Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№720აპ-20 ქ. თბილისი

თ-ე მ-ლ, 720აპ-20 22 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. თ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის განაჩენით მ. თ-ე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 4 სექტემბრიდან.

2. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მ. თ-ემ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2015 წლის ივლისში მ. თ-ე, როგორც შპს „რ-ის“ მეპატრონე, ქ. ბო-ში შეხვდა შპს „ბ-ის ვ-ის“ მეპატრონე ა. ბ-ს, რომელსაც ბინათმშენებლობისათვის დაჰპირდა სამშენებლო მასალა-არმატურით მომარაგებას ხელსაყრელი ფასით. შეთანხმებისამებრ, იმავე წლის 18 ივლისს მ. თ-ემ დაბა ბ-ში ა. ბ-ს მიუტანა ათი ტონა სამშენებლო მასალა. მ. თ-ემ თაღლითურად მოიპოვა ა. ბ-ის ნდობა და 2015 წლის 21 ივლისს 50 ტონა სამშენებლო მასალა – არმატურის მიტანის მიზნით, მას მოტყუებით გადაარიცხვინა თავის ანგარიშზე 60446.25 ლარი – დიდი ოდენობით თანხა, რომელსაც დაეუფლა და მიიმალა.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. თ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. შ-ემ. მან ითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მ. თ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორი კახაბერ ლეკიშვილი შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს ადვოკატ ბ. შ-ის საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №134აპ-16).

8. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მ. თ-ის უდანაშაულობის შესახებ მისთვის წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით უტყუარად დასტურდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის შემადგენლობის როგორც ობიექტური, ისე – სუბიექტური ნიშნების არსებობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მტკიცებულებებით, რომლებიც ბრალდებას დაედო საფუძვლად (მათ შორის: მოწმეების – ა. ბ-ის, პ. ც-ის, ა. ლ-ის ჩვენებებით, ფ. ჩ-ის გამოკითხვის ოქმით, სასაქონლო ზედნადებებით, სს „ს-ოს ბ-ის“ 2015 წლის 16 ოქტომბრის №- წერილით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 16 ოქტომბრის №- წერილითა და სხვა მტკიცებულებებით), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ მ. თ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მ. თ-ის ქმედება გასცდა სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებს.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. თ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი