Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №832აპ-18 ქ. თბილისი

პ-ე ე-რ, 832აპ-18 3 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ნათია გორგილაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ე. პ-ეს, – - ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი დაედო თაღლითობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებაში მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განაჩენით ე. პ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის 1-ლ ნაწილზე; ე. პ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა ჯარიმა – 3500 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის შესაბამისად, 2015 წლის 28 ივლისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. სასამართლომ დაადგინა, რომ ე. პ-ემ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2015 წლის ივლისში ე. პ-ემ შ. მ-ისაგან შეიტყო, რომ შსს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გ-ს პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობდა გამოძიება შ. მ-ის მიმართ პირადი მოტივით დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისა და ოფიციალური დოკუმენტის ანგარების მიზნით შეძენის ფაქტზე. აღნიშნული ინფორმაციის გაგებისა და შ. მ-ის მხრიდან მისდამი არსებული ნდობის საფუძველზე, ე. პ-ემ განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა შ. მ-ის ფულად თანხას. ის დაჰპირდა შ. მ-ს, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაუქირავებდა ადვოკატს, რომელიც იურიდიულ დახმარებას აღმოუჩენდა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ისე, რომ მისთვის ადვოკატი არ დაუქირავებია და საქმის განხილვა საპროცესო შეთანხმებით დასრულდა ბრალდების მხარის მიერ სახელმწიფოს ხარჯზე მოწვეული ადვოკატის მონაწილეობით. 2015 წლის 27 ივლისს ე. პ-ე შ. მ-ისაგან მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა 100 ლარს.

5. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. სტაჟიორ-პროკურორი ნათია გორგილაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, ე. პ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გაიზიარა და მსჯავრდებულის ქმედება არასწორად დააკვალიფიცირა, ვინაიდან სააპელაციო პალატის განაჩენში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ ე. პ-ის ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც დადასტურდებოდა, რომ ე. პ-ემ თაღლითობის ჩასადენად გამოიყენა სამსახურებრივი მდგომარეობა და მისმა ქმედებამ დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი პროკურორის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გახდებოდა, ბრალდების მხარე საჩივარში არ უთითებს.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სტაჟიორ-პროკურორ ნათია გორგილაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი