Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №717აპ-20 ქ. თბილისი

გ-ი ვ-რ, 717აპ-20 24 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 16 იანვრის განაჩენით ვ. გ-ი, – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სასჯელის დაუნიშნავად; ვ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 8 მარტისა და 2019 წლის 2 ივლისის ეპიზოდები) და თითოეული ეპიზოდისათვის განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე 2019 წლის 2 ივლისის ეპიზოდისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და ვ. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი, რომლის მოხდისაგან მთლიანად გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 2 ივლისიდან 2019 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით.

ვ. გ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 10 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი სხვა უფლებები.

2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. გ-მა ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო მოყვანა დიდი ოდენობით; ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2 ეპიზოდი).

3. ვ. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის 8 მარტს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. თ-ში, ჩ-ის ქ. №- მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ. გ-მა თანნაქონი ხელჯოხი განზრახ ძლიერად დაარტყა თავში მასთან სტუმრად მყოფ მ.ი დ-ეს. აღნიშნულის შედეგად ვ. გ-მა მ. დ-ეს მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები თხემ-კეფის მიდამოში, მარჯვნივ, ასევე – ქვედა ტუჩის არეში, რასაც ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია, თუმცა გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.

· 2019 წლის 2 ივლისს, დილის საათებში, ქ. თ-ში, ჩ-ის ქ. №--ში, ალკოჰოლით მთვრალმა ვ. გ-მა მასთან სტუმრად მყოფ მ. დ-ეს ურთიერთშელაპარაკებისას განზრახ თავში ჩაარტყა სკამი და სცემა მუშტებით. ვ. გ-ის მიერ ჩადენილმა ძალადობამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

· ვ. გ-მა დროებითი საცხოვრებელი სახლის (მდებარე თ-ში, ჩ-ის ქ. №--ში) ეზოში უკანონოდ მოიყვანა სამი ძირი ნარკოტიკული საშუალება – მცენარე კანაფი, საერთო წონით – 433,68 გრამი, რაც ზემოთ მითითებულ ადგილზე 2019 წლის 2 ივლისს აღმოაჩინეს საპატრულო პოლიციის მუშაკებმა.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განაჩენით შეიცვალა: ვ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 8 მარტისა და 2019 წლის 2 ივლისის ეპიზოდები) – ჯარიმა 3000-3000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ვ. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2019 წლის 2 ივლისიდან 2019 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით. ვ. გ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 10 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი სხვა უფლებები.

5. მსჯავრდებული ვ. გ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. მ-ი საკასაციო საჩივრებით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 ივლისის განაჩენის გაუქმებასა და ვ. გ-ის უდანაშაულოდ ცნობას.

6. თბილისის პროკურატურის პროკურორი ნანა ჯაყელი შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის, როგორც კანონიერის, დასაბუთებულისა და სამართლიანის, უცვლელად დატოვებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრების მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა ვ. გ-ის დამნაშავედ ცნობისათვის გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხულ დანაშაულთა ჩადენაში. საკასაციო პალატის აზრით, საქმეში წარმოდგენილ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნები, ამოღების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და ა.შ.) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ვ. გ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2 ეპიზოდი) და 165-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. კასატორთა მიერ საჩივრებში მითითებული გარემოებები ვერ გახდება მათი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველი. გასაჩივრებული განაჩენით დასაბუთებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ ვ. გ-ის ქმედებები დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 165-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი), რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

9. ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ „საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ ( Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014;

Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

10. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი