Facebook Twitter

ას-1388-1224-10 23 ივნისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბ. ალავიძე, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს “ს. რ-ა” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ა-ი” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “ს. რ-ამ” სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ა-ის” მიმართ და მოითხოვა 2006 წლის 13 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტით გამოწვეული ზიანის _ 322951,55 ლარის, პირგასამტეხლოს, ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის _ 306898 ლარისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით: 2006 წლის 13 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹... ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ფოთის სალიანდაგე კვანძის რეკონსტრუქცია. ხელშეკრულებით განისაზღვრა მისი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ფინანსური სანქციის დაკისრების წესი. გარიგების ღირებულება შეადგენდა 1549999 ლარს და უნდა შესრულებულიყო მისი დადებიდან 230 დღეში.

მხარეთა შეთანხმების შესრულების მიზნით მოსარჩელემ მოპასუხეს სხვადასხვა დროს გადაურიცხა 990305 ლარი, თუმცა შპს “ა-მა” ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა. 2007 წლის 16 აპრილს აღნიშნულის გამო მოსარჩელემ წერილით მიმართა მოპასუხეს ხელშეკრულების შეწყვეტისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: ხელშეკრულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა, გარკვეულწილად განაპირობა მოსარჩელის მოქმედებამ, რომელმაც დროულად არ გაათავისუფლა ლიანდაგები მოძრავი შემადგენლობისაგან, სადაც უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და არ მიაწოდა მენარდეს პროექტით გათვალისწინებული სამუშაო მასალა.

მოსარჩელემ ხელშეკრულება 2007 წლის 16 აპრილს, ანუ ისეთ დროს შეწყვიტა, როდესაც 2006 წლის 13 თებერვლის ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოწურული იყო.

დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ სადავოა მისი ოდენობა, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 7.4 მუხლი უშვებს ზიანის ანაზღაურებას ზღვრულ ოდენობამდე. კერძოდ, შეუსრულებელი ვალდებულების 5%-ის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “ს. რ-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “ა-ს” შპს “ს. რ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო _ 12399,92 ლარი, ხოლო დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ივნისის განჩინებით შპს “ს. რ-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: 2006 წლის 13 თებერვალს შპს “ს. რ-ას” და შპს “ა-ს” შორის დაიდო ¹... ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის საგანი იყო ფოთის კვანძის რეკონსტრუქცია. ხელშეკრულების ღირებულება, დღგ-ს ჩათვლით, შეადგენდა 1 549 999 ლარს. ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან 230 დღეში, ანუ 2006 წლის 3 ოქტომბრამდე.

ხელშეკრულების საერთო პირობების 18.1 მუხლით, თუ მხარეები ხელშეკრულების შესრულების პროცესში წააწყდებოდნენ რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდებოდა ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობებინა წერილობით მეორე მხარისათვის შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებ მხარეს რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა ეცნობებინა მეორე მხარისათვის თავისი გადაწყვეტილება მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.

იმ ადგილას, სადაც მოპასუხეს უნდა მოეწყო მიწის ვაკისი და დაეგო რელსები იდგა შპს “ს. რ-ის” ვაგონები და, შესაბამისად, ლიანდაგები არ იყო გათავისუფლებული მოძრავი შემადგენლობისაგან. სწორედ ამიტომ, 2006 წლის 17 მარტს, მოპასუხემ წერილობით აცნობა მოსარჩელეს მოძრავი შემადგენლობისაგან ლიანდაგების გათავისუფლების თაობაზე, რათა სამუშაოები შესრულებულიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში.

რ-ის სადგურ ფოთის დირექტორ რ. კ-ვას მიერ ხელმოწერილი ცნობით დადასტურდა, რომ შპს “ა-ის” ზემოთ ხსენებული მოთხოვნა 2006 წლის 20 აპრილს შესრულდა.

2006 წლის 20 მარტის წერილით შპს “ა-ის” დირექტორმა ლ.მ-ძემ შპს “ს. რ-ას” მოსთხოვა 325 ტონა ძველვარგისი რ-65 ტიპის რელსის გადაცემა, ვინაიდან, მისი განცხადებით, პროექტით გათვალისწინებული აღნიშნული რელსები საქართველოში შპს “ს. რ-ის” გარდა სხვა ორგანიზაციას არ გააჩნდა, ხოლო მისი სხვა ქვეყნიდან შემოტანა პროექტის გაძვირებას გამოიწვევდა.

2006 წლის 11 ოქტომბერს შპს “ა-მა” წერილობით აცნობა შპს “ს. რ-ას”, რომ, ამ უკანასკნელის მხრიდან სამშენებლო მოედნის ვაგონებისაგან დაგვიანებით (2006 წლის აპრილის ბოლოს) გათავისუფლების გამო, სამუშაოთა წარმოება სრულად მოპასუხემაც სამი თვის დაგვიანებით _ აპრილის ბოლოს დაიწყო, რის გამოც მოსარჩელისაგან ითხოვა ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა და, შესაბამისად, სამუშაოების შესრულების ვადის წლის ბოლომდე გადაწევა. მოპასუხის აღნიშნულ მოთხოვნაზე შპს “ს. რ-ას” საკუთარი მოსაზრება არ გამოუთქვამს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ 2006 წლის 13 თებერვლის ხელშეკრულება შეწყდა (მისი მოქმედების ვადა დასრულდა) 2006 წლის 3 ოქტომბერს. ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების მიზნით, შპს “ს. რ-ამ” შპს “ა-ს” სხვადასხვა დროს გადაურიცხა 990 305 ლარი.

2007 წლის 16 აპრილს შპს “ს. რ-ამ” წერილობით აცნობა შპს “ა-ს”, რომ ამ უკანასკნელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, წყვეტდა ხელშეკრულებას.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დადასტურებულად ვერ იქნება მიჩნეული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს “ა-ს” შეეძლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროულად შესრულება შპს “ს. რ-ის” მიერ ლიანდაგების გამოთავისუფლების გარეშე, აპელანტის მიერ სათანადო მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო.

სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილისა და 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, მართალია, შპს “ს. რ-ის” მიერ შპს “ა-ისათვის” ძველვარგისი ლიანდაგების მიყიდვის ვალდებულება არ გამომდინარეობდა მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებიდან, მაგრამ აღნიშნული ვალდებულების წარმოშობის საფუძველია კეთილსინდისიერების პრინციპი, რომელიც გამომდინარეობს კოდექსის ზოგადი ნორმებიდან და თავის თავში მოიცავს თითოეული მხარის მოვალეობას, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ერთმანეთს ვალდებულების შესრულებაში.

ამდენად, სასამართლომ შპს “ს. რ-ის” მიერ ძველვარგისი რელსების მიუწოდებლობა მიჩნეულ უნდა იქნეს კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევად, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ მას გააჩნდა რელსების შპს “ა-ისათვის” მიყიდვის შესაძლებლობა, მაგრამ მან აღნიშნული მოქმედება არ განახორციელა და რელსები მიჰყიდა სხვა შემსრულებელს _ ბროწეულას მექანიზირებულ ბაზას.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლით და მიიჩნია, რომ შპს “ა-ის” მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროულად შეუსრულებლობა გამოწვეული იყო შპს “ს. რ-ის” მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობით, კერძოდ, კი მის მიერ ლიანდაგების გამოთავისუფლება მოხდა შპს “ა-ის” შეტყობინებიდან 1 თვისა და 3 დღის შემდეგ, რამაც დააყოვნა სამუშაოს დაწყება. ასევე, შპს “ს. რ-ამ” არ მიჰყიდა შპს “ა-ს” ძველვარგისი ლიანდაგები, რაც ხელს შეუწყობდა ვალდებულების დროულად შესრულებას.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ შპს “ა-ს” არ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო. 2006 წლის 13 თებერვლის ხელშეკრულების 7.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში მხარეებს ეკისრებათ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით. ამდენად, უსაფუძვლოა აპელანტის მოთხოვნა შპს “ა-ისთვის” 198 დღეზე პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.

სასამართლომ არ გაიზაირა აპელანტის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებითაც, ვინაიდან შპს “ა-ის” მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 935 344 ლარს, ხოლო შპს “ს. რ-ამ” მოწინააღმდეგე მხარეს გადასცა თანხა 990 305 ლარის ოდენობით. ასევე დადგინდა, რომ შპს “ა-მა” შპს “ს. რ-ას” 106 260 ლარი დაუბრუნა, შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ შესრულებული სამუშაოსა და გადაცემული თანხის სხვაობით გამოწვეული ზიანი უკვე ანაზღაურებულიყო შპს “ა-ის” მიერ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს “ს. რ-ამ” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მხარეთა შეთანხმების 18.1 პუნქტიდან გამომდინარე, სწორედ შპს “ა-ს” უნდა გამოეჩინა წინდახედულოება ხელშეკრულების შესრულების შეფერხების თავიდან ასაცილებლად და დროულად ეცნობებინა კასატორისათვის შესაბამისი პრობლემის შესახებ. აღნიშნულის ნაცვლად მოპასუხემ ლიანდაგის მოძრავი შემადგენლობისაგან გათავისუფლების თაობაზე მოსარჩელეს წერილით 2006 წლის 17 მარტს _ ვალდებულების შესრულების ვადის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ აცნობა. მართალია, საქმეში წარმოადგენილია მტკიცებულება, რომ საბოლოოდ ლიანდაგი რ-ამ 2006 წლის 20 აპრილს გაათავისუფლა, მაგრამ აღნიშნული არ შეიძლება ცალსახად შეფასდეს მოწინააღმდეგე მხარის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის ბრალის გარეშე გადაცილებად.

იმ შემთხვევაში თუ საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ს. რ-ამ“ ლიანდაგი დაგვიანებით გაათავისუფლა, რამაც საბოლოოდ ასახვა ჰპოვა შპს “ა-ის” მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებაში, მაშინ უნდა შეფასდეს მოწინააღმდეგე მხარის 2006 წლის 11 ოქტომბრის წერილიც, რომლის მიხედვით იგი ითხოვდა სამუშაოების შესრულების ვადის გადავადებას 2006 წლის ბოლომდე. ამრიგად, კასატორს დაუყოვნებლივაც რომ მოეხდინა რეაგირება მოწინააღმდეგე მხარის 2006 წლის 17 მარტის წერილზე, შპს „ა-ი“ მაინც ვერ ჩაეტეოდა ვალდებულების შესრულების სახელშეკრულებო ვადაში. შესაბამისად, შპს „ს. რ-ა“ სრულიად კანონიერად ითხოვდა სადავო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას 294498,08 ლარის ოდენობით.

სასამართლოს აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, 402-ე და 417-ე მუხლები, რაც უკანონოდ არ განხორციელდა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, შპს „ს. რ-ა“ ვადაგადაცილებისათვის დაკისრებულ პირგასამტეხლოსთან ერთად ასევე ითხოვდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს შეუსრულებელი ვალდებულების 5%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 35 701 ლარს. დადგენილია, რომ შპს „ა-მა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ჯეროვნად არ შეასრულა, ამდენად, არსებობდა აღნიშნული პირგასამტეხლოს გამოყენების უდავო საფუძველი.

სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ შპს „ს. რ-ამ“ რელსები მიჰყიდა სხვა შემსრულებელს – ბროწეულის მექანიზირებულ ბაზას. ეს უკანასკნელი არის არა მესამე პირი, არამედ რკინიგზის სამახური და, შესაბამისად, შპს „ა-ის“ მიერ შეუსრულებელი სამუშაოების დასრულება რკინიგზამ თავადვე საკუთარი ძალებით უზრუნველყო.

კასატორს სრულად ჰქონდა დასაბუთებული ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი, რასაც შპს „ა-ის” მიერ დაბრუნებული 106 260 ლარი იმთავითვე გამოაკლდა. სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 412-ე და 419-ე მუხლები და უკანონოდ არ გაიზიარა შპს „ს. რ-ის“ მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი და 369-ე მუხლი, როდესაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა მენარდისათვის ძველვარგისი რელსების მიუწოდებლობაზე. მოსარჩელემ თავად ვერ უზრუნველყო ვალდებულების შესრულებისათვის საჭირო პირობების შექმნა. ხელშეკრულების საგანი მისთვის იმთავითვე ცნობილი იყო და შემსყიდველისათვის ოფერტის გაკეთებისას უნდა შეეთავაზებინა ძველვარგისი რელსების მისგან მიწოდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ შპს “ს. რ-ის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ერთ-ერთ არგუმენტად მიუთითა ის გარემოება, რომ შპს ,,ს. რ-ამ“ ვერ შესძლო დაედასტურებინა ის ფაქტი, რომ შპს ,,ა-ს’’ შეეძლო სამუშაოების შესრულება ,,ს. რ-ის” მიერ ლიანდაგების გამოთავისუფლების გარეშე. კასატორი თვლის, რომ ხელშეკრულების საერთო პირობების მე-18.1 პუნქტისYთანახმად, მხარეებს ევალებოდათ ერთმანეთისათვის ეცნობებინათ ხელშეკრულების შესრულების ხელშემშლელ გარემოებებთან დაკავშირებით. აღნიშნული პუნქტის თანახმად, კასატორი თვლის, რომ შპს ,,ა-ი’’ ვალდებული იყო, ეცნობებინა შპს ,,ს. რ-ისათვის’’ სამუშაოების დაწყების შეუძლებლობის თაობაზე. აღნიშნულის თაობაზე კასატორი უთითებდა სააპელაციო საჩივარშიც, სადაც აღნიშნავდა, რომ შპს ,,ა-ს’’ გარდა ახალი ლიანდაგის დაგებისა ევალებოდა ,,ე...-ს’’ შენობის აგება, რასაც ლიანდაგების აყრა არ ჭირდებოდა და მოპასუხეს შეეძლო შეესრულებინა ეს სამუშაოები ლიანდაგის აყრის გარეშეც.

სააპელაციო სასამართლომ ისე გაიზიარა პირველი ინსტანციის მოსაზრება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო საჩივრის ამ პრეტენზიის თაობაზე საერთოდ არ უმსჯელია. აღნიშნულთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი თვალსაზრისით შემოწმებული არ არის.

ანალოგიური უნდა ითქვას სააპელაციო საჩივრის სხვა არგუმენტებთან მიმართებაშიც, იქნება ეს ხელშეკრულების შეწყვეტის დროსთან და ვადაგადაცილების გამო პირგასამტეხლოსთან მიმართებაში თუ ძველვარგის ძელებთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს “ს. რ-ის’’ მიერ ძველვარგისი ძელების მიუწოდებლობა უნდა შეფასდეს, როგორც კეთილსინდისერების პრინციპის დარღვევა. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. ამდენად, სახელშეკრულებო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობისას მხარეთა მოვალეობები მოქცეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოქმედებათა ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ შპს “ა-ისათვის” სადავო ძველვარგისი რელსების მიწოდების ვალდებულება შპს “ს. რ-ას” არ უკისრია. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი შეიცავს მითითებას კეთილსინდისიერებასთან მიმართებაში. აღნიშნული ნორმის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები ანუ კეთილსინდისიერება უკავშირდება პირისათვის დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და არა იმის შესრულებას, რაც მას არც ხელშეკრულებით და არც სხვა სახით (ასეთი რამ საქმის მასალებით არ დასტურდება) მხარის მიმართ არ უკისრია. ხოლო ბროწეულას მექანიზებული ბაზა, კასატორის განმარტებით, წარმოადგენს რ-ის სამსახურს და შეუძლბელია მისი მიჩნევა სხვა შემსრულებლად. იმ შემთხვევაში, თუ რელსები თვით მოსარჩელეს ესაჭიროებოდა, შეუძლებელია იგი მიეცა სხვისთვის, მითუმეტეს თუ ამისი ვალდებულება მას არც კანონით და არც გარიგების საფუძველზე არავის წინაშე არ გააჩნდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ისე მოიშველია აღნიშნული გარემოება შპს ,,ს. რ-ის’’ არაკეთილსინდისიერების დამადასტურებელ გარემოებად, რომ ამ ფაქტის ნამდვილობა არ გადაუმოწმებია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებანი შპს ,,ს. რ-ის’’ არაკეთილსინდისიერებისა და მხოლოდ მისი ბრალით შპს ,,ა-ის’’ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე გასაზიარებელი არ არის.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა იქნეს განხილული. საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო საჩივრის პრეტენზიების გათვალისწინებით უნდა დადგინდეს მხარეთა ბრალი ხელშეკრულების შეუსრულებლობაში და, შესაბამისად, განისაზღვროს შეუსრულებელ სამუშაოთა და მიყენებული ზიანისა ოდენობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ს. რ-ის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.