Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№735აპ-18 ქ. თბილისი

გ-ი მ-ზ, 735აპ-18 25 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განაჩენით მ. გ-ი, – - – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ-ის 59-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე დაემატა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 3525 ლარი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – ჯარიმა 3525 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 2 თებერვლიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა წინა განაჩენით პატიმრობაში ყოფნის დრო – 2015 წლის 15 დეკემბრიდან იმავე წლის 17 დეკემბრის ჩათვლით.

2. განაჩენით დადგენილად არის მიჩნეული, რომ მ. გ-მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევი მ. გ-ი 2018 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. მ-ში, ს-ოს ქ. №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულ გ. ხ-ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მითითებული ქმედებით დაზარალებულს მიადგა 85 ლარის მატერიალური ზიანი.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით შეიცვალა: მ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განესაზღვრა ჯარიმა – 7000 ლარი, რასაც საქართველოს სსკ-ის 59-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე დაემატა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 3525 ლარი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 7000 ლარი, ასევე – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 3525 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2015 წლის 15 დეკემბრიდან იმავე წლის 17 დეკემბრის ჩათვლით, ასევე – 2018 წლის 2 თებერვლიდან იმავე წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მ. გ-ის შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა(რაც მოხდილი აქვს), ასევე, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3525 ლარი. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ც-ემ. მან ითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მ. გ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ჯემალ ნათელაშვილი შესაგებლით ითხოვს ადვოკატ ნ. ც-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №7აპ-13, №125აპ-09).

8. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მ. გ-ის უდანაშაულობის შესახებ მისთვის წარდგენილ ბრალდებებში, რადგან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით უტყუარად დასტურდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის შემადგენლობის როგორც ობიექტური, ისე – სუბიექტური ნიშნების არსებობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მტკიცებულებებით, რომლებიც ბრალდებას დაედო საფუძვლად (მათ შორის: მოწმეების – თ. ი-ის, ნ. ხ-ის, ლ. ჭ-სა და სხვათა ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღების ოქმით, ნივთის ამოცნობის ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის განაჩენითა და სხვა მტკიცებულებებით), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ მ. გ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი