საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№692აპ-20 ქ. თბილისი
შ-ე რ-ზ, 692აპ-20 25 დეკემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. შ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განაჩენით რ. შ-ე, –– ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით, ხოლო 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და რ. შ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 3 მაისიდან.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. შ-ემ ჩაიდინა: იძულება, ე.ი. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის შესრულება მის უფლებას წარმოადგენს; ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 3 მაისს, საღამოს საათებში, ქ-ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყოფნისას, რ. შ-ემ ტაქსის მძღოლ მ. მ-ეს სთხოვა, წაეყვანა ქ. ბ-ში, რაც მ. მ-ემ შეასრულა და „სუბარუ იმპრეზას“ მარკის ავტომობილით (სახ. №--), რომელსაც თვითონ მართავდა, რ. შ-ე წაიყვანა ბ-ის მიმართულებით. ქ. ბ-ში ჩასვლის შემდეგ რ. შ-ემ მ. მ-ეს მოსთხოვა ბა-ის საერთაშორისო აეროპორტში მიყვანა და ბ-ში, შ. რ-ის ქუჩაზე ყოფნისას, ბ-ის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ავტომანქანით გადაადგილებისას, 00:11 საათზე, კუთვნილი მობილური ტელეფონის (სააბონენტო ნომერი +--) საშუალებით შეტყობინება გააკეთა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112-ში“. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ბ-ის საერთაშორისო აეროპორტის შესასვლელ კარს არ გაუღებდნენ და არ შეუშვებდნენ აეროპორტის ტერიტორიაზე, ააფეთქებდა დანაღმულ, მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, რომლითაც მძღოლთან ერთად გადაადგილდებოდა. აღნიშნულის შემდეგ, მ. მ-ის წინააღმდეგობის მიუხედავად, აფეთქების, სიცოცხლის მოსპობისა და ქონების, კერძოდ, მ. მ-ის ავტომობილის განადგურების მუქარით, მ. მ-ეს უკანონოდ შეუზღუდა ქმედების თავისუფლება და აიძულა, თავისი ნების საწინააღმდეგოდ შეესრულებინა მოქმედება – გადაადგილებულიყო რ. შ-ის მიერ მითითებული მიმართულებით. აღნიშნული ქმედების შედეგად მ. მ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ავტომობილით, რომელსაც თვითონ მართავდა, რ. შ-ე მიიყვანა ქ. ბ-ში, ა-ის გზატკეცილის №--ში, ბ-ის საერთაშორისო აეროპორტთან, სადაც შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ. შ-ე დააკავეს.
· 2019 წლის 3 მაისს, 00:11 საათზე, ქ. ბ-ში, შ. რ-ის ქუჩაზე ყოფნისას, მ. მ-ესთან ერთად, რომელიც მართვდა ავტომანქანას (სახ. №--), ბ-ის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით გადაადგილებისას, რ. შ-ემ კუთვნილი მობილური ტელეფონის (სააბონენტო ნომერი --) საშუალებით გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112-ში“ გააკეთა ცრუ შეტყობინება, რომ, თითქოსდა, ავტომობილი, რომლითაც გადაადგილდებოდა, იყო დანაღმული და იმ შემთხვევაში, თუ ბ-ის საერთაშორისო აეროპორტის შესასვლელ კარს არ გაუღებდნენ და არ შეუშვებდნენ აეროპორტის ტერიტორიაზე, ააფეთქებდა დანაღმულ, მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, რომლითაც მძღოლთან ერთად გადაადგილდებოდა. ანალოგიური შინაარსის შეტყობინებები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112-ში“ რ. შ-ემ გააკეთა 2019 წლის 3 მაისს, 00:21 საათზე, 00:26 საათზე, 00:29 საათსა და 00:32 საათზე, რის შემდეგაც შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იგი დააკავეს. ადგილზე ჩატარებული სპეციალური განაღმვითი სამუშაოებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად არც რ. შ-ეს აღმოაჩნდა და არც დასახელებულ ავტომობილში აღმოჩნდა რაიმე სახის ასაფეთქებელი მოწყობილობა, ფეთქებადი ნივთიერება ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და რ. შ-ის გამართლებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით (დაზარალებულ მ. მ-ის, მოწმეების – კ. ა-ის, ნ. შ-ის, მ. ს-სა და სხვათა ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმით და სხვ.) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა რ. შ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
9. რაც შეეხება სსიპ „112-დან“ გამოთხოვილ კომპაქტდისკს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ მხარეთა (მათ შორის – ბრალდებული რ. შ-ისა და მისი ადვოკატის – დ. კ-ის) მონაწილეობით განიხილა მხარეთა შუამდგომლობები მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე და მითითებული დისკი, როგორც მტკიცებულება, დასაშვებად ცნო. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 31 ივლისის №-- გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სასამართლოს განაჩენი ვერ იქნება მიჩნეული უკანონოდ, თუკი მოსამართლე დაეყრდნო სისხლის საპროცესო კოდექსით დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოყენებაც კანონიერად არის მიჩნეული. ამასთან, ზემოაღნიშნული მტკიცებულება არ ყოფილა ერთადერთი, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის დროს გამოიყენა სასამართლომ.
10. დაცვის უფლებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, როგორც კი ბრალდებული დაექვემდებარა სავალდებულო დაცვას საქართველოს სსსკ-ის 45-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, საგამოძიებო ორგანომ მიმართა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს უფროსს რ. შ-ესათვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის გამოყოფის მოთხოვნით და მას იმავე დღეს გამოეყო ინტერესების დამცველი (ტ. 1-ლი, ს.ფ. 119–121).
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
12. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ერთობლივად აღებული, უტყუარად ადასტურებს რ. შ-ისათვის ბრალად შერაცხულ ქმედებებს.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ. შ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი