საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №704აპ-20 ქ. თბილისი
მ-ე თ-ზ, 704აპ-20 24 დეკემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. მ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 18 მარტის განაჩენით თ. მ-ე, –– ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით, 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და თ. მ-ეს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 28 ივნისიდან.
2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ თ. მ-ემ ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ე.ი. ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება და რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
3. თ. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლიდან მ. ჯ-ი და თ. მ-ე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2019 წლის მაისის ბოლოს მ. ჯ-ი დაშორდა თ. მ-ეს. 2019 წლის 4 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. თ-ში, ვ-ის მე--მასივის მე-- კვარტლის „-“ კორპუსის ბინა №--ში, თ. მ-ემ ურთიერთშელაპარაკების დროს ყოფილ მეუღლეს – მ. ჯ-ს ძლიერად მოჰკიდა თმაში ხელი და ძალის გამოყენებით გაათრია სადარბაზოში, ასევე, ძლიერად მოუჭირა ხელი მარცხენა მკერდის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2017 წლიდან მ. ჯ-ი და თ. მ-ე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ერთად ცხოვრობდნენ სოფელ ბ-ში. 2019 წლის მაისის ბოლოს მ. ჯ-ი დაშორდა თ. მ-ეს და საცხოვრებლად გადავიდა ქ. თ-ში, ------ სადაც 2019 წლის 4 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათზე, მივიდა თ. მ-ე და მ. ჯ-ის მიმართ ჩაიდინა იძულება, კერძოდ, თ. მ-ე მ. ჯ-ს სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულებდა, რომ შერიგებოდა და დაბრუნებულიყო მასთან საცხოვრებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა მოკვლით. ასევე, თ. მ-ე მ. ჯ-ის ახლობლებს უკავშირდებოდა ტელეფონით და ეუბნებოდა, რომ მ. ჯ-ი მას თუ არ შეურიგდებოდა, მოკლავდა.
· 2019 წლის 21 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-- განყოფილებაში, მ. ჯ-ის მოთხოვნის საფუძველზე, მისი ყოფილი მეუღლის – თ. მ-ის მიმართ გამოიცა №-- შემაკავებელი ორდერი ერთი თვის ვადით, რომლის საფუძველზეც თ. მ-ეს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მითითებულ ვადაში მსხვერპლთან – მ. ჯ-თან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა და ასევე, მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მიუხედავად ამისა, თ. მ-ემ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2019 წლის 25 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით არაერთხელ დაამყარა კომუნიკაცია მ. ჯ-თან სატელეფონო ზარისა და სოციალურ ქსელ „ფ-ის“ საშუალებით.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. მსჯავრდებულ თ. მ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. მ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 20 ივლისის განაჩენის გაუქმებასა და თ. მ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ თ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულები არ დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით. საკასაციო პალატის აზრით, საქმეში წარმოდგენილ, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებით, მ. ჯ-ის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, №-- შემაკავებელი ორდერით, სატელეფონო გასაუბრების ოქმებით და სხვ.) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია თ. მ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. გასაჩივრებული განაჩენით დასაბუთებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად დატოვა. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
8. ამდენად, ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. მ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი