გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-1260-835-კ-05 29 მარტი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ჯ-მა 23.04.04წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ-საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის წინააღმდეგ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1976 წლიდან მუშაობდა ტელერადიომაუწყებლობაში ...... საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყელობის თავმჯდომარის 29.03.04წ. ¹138/კ ბრძანებით 2004წ. 1 აპრილიდან განთავისუფლებულ იქნა სამსახურიდან. აღნიშნული ბრძანების გამოცემით დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე და 37-ე მუხლების მოთხოვნები. მოსარჩელის განცხადებით, მას სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება ჰქონდა, რადგან იგი არის კვალიფიციური მუშაკი, აქვს შრომის მრავალწლიანი სტაჟი და არის მარტოხელა, არ ჰყავს დამხმარე, არ არის საპენსიო ასაკს მიღწეული. სამუშაოზე დარჩნენ ისეთი თანამშრომლები, რომლებთან შედარებითაც მოსარჩელეს გააჩნდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება, განთავისუფლება შეთანხმებული არ ყოფილა პროფკავშირთან, რომლის წევრიც მოსარჩელე წლების მანძილზე იყო.
მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის თავმჯდომარის 29.03.04წ. ¹138-კ ბრძანების ბათილად ცნობა და განთავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 11.11.04წ. გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 30 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ჯ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს 24.05.05წ. გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ მისი განთავისუფლებისას ადმინისტრაციის მიერ დარღვეული იქნა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე და 37-ე მუხლების მოთხოვნები, ვინაიდან შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების გამოყენებას არეგულირებს მუშაკთა რიცხოვნების ან შტატების შემცირებისას, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლს, აღნიშნული ნორმის თანახმად, დაუშვებელია პროფკავშირის თანხმობის გარეშე ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების მოშლა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, ვინაიდან მოსარჩელე სამუშაოდან დათხოვნილია არა შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის საფუძველზე, არამედ 30.1 მუხლის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) დაწესებული ვადის გასვლის გამო ხელშეკრულების შეწყვეტას.
სააპელაციო პალატამ უკანონოდ მიიჩნია მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრება. სასამართლომ აღნიშნა, რომ «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «ა» ქვეპუნქტის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლისა და შრომით კანონთა კოდექსის 205-ე მუხლის საფუძველზე შრომით დავებზე მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც გადაწყვეტილება ამ ნაწილში გაუქმდა, მ. ჯ-ი განთავისუფლებული იქნა სახელმწიფოს სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჯ-მა. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებანი, კერძოდ, ის ფაქტი, რომ იგი სამსახურში 2002წ. ექვსთვიანი ხელშეკრულების საფუძველზე მიიღეს სამსახურში, რომელიც შემდეგ უვადოდ იქნა გაგრძელებული. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კასატორი თვლის, რომ მისი განთავისუფლება დაწესებულების მიმდინარე რეორგანიზაციას უკავშირდება, რის გამო შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე მისი გათავისუფლება არასწორია. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ კასატორი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო პროფკავშირების წევრი, სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე და მისი ეს მოთხოვნა გაურკვეველი დატოვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
კასატორს და მოპასუხეს შორის 27.02.04წ. გაფორმდა ¹350 შრომის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მ. ჯ-ი სსიპ «საქარტველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობაში» .... თანამდებობაზე დაინიშნა განსაზღვრული ვადით _ 2004წ. 1-ლი მარტიდან 1-ელ აპრილამდე. ხელშეკრულების მე-11 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება გაგრძელდებოდა განუსაზღვრელი ვადით, თუ ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულების მონაწილე არც ერთი მხარე მის შეწყვეტას არ მოითხოვდა. განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის გამო დაწესებულების ადმინისტრაციამ 29.03.04წ. ¹138-კ ბრძანებით შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა. შრომის კანონთა კოდექსის 31-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, შრომის ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სამსახურიდან მისი განთავისუფლება პროფესიული კავშირის თანხმობას საჭიროებდა. შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, იმ საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, სადაც არსებობს პროფკავშირი, დაუშვებელია ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების მოშლა პროფკავშირის თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის ხელშეკრულების მოშლა ნიშნავს კონტრაქტით განსაზღვრულ ვადაზე ადრე მუშაკის სამსახურიდან განთავისუფლებას. განსახილველ შემთხვევაში კასატორი სამსახურიდან განთავისუფლდა შრომის კანონთა კოდექსის 31-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნული საფუძვლით მუშაკის განთავისუფლებისას კანონი პროფკავშირების თანხმობას არ ითვალისწინებს. ხელშეკრულების ვადის გასვლა წარმოადგენს მისი შეწყვეტის დამოუკიდებელ საფუძველს და არა ადმინისტრაციის ინიციატივით დათხოვნას. ამდენად, ვადის ამოწურვის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არ საჭიროებს პროფკავშირების თანხმობას.
უსაფუძლოა კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი განთავისუფლება უკავშირდება «სსიპ საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობაში რეორგანიზაციის განხორციელების შესახებ» დაწესებულების ხელმძღვანელის 23.03.04წ. ბრძანების გამოცემას. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მ. ჯაშის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ სსიპ საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის თავმჯდომარის 29.03.04წ. ¹138-კ ბრძანება გამოცემულია 27.02.04წ. ¹350 შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე, რომლის თანახმად, მ. ჯ-ი თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით (ერთი თვით) დაინიშნა. კასატორმა გამოავლინა ნება და 27.02.04წ. დადო ადმინისტრაციასთან ახალი ხელშეკრულება, შესაბამისად, იგი ვერ იქნება მიჩნეული მანამდე დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებული შრომითი ხელშეკრულების მხარედ. ამასთან, საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას აღნიშნული ხელშეკრულების კანონიერებაზე, მისი გაფორმების დროს დაშვებულ კანონდარღვევებზე, ვინაიდან კასატორს იგი კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას არ აქვს იურიდიული მნიშვნელობა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა გამო ადმინისტრაცია უარს აცხადებს ხელშეკრულების გაგრძელებაზე. მოცემული საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტისას ვერ იქნება გათვალისწინებული‚ აგრეთვე‚ ადმინისტრაციის ინიციატივით დათხოვნის წინააღმდეგ მიმართული სპეციალური დამატებითი გარანტიები, შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი განსაზღვრავს სამუშაოზე დარჩენის უპირატეს უფლებას და მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირება, რასაც კასატორთან მიმართებაში ადგილი არ მომხდარა. A
საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო პალატამ იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ მისი მოთხოვნა გაურკვეველი დატოვა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის კანონთა კოდექსი იძულებით განაცდური შრომის ანაზღაურებას უკანონოდ განთავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენას უკავშირებს. განსახილველ შემთხვევაში მ. ჯაშის სამსახურიდან განთავისუფლება სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია, რის თანმდევ შედეგსაც იძულებით განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმა წარმოადგენს.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისადაა მიღებული და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევას ადგილი არა აქვს, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 408-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 24.05.05წ. გადაწყვეტილება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება