საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№834აპ-18 ქ. თბილისი
კ-ა მ-ბ, 834აპ-18 18 დეკემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. კ-ას ბრალი დაედო ძარცვისათვის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2016 წლის 1 ივლისს, 21 საათიდან 22 საათამდე დროის შუალედში, ქ. ბ-ში, ლ-ის ქ. №--სთან, მ. კ-ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა მ. რ-ის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას – 19000 ლარს.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 აგვისტოს განაჩენით მ. კ-ას, –– ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე; მ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და განესაზღვრა ჯარიმა – 5500 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2016 წლის 11 ივლისიდან იმავე წლის 19 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. კ-ამ ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2016 წლის 1 ივლისს, 21 საათიდან 22 საათამდე დროის შუალედში, ქ. ბ-ში, ლ-ის ქ. №-სთან, მ. კ-ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა მ. რ-ის კუთვნილ ფულად თანხას.
4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ლევან მურვანიძე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენის გაუქმებას, მ. კ-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი, ხანგრძლივ თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელის განსაზღვრას ან სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახედ და ზომად ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გაიზიარა და მსჯავრდებულის ქმედება არასწორად დააკვალიფიცირა, ვინაიდან სააპელაციო პალატის განაჩენში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მ. კ-ას ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც დადგინდებოდა მიყენებული ზიანის დიდი ოდენობა. თანხის ოდენობასთან დაკავშირებით, დაზარალებულ მ. რ-ის სასამართლოში მიცემული ჩვენება განსხვავდება მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებისაგან. მიყენებული ზიანის ოდენობის ნაწილში კი მოწმეთა ჩვენებები ვერ გამოდგება მ. კ-ას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ბრალეულობის დასადასტურებლად, რადგან ეს ჩვენებები არაპირდაპირი მტკიცებულებებია.
9. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას – მსჯავრდებულ მ. კ-ასათვის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მკაცრი, თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელის განსაზღვრას – საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დამნაშავის დადებითი დახასიათება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, ყოფაქცევა ქმედების ჩადენის შემდეგ, პირადი, საოჯახო და ეკონომიკური პირობები, დაზარალებულის პოზიცია და მსჯავრდებულს, საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების შესაბამისად, განუსაზღვრა სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული, ქმედების ადეკვატური, სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
10. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; §30; ECtHR; 25.12.2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (No. 2), (Gorou v. Greece (No. 2)), განაცხადი N 12686/03; §37, §41; ECtHR; 20.03.2009).
11. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი