Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№801აპ-18 ქ. თბილისი

კ-ე გ-ი, 801აპ-18 3 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენით გ. კ-ე, - – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 3 დეკემბრიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. კ-ემ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2017 წლის 18 ნოემბერს, ქ. თ-ში, ს-ის №- კორპუსის №- ბინაში მომხდარი შელაპარაკების დროს, გ. კ-ემ არასრულწლოვანი შვილების – ზ. და ს. კ-ეების თანდასწრებით, მეუღლეს – ნ. ლ-ეს სახეში დაარტყა ხელი, ასევე ხელი უბიძგა და წააქცია იატაკზე. გ. კ-ის ქმედებების შედეგად ნ. ლ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2017 წლის 14 ნოემბერს, ქ. თ-ში, ს-ის №- კორპუსის №- ბინაში მომხდარი შელაპარაკების დროს, გ. კ-ემ თავის არასრულწლოვან შვილს – ზ. კ-ეს, რომელსაც სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ზ. კ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2017 წლის 3 დეკემბერს ქ. თ-ში, რ-ის ქ. №-, ბინა №--ში მყოფ ნ. ლ-ეს ტელეფონით დაუკავშირდა მეუღლე – გ. კ-ე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც ნ. ლ-ემ რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც დასახმარებლად გამოიძახა პოლიცია. პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ ამავე მისამართზე მივიდა გ. კ-ეც, რომელიც პოლიციელების თანდასწრებით აგრძელებდა ნ. ლ-ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გ. კ-ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითაც.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან მსჯავრდებულ გ. კ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უტყუარადაა დადასტურებული საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების – ნ. ლ-სა და გ. ქ-ის ჩვენებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ გ. კ-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – ნ. ლ-ეს, რომელმაც გამოიძახა საპატრულო პოლიცია. პოლიციის თანამშრომლებმა – ლ. კ-ამ, თ. მ-ემ და თ. ლ-ემ დაადასტურეს, რომ გ. კ-ე იქცეოდა აგრესიულად, იწევდა დაზარალებულისაკენ და სამართალდამცავების თანდასწრებითაც კი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე – ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი