Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №726აპ-20 ქ. თბილისი

თ-ე ი-ი, 726აპ-20 29 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. თ-ეს, – - ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება, ე.ი. ძალადობით პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სასქესო ორგანოს გამოყენებით) და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. ბ-ში, ზ. გ-ის ქ. №--ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე, ბინა №--ში ყოფნისას ი. თ-ემ ხელის კვრით დააგდო საწოლზე ტ. ა-ა, რის შემდეგაც ძალადობით, კერძოდ, ხელებსა და ფეხებზე ხელებისა და ფეხების ძლიერად მოჭერითა და თავის არეში ხელის რამდენჯერმე ძლიერად დარტყმით დასძლია მისი წინააღმდეგობა და დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ ჩაიდინა მის სხეულში – საშოში სექსუალური ხასიათის შეღწევა თავისი სასქესო ორგანოს გამოყენებით.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენით ი. თ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; ი. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 8 ივნისიდან.

4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. კასატორი – ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი თორნიკე გოგეშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანას, ი. თ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელების განსაზღვრას.

6. მსჯავრდებული ი. თ-ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. კ-ე შესაგებლით ითხოვენ პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ ი. თ-ის საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, კერძოდ, განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტები და შეკრებილი მტკიცებულებები არ იძლევა მსჯავრდებულ ი. თ-ის ქმედების გაუპატიურებად მიჩნევის შესაძლებლობას.

10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება (დაზარალებულის გამოქვეყნებული ჩვენება), რომელიც ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის მაღალ სტანდარტს, არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რომლებიც უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი, ადასტურებდეს რაიმე ფაქტს ან გარემოებას და დაარწმუნოს ნეიტრალური, ობიექტური პირი, რომ სწორედ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №561აპ-15). საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი. თ-ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული – ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

11. რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული, მისი პიროვნული მახასიათებლები, ყოფაქცევა ქმედების ჩადენის შემდეგ, დანაშაულის აღიარება და ა.შ. და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის, ასევე საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ი. თ-ეს განუსაზღვრა ქმედების თანაზომიერი სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმება საკასაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი