Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№725აპ-20 ქ. თბილისი

ფ-ე ს-ო, 725აპ.-20 22 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილის – გიორგი აღლემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის განაჩენით ს. ფ-ე, –– ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღჯკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით ს. ფ-ეს განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.

2. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ფ-ემ ჩაიდინა: ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე. აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის 24 ოქტომბერს ს. ფ-ემ ქ. ბ-ში, ა-ის დასახლებაში, ერთ-ერთ ძველ, მიტოვებულ შენობაში, რეგისტრაციის წესების დაუცველად, უკანონოდ დაამონტაჟა ე.წ. ლენტური ხერხი, რომლითაც ამუშავებდა ასევე უკანონოდ გაჩეხილი ხე-ტყის მრგვალ მორებს.

· ს. ფ-ემ 2019 წლის 25 ოქტომბერს ბ-ის რაიონის დაბა წ-ის სატყეოს ე.წ ,,თ-ის“ ტყის ბუდეში უკანონოდ გაჩეხა 9.62 კუბური მეტრი ნაძვის ჯიშის ხე-ბუჩქნარი, რითაც გარემოს მიადგა 1058 ლარისა და 20 თეთრის მნიშვნელოვანი ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან სასჯელის სახე და ზომა არ შეესაბამება ქმედების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, აგრეთვე იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, კერძოდ: სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. კასატორის პოზიციით, სასამართლოებმა სასჯელის დანიშვნისას ასევე არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულს არ აუნაზღაურებია ზიანი.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ს. ფ-ისთვის სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე – მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და სიმძიმეს. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა ბრალად შერაცხული ქმედების სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში შერჩეული სასჯელის მიზანშეწონილობაზე (სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ს. ფ-ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები).

9. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ს. ფ-ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ახალციხის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილის -გიორგი აღლემაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი