Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №745აპ-20 თბილისი

ხ-ი გ-ი, 745აპ-20 22 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ხ-ს ბრალი დაედო:

- ოჯახში ძალადობისთვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისთვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;

- ოჯახში ძალადობისთვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისთვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

- მუქარისთვის, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

- ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანისთვის, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 10:30 საათზე, ქ. გ-ში, --- მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, გ. ხ-მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს – დ. ზ-ეს მკერდში ერთხელ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

იმავდროულად, გ. ხ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დ. ზ-ეს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2019 წლის 24 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. გ-ში, --- მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, გ. ხ-მა არასრულწლოვანი შვილის – თ. ხ-ის თანდასწრებით, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს – დ. ზ-ეს მუცელში ერთხელ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2017 წლის 15 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევმა გ. ხ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროს უკანონოდ დათესა და მოიყვანა ნარკოტიკული საშუალების შემცველი 1 ძირი მცენარე – კანაფი (წონით – 78,87 გრამი), რაც ამოიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე- განყოფილების თანამშრომლებმა, 2018 წლის 26 ივნისს, ქ. გ-ში, ---ში მდებარე გ. ხ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოსა და დამხმარე სათავსების ჩხრეკისას.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის განაჩენით გ. ხ-ი, – -- – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

გ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად – ჯარიმა 5000 ლარი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (2 წლით, 10 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა - 7000 ლარი და საბოლოოდ გ. ხ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 5000 ლარი.

,,ნარკოტიკული დანაშულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გ. ხ-ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

4. გორის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2017 წლის 15 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევმა გ. ხ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროს უკანონოდ დათესა და მოიყვანა ნარკოტიკული საშუალების შემცველი 1 ძირი მცენარე – კანაფი (წონით – 78,87 გრამი), რაც ამოიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე- განყოფილების თანამშრომლებმა, 2018 წლის 26 ივნისს, ქ. გ-ში, --- მდებარე გ. ხ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოსა და დამხმარე სათავსების ჩხრეკისას.

5. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

- გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გ. ხ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

- გ. ხ-ის ინტერესების დამცველებმა, ადვოკატებმა - ნ. კ-ემ და ნ. ბ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გორის რაიონული სასამართლოს განაჩენში, კერძოდ სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანა. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ შეცვალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვა გ. ხ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება ან საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილების გავრცელება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გ. ხ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

გ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის დაუნიშნავად.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი.

გ. ხ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა - 5000 ლარი.

,,ნარკოტიკული დანაშულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მსჯავრდებულ გ. ხ-ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

მსჯავრდებულ გ. ხ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2019 წლის 7 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 12 იანვრიდან იმავე წლის 26 თებერვლამდე.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ხ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. გ-მა და ითხოვა:

- გ. ხ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება, ვინაიდან ბრალდების მხარემ სასამართლოში არ წარადგინა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განაჩენი.

- გ. ხ-ისთვის განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული საბოლოო სასჯელის შემსუბუქება (ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენება) იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი და ცხოვრობს ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და გამოიტანა კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული განაჩენი, შესაბამისად, პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა გ. ხ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

10. პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნის – არაერთგზისობის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობის შესახებ და მიაჩნია, რომ აღნიშნული დასკვნა არ გამომდინარეობს წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან, კერძოდ: გ. ხ-ის მიერ დანაშაულის არაერთგზის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია როგორც ნასამართლობის ცნობით, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით, რომლის თანახმად, მსჯავრდებულს სასჯელი დაენიშნა განაჩენთა ერთობლიობით სწორედ იმ განაჩენის მხედველობაში მიღებით, რაზედაც აპელირებს დაცვის მხარე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება 2017 წლის 14 სექტემბრით დათარიღებული შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, საპროცესო შეთანხმების შეთავაზების ოქმი და საპროცესო შეთანხმების დადების ოქმი, რომლებშიც აღწერილია ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედება და საპროცესო შეთანხების ყველა პირობა, მათ შორის – სახე და ზომა.

11. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს მსჯავრდებულ გ. ხ-ისთვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გ. ხ-ისთვის საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე – მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და სიმძიმეს. იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი