს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე 2009 წლის 16 იანვარს შედგენილი შედარების აქტები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ 2009 წლის 16 იანვრის მდგომარეობით შპს «ა. ე-ის» წინაშე: ბათუმის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექცია) გააჩნია სატელეფონო მომსახურების დავალიანება 8588.36 ლარის ოდენობით; რეგიონალურ ხაზინას აჭარის ა/რ-ში გააჩნია სატელეფონო მომსახურების დავალიანება 672.23 ლარის ოდენობით; საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს გააჩნია სატელეფონო მომსახურების დავალიანება 7270.37 ლარის ოდენობით; მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის ბათუმის განყოფილებას გააჩნია სატელეფონო მომსახურების დავალიანება 108.16 ლარის ოდენობით. 2009 წლის 16 იანვარს მოსარჩელე ორგანიზაციამ შეადგინა ზემომითითებული შედარების აქტების საფუძველზე ერთიანი მონაცემების შემცველი შედარების აქტი, სადაც დაფიქსირდა 2009 წლის 16 იანვრის მდგომარეობით საერთო დავალიანების თანხა _ 16639.12 ლარი. ეს თანხა წარმოშობილია 2008 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის თვეებში საქალაქთაშორისო საუბრების ღირებულების, აგრეთვე, 2008 წლის ნოემბერში, დეკემბერში, 2009 წლის 16 იანვრამდე დარიცხული როგორც საქალაქთაშორისო საუბრების, ისე სხვა სახის სატელეფონო მომსახურების თანხების გადაუხდელობის გამო.
ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მასალები ადასტურებს მის მიერ სატელეფონო მომსახურების გაწევის ფაქტს, მოპასუხეს კი მიღებული შესრულების ღირებულება არ გადაუხდია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ... სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ, ხოლო შპს «ა. ე-ის» საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების თანახმად, 2008 წლის 22 იანვარს საქართველოს ... სამინისტროსა (შემსყიდველი) და შპს «ა. ე-ს» (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა ¹74 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების მიხედვით, შეთანხმების საგანს წარმოადგენდა მოსარჩელის (შპს «ა. ე-ი») ვალდებულება, ამ ხელშეკრულების პირობების თანახმად, გაეწია სატელეფონო მომსახურება საქართველოს ... სამინისტროს სახელზე რიცხულ ტელეფონის ნომრებზე სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის (ტომი 1, ს.ფ. 11-14).
მოსარჩელის (კასატორ შპს «ა. ე-ის») მოთხოვნაა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ... სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის გაწეული სატელეფონო მომსახურების ღირებულების – 16639.12 ლარის ანაზღაურება.
მითითებული ოდენობით სატელეფონო მომსახურების გაწევის ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 2008 წლის 14 თებერვლის, 10 მარტის, 2 აპრილის, 8 დეკემბრის და 2009 წლის 6 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტები (ტომი 1, ს.ფ. 17-22; 23-27; 30-34; 38-41; 47-51), ასევე 2009 წლის 16 იანვრის შედარების აქტები (ტომი 1, ს.ფ. 53-57), რომლებიც ხელმოწერილია საქართველოს ... სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელების მიერ. 2008 წლის 14 თებერვლის, 10 მარტის, 2 აპრილის, 8 დეკემბრის და 2009 წლის 6 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია 18119.69 ლარის ღირებულების სატელეფონო, მათ შორის, საქალაქთაშორისო საუბრების მომსახურება. ამ თანხიდან მოპასუხის მიერ გადახდილია 1425.96 ლარი, რასაც მოსარჩელე სადავოდ არ ხდის. შესაბამისად, დარჩენილი თანხა შეადგენს 16639.12 ლარს. სწორედ ეს თანხაა მითითებული 2009 წლის 16 იანვრის შედარების აქტებში.
მოპასუხის (საქართველოს ... სამინისტროს) შესაგებელი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ იგი არაა ვალდებული აანაზღაუროს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სატელეფონო მომსახურების ღირებულება, ვინაიდან მოსარჩელის მიერ გაწეული იქნა სატელეფონო მომსახურება, რომელიც 2008 წლის 22 იანვრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ¹74 ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის აღნიშნულ მოსაზრებას და, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ... სამინისტრომ თავის შესაგებელში დაადასტურა ის გარემოება, რომ მისმა საქვეუწყებო დაწესებულებებმა მოსარჩელისგან მიიღეს როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ასევე ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი სატელეფონო მომსახურება. კერძოდ, მოპასუხის პასუხის (შესაგებლის) მიხედვით, საქართველოს ... სამინისტროს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული აქვს 1425.96 ლარის ღირებულების სატელეფონო მომსახურება, რაც მის მიერ ანაზღაურებულია. მიღება-ჩაბარების აქტებით გათვალისწინებული დანარჩენი ღირებულების ანაზღაურებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა, ვინაიდან მის მიერ გაწეული იქნა სატელეფონო მომსახურება, რომელიც 2008 წლის 22 იანვრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ¹74 ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული, კერძოდ, შპს «ა. ე-ის» მიერ თვითნებურად, საქართველოს ... სამინისტროსთან შეუთანხმებლად, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის გაწეული იქნა საქალაქთაშორისო, საერთაშორისო და მობილურ ოპერატორებთან სატელეფონო მომსახურება, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა (ტომი 1, ს.ფ. 85). ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი სატელეფონო მომსახურების მოპასუხის მიერ მიღების ფაქტი პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას (2010 წლის 16 ივნისის სასამართლო სხდომაზე) დაადასტურა ასევე მოპასუხე საქართველოს ... სამინისტროს წარმომადგენელმა. ამ უკანასკნელს არც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობა გაუხდია სადავოდ და განმარტა, რომ თანხის ოდენობა სადავო არ იყო, ვინაიდან მოპასუხის მიერ განხორციელებული ზარები ამოღებული და მითითებული იყო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტებში. ამასთან, წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხე არ იყო ვალდებული გადაეხადა იმ სატელეფონო მომსახურების ღირებულება, რაც ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული (ტომი 2, ს.ფ. 17-19).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს თავის გადაწყვეტილებას.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ როგორც წერილობით (მოპასუხის შესაგებელი), ასევე ზეპირად (სასამართლო სხდომაზე) აღიარებულია ის ფაქტი, რომ მან მოსარჩელისგან მიიღო ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი 16639.12 ლარის ღირებულების სატელეფონო მომსახურება. მართალია, სააპელაციო საჩივარში მოპასუხემ უარყო მითითებული ფაქტი, მაგრამ მას არ მიუთითებია აღიარების გამაქარწყლებელ იმ გარემოებებზე, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ მიიღებს მოპასუხის მიერ აღიარების უარყოფას.
აღნიშნული გარემოების უარსაყოფად ვერ გამოდგება მოპასუხის მიერ მითითებული შემდეგი არგუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტებს ხელს აწერენ სამინისტროს არაუფლებამოსილი პირები, ხელშეკრულება მოქმედებდა მხოლოდ 2008 წლის 22 მარტამდე და, შესაბამისად, გადახდაც მხოლოდ ამ პერიოდამდე გაწეული მომსახურებისათვის უნდა განხორციელებულიყო, ხელშეკრულების ფასი შეადგენდა 1500 ლარს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში გადამწყვეტია ის გარემოება, რომ მოპასუხემ აღაიარა მოსარჩელისგან ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი 16639.12 ლარის ღირებულების სატელეფონო მომსახურების მიღების ფაქტი. ამიტომ, თუნდაც მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელმომწერი პირები არაუფლებამოსილნი იყვნენ, ან ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2008 წლის 22 მარტამდე იყოს განსაზღვრული ან კიდევ ხელშეკრულების ფასი 1500 ლარს შეადგენდეს, ეს გარემოებები არ ცვლის იმ ფაქტს, რომ საქართველოს ... სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებმა შპს «ა. ე-ისგან» მიიღეს ხელშეკრულებით გაუთვალისწინებული 16639.12 ლარის ღირებულების სატელეფონო მომსახურება. ის გარემოება, რომ ამ მომსახურების მიღება არ იყო გათვალისწინებული მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ¹74 ხელშეკრულებით, არ ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელეს მის მიერ გაწეული მომსახურების მოთხოვნის უფლება არ გააჩნია. ხელშეკრულების გარეშე გადაცემულის უკან დაბრუნების შესაძლებლობას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი. ამავე კოდექსის 979-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო, მაშინ მიმღებმა უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, შეუძლებელია გადაცემული საგნის (გაწეული სატელეფონო მომსახურების) უკან დაბრუნება, ამიტომ მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს მიღებული საქონლის ღირებულება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორ საქართველოს ... სამინისტროს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მას გადახდილი აქვს სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული 1425.96 ლარი. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მითითებული თანხის მოპასუხისათვის დაკისრებას მოსარჩელე არც მოითხოვდა, ეს თანხა არ შედიოდა მის მიერ გაანგარიშებულ მოთხოვნაში (16639.12 ლარი). ზემოთ აღინიშნა, რომ 2008 წლის 14 თებერვლის, 10 მარტის, 2 აპრილის, 8 დეკემბრის და 2009 წლის 6 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია 18119.69 ლარის ღირებულების სატელეფონო მომსახურება. ამ თანხიდან მოპასუხის მიერ გადახდილია 1425.96 ლარი, რასაც მოსარჩელე სადავოდ არ ხდის. შესაბამისად, დარჩენილი თანხა შეადგენს 16639.12 ლარს. აღნიშნულს ადასტურებს ასევე ... სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ანგარიშსწორების 2008 წლის უწყისი, რომელიც ხელმოწერილია შპს «ა. ე-ის» კომერციული ანალიზისა და ოპერატორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მიერ. ამ უწყისის თანახმად, საქართველოს ... სამინისტროს მხრიდან გადახდილად არის მიჩნეული 2008 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვის სატელეფონო მომსახურების ღირებულების ნაწილი, კერძოდ, იანვარში _ 519.82 ლარი, თებერვალში _ 472.44 ლარი, ხოლო მარტში _ 439.7 ლარი, რომელთა ჯამიც შეადგენს 1425.96 ლარს. მოსარჩელე, სწორედ ამ თანხის გამოკლებით, მოითხოვდა მოპასუხისაგან 16639.12 ლარის ანაზღაურებას. ამდენად, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გაწეული სატელეფონო მომსახურების ღირებულებიდან (18119.69 ლარი) მოპასუხის მიერ გადახდილია 1425.96 ლარი, შესაბამისად, გადასახდელია 16639.12 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად სწორად არ შეაფასა, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნულის გამო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით შპს «ა. ე-ის» სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხე საქართველოს ... სამინისტრო განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს მას მოგებული მხარის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებისაგან. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს «ა. ე-ს» სარჩელზე გადახდილი აქვს 499.18 ლარი, ხოლო საკასაციო საჩივარზე – 760.66 ლარი, სულ 1259.84 ლარი. აქედან გამომდინარე, საქართველოს ... სამინისტროს შპს «ა. ე-ის» სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 1259.84 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს ... სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. შპს «ა. ე-ის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. შპს «ა. ე-ის» სარჩელი დაკმაყოფილდეს;
5. საქართველოს ... სამინისტროს შპს «ა. ე-ის» სასარგებლოდ დაეკისროს 16639.12 ლარის გადახდა;
6. საქართველოს ... სამინისტროს შპს «ა. ე-ის» სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1259.84 ლარის გადახდა.
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.