ბს-1261-1066-კ-04 19 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან პრივატიზებული ფართის გამოთხოვა და ფართის გამოთავისუფლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 17 აპრილს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ჩხოროწყუს რაიგანყოფილებამ ჩაატარა აუქციონი ..... მდებარე 24-ბინიანი საცხოვრებელი სახლის არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების შესახებ, სადაც გაიმარჯვა რ. ლ-ამ, რომელმაც 1280 აშშ დოლარად შეიძინა საპრივატიზებო 200 კვ.მ. შესაბამისად, მხარეებს შორის დაიდო არასაცხოვრებელი 200 კვ.მ პრივატიზების შესახებ ხელშეკრულება და 2001წ. 13 აგვისტოს რ. ლ-აზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹546. რ. ლ-ას მიერ პრივატიზებულ ფართში განთავსებული იყო საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატი, რომელსაც უკანონოდ ჰქონდა დაკავებული ფართი და ჩხოროწყუს რაიონის პროკურორმა 1995წ. 25 მაისს მიიღო დადგენილება ..... საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატის ადმინისტრაციული წესით გამოსახლების შესახებ, რაც არ აღსრულდა.
2002წ. 17 ოქტომბერს რ. ლ-ამ სარჩელი აღძრა ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოში ქონების მართვის სამინისტროს ჩხოროწყუს რაიონული განყოფილების მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა პრივატიზებული ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება:
მოსარჩელის მითითებით, მან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აუქციონის წესით მოახდინა ჩხოროწყუში, ..... ე.წ. 24-ბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებული არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზება, მასზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, მაგრამ პრივატიზებული ფართი დაკავებული აღმოჩნდა საყოფაცხოვრებო კომბინატის მუშაკების მიერ, რომლებმაც უარი განაცხადეს მასთან თანამშრომლობაზე. ვინაიდან მოსარჩელე ვერ სარგებლობდა შესყიდული ფართით, მოითხოვა მიყენებული მატერიალური ზიანის _ 4575,80 ლარის და მორალური ზიანის _ 1000 ლარის ანაზღაურება, უკანონო მფლობელობიდან პრივატიზებული ფართის გამოთხოვა და ფართში უკანონოდ მყოფი ფიზიკური პირების გამოყვანის მოპასუხისათვის დაკისრება.
ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 აპრილის გადაწყვეტილებით, რ. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ჩხოროწყუს განყოფილებას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის _ 4825 ლარის გადახდა, მორალური ზიანის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა. საყოფაცხოვრებო მომსახურების მუშაკები: გ. ჯ-ე, თ. ჯ-ე, დ. ს-ა და სხვები გამოსახლებული იქნენ რ. ლ-ას საკუთრებაში მყოფი ფართიდან.
ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 4825 ლარის დაკისრების შესახებ არ გაუსაჩივრებია მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ჩხოროწყუს განყოფილებას და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. გადაწყვეტილება გამოსახლების ნაწილში გასაჩივრდა საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატის მუშაკების მიერ, რომლებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ივლისის განჩინებით მ. ჯ-ის და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება:
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დადგენილად ცნო, რომ ჩხოროწყუში, ... ე.წ. 25-ბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებული არასაცხოვრებელი ფართი პრივატიზების წესით შეისყიდა რ. ლ-ამ, გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და პრივატიზებული ფართი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა რ. ლ-ას საკუთრებად. რ. ლ-ამ რაიონულ სასამართლოში აღძრული სარჩელით მოითხოვა მის მიერ პრივატიზებული ფართიდან ფიზიკური პირების (აპელანტების) გამოსახლება და მოპასუხედ დაასახელა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ჩხოროწყუს განყოფილება. სსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე, 2004წ. 26 ივლისის მთავარ სხდომაზე, მოსარჩელე რ. ლ-ას თანხმობით არასათანადო მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის ჩხოროწყუს განყოფილება შეიცვალა სათანადო მოპასუხეებით _ გ. ჯ-ით, თ. ჯ-ით, დ. ს-ათი და იმ პირებით, ვინც ფლობენ სადავო ფართს. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხე ფიზიკურ პირებს არ აქვთ სადავო არასაცხოვრებელი ფართის ფლობის უფლება, რადგან არც სახელმწიფო ქონების მართვის ჩხოროწყუს რაიგანყოფილებასთან ან რ. ლ-ასთან არ იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში. ამიტომ, სასამართლოს აზრით, რ. ლ-ას, როგორც არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრის, მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვისა და აპელანტების გამოსახლების შესახებ კანონიერია, შეესაბამება სკ-ის 170-ე, 172-ე მუხლების მოთხოვნებს და უნდა დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. ჯ-ის, თ. ჯ-ის და სხვათა მიერ, რომლებიც შემდეგი საფუძვლით ითხოვენ განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით რ. ლ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას:
კასატორების მითითებით, ჩხოროწყუს რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული საქმე განიხილა საპროცესო ნორმების დარღვევით, არ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმები, კასატორები საქმეში ჩააბა, როგორც მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე. ამასთან, რაიონულ სასამართლოში საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, ისიც უკანონოა, 2004წ. 26 ივლისის სხდომის ოქმი გაყალბებულია, ვინაიდან სხდომაზე არ შეცვლილა არასათანადო მოპასუხე _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ჩხოროწყუს განყოფილება სათანადო მოპასუხეებით, ანუ კასატორი ფიზიკური პირებით. კასატორთა აზრით, რ. ლ-ას მიერ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზება განხორციელდა უკანონოდ, პრივატიზების შესახებ კანონმდებლობის დარღვევით, რაც ცალკე დავის საგანია და ამ დავის გადაწყვეტამდე სასამართლოს უნდა შეეჩერებინა აღნიშნული დავა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ასევე რ. ლ-ას მიერ, რომელიც სადავოდ ხდის გ. ჯ-ის, თ. ჯ-ისა და სხვათა მიერ ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და ითხოვს მათი სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება- დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორები _ საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატის მუშაკები სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას მოითხოვენ იმ მოტივით, რომ სააპელაციო პალატამ უცვლელად დატოვა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც, თავის მხრივ, გამოტანილი იყო პროცესუალური ნორმების დარღვევით, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სსკ-ის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო პალატა ამოწმებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შემოწმების პროცესუალური უფლებამოსილება საკასაციო პალატას არ გააჩნია.
კასატორები განჩინების გაუქმების მოტივად უთითებენ იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელე რ. ლ-ას მხრიდან არასათანადო მოპასუხის _ ჩხოროწყუს რაიონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს შეცვლა სათანადო მოპასუხით ანუ კასატორებით არ მომხდარა და სხდომის ოქმი გაყალბებულია, რასაც საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 26 ივლისის სხდომის ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ სააპელაციო პალატამ, სსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე რ. ლ-ას თანხმობით შეცვალა არასათანადო მოპასუხე სათანადო მოპასუხით _ კასატორებით (საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატის თანამშრომლებით), რადგან ისინი ფაქტობრივად ფლობენ რ. ლ-ას მიერ პრივატიზებულ არასაცხოვრებელ ფართს. სსკ-ის 291-ე მუხლით დადგენილი წესით შენიშვნები სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმის მიმართ კასატორებს სააპელაციო სასამართლოში არ წარუდგენიათ. ამიტომ კასაციის აღნიშნულ მოტივს სასამართლო ვერ დაეთანხმება.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ წარდგენილ წერილობით მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ ჩხოროწყუში, ....., 24-ბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე არასაცხოვრებელი 200 კვ.მ პრივატიზების შედეგად შეიძინა რ. ლ-ამ, რაზეც დაიდო პრივატიზების ხელშეკრულება, რ. ლ-ას სახელზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რაც აღირიცხა საჯარო რეესტრში. ამდენად, “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონისა და სკ-ის 183-ე მუხლის საფუძველზე, არასაცხოვრებელი 200 კვ.მ არის რ. ლ-ას საკუთრება, რაც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და კოდექსის 170-ე მუხლის მიხედვით, რ. ლ-ას, როგორც მესაკუთრეს, შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და საგებლობდეს ამ ქონებით, ასევე არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე უტყუარად დადგენილია, რომ კასატორები _ საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატის თანამშრომლები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ რ. ლ-ას მიერ პრივატიზებულ ფართს, საიჯარო ან სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობაში ისინი არ იმყოფებიან არც ქონების ყოფილ მესაკუთრესთან _ სახელმწიფო ქონების მართვის ჩხოროწყუს სამმართველოსთან და არც ახალ მესაკუთრესთან _ რ. ლ-ასთან, ამიტომ არიან სადავო ფართის არამართლზომიერი მფლობელები, რის გამოც რ. ლ-ას ვინდიკაციური სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვისა და კასატორების სადავო არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლების შესახებ კანონიერია, შეესაბამება სკ-ის 172-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის მიხედვითაც, მესაკუთრეს შეუძლია მოსთხოვოს არამართლზომიერ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის 2005წ. 27 აპრილის განჩინებით, უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა კასატორების სარჩელი და საკასაციო საჩივარი რ. ლ-ას მიერ სადავო არასაცხოვრებელი 200 კვ.მ პრივატიზების ბათილად ცნობაზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს კასატორთა მოთხოვნას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება რ. ლ-ას ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისა და სადავო არასაცხოვრებელი ფართიდან კასატორთა გამოსახლების შესახებ კანონიერია, შეესაბამება სკ-ის 170-ე, 172-ე, საქართველოს კონსტიტუტიის 21-ე მუხლების მოთხოვნებს და უცვლელად უნდა დარჩეს.
უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს რ. ლ-ას საკასაციო საჩივარს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, რომლითაც რ. ლ-ა სადავოდ ხდის საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატის თანამშრომლების სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხი განხილული და გადაწყვეტილია ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 28 ოქტომბრისა და უზენაესი სასამართლოს 2004წ. 8 აპრილის განჩინებებით.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, გ. ჯ-ის, თ. ს-ას და სხვათა (სულ 12 ფიზიკური პირი), ასევე რ. ლ-ას საკასაციო საჩივრები უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ივლისის განჩინება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ აქვს და სააპელაციო პალატამ ფაქტობრივ გარემოებათა სწორი დადგენითა და კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი განჩინება რ. ლ-ას კუთვნილი არასაცხოვრებელი ფართიდან საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატის მუშაკების (12 ფიზიკური პირი) გამოსახლების შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 47-ე, 410-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ჯ-ის, დ. ს-ას, დ. შ-ას და სხვათა (12 ფიზიკური პირი), ასევე რ. ლ-ას საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ივლისის განჩინება;
3. კასატორები გათავისუფლდნენ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.