საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№707აპ-20 ქ. თბილისი
ც-ე თ-ე, 707აპ-20 30 დეკემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ც-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განაჩენით თ. ც-ე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით, ხოლო 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და თ. ც-ეს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის – 3 წლით თავისუფლების აღკვეთის – მოუხდელი ნაწილიდან – 6 თვე და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 21 მაისიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ც-ემ ჩაიდინა: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის; ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:
· გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა თ. ც-ემ 2019 წლის 19 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. მ-ში, ს-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან, რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ტ. მ-ას ავტობუსიდან მოჰპარა ხელჩანთა, რომელშიც ინახებოდა 30000 რუსული რუბლი, მობილური ტელეფონი, ტ. მ-ას პასპორტები და სხვა პირადი ნივთები, რითაც დაზარალებულს მიადგა სულ – 1543 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
· გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით განზრახი მძიმე დანაშაულისათვის – ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისათვის ნასამართლევი თ. ც-ე 2019 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 14:58 საათზე, ქ. თ-ში, - რ-ის გამზირზე, შ-ის ხიდის მიმდებარედ, ქურთუკის ჯიბით ატარებდა დასაკეც დანას, რომელიც დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ა. ბ-ი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით თ. ც-ისათვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი შეღავათების გამოყენებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით – მსჯავრდებულ თ. ც-ისათვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრისა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების შესახებ – პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული როგორც თითოეული მუხლით, ისე საბოლოო სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას სასამართლოს შეუძლია, გამოიყენოს სასჯელთა შთანთქმის, ნაწილობრივი ან სრულად შეკრების პრინციპები. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით მსჯავრდებულ თ. ც-ეს, საკასაციო პალატის აზრით, განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი. ჩადენილი დანაშაულის გავრცელებული ხასიათის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ასევე დამნაშავის წარსული ცხოვრების მხედველობაში მიღებით, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატ ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ. ც-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი