Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №747აპ-20 ქ. თბილისი

ჯ-ა ვ-რ, 747აპ-19 29 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ჯ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენით ვ. ჯ-ა, –– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დანიშნული 3 წლით პირობითი მსჯავრი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 31 მარტიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განაჩენით დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ჯ-ამ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რამაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2018 წლის 31 მარტს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. თ-ში, მ-ის ქუჩაზე, კ. ჭ-ესა და მის თანმხლებ მეგობრებს – ა. მ-ესა და ი. ჯ-ს მათთვის უცნობმა პირებმა ურთიერთშელაპარაკებისას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით ნასამართლევმა ვ. ჯ-ამ კ. ჭ-ეს ბასრი საგნის გამოყენებით, სახის არეში დამდენჯერმე დასმით, მიაყენა მრავლობითი, მათ შორის – არტერიული, სისხლმდენი ჭრილობები კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილისა და საღეჭი კუნთის დაზიანებით, რაც წარუშლელ კვალს ტოვებს. კ. ჭ-ე გადაიყვანეს ქ. თ-ში, ----ში მდებარე ყ-ის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება.

4. მსჯავრდებულ ვ. ჯ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. კ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ვ. ჯ-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, წინააღმდეგ შემთხვევაში – მისი ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით.

5. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი ია ყიფიანი შესაგებლით ითხოვს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, კერძოდ: დაზარალებულ კ. ჭ-ის, მოწმეების – ი. ჯ-ის, ა. მ-ის, თ. დ-ას, კ. დ-ის, გ. გ-ის, კ. ც-სა და სხვათა ჩვენებები (რომელთა სისწორის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი პალატას არ გააჩნია), ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ–ტექნიკური ექსპერტიზის 2018 წლის 15 ივნისის №-- დასკვნა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 11 მაისის №-- და 2018 წლის 6 ივნისის №-- დასკვნები, ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2018 წლის 18 ივნისის №-- დასკვნა და სხვ. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ვ. ჯ-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატის აზრით, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ვ. ჯ-ას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლების ან მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირების შესახებ საფუძველსაა მოკლებული.

9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რასაც საკასაციო პალატაც სრულად ეთანხმება. მტკიცებულებათა შესწავლის შედეგად არსებითი დარღვევა, რომელიც გავლენას მოახდენდა გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივ შეფასებაზე, არ გამოვლენილა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაეს სასამართლოში მანამდე არსებულ პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №508აპ-16) და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ. ჯ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი