საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№836აპ-18 ქ. თბილისი
ქ-ე ნ-რ, 836აპ-18 7 დეკემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ქ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენით ნ. ქ-ე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი; მასვე საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა ექსკავატორი, სახ. ნომრით – და 1500 კგ სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენი.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენით შეიცვალა: ნ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი; მასვე საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა 1500 კგ სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენი; JCB ფირმის ექსკავატორი, სახ. ნომრით -- დაუბრუნდა მესაკუთრეს – დ. კ-ეს. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ქ-ემ ჩაიდინა წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის დადგენილებით ნ. ქ-ე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლით და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 1200 ლარი. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის დადგენილებით ნ. ქ-ე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლით და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 1200 ლარი. ნ. ქ-ე ითვლებოდა სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულად. 2018 წლის 22 ივნისს ქ. ზ-ში, ბ-ის ქუჩაზე, ნაქირავები ექსკავატორების მეშვეობით, მან უკანონოდ მოიპოვა 1500 კგ სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენი, რითიც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 201,50 ლარი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებული ნ. ქ-ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ხ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ნ. ქ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას ნ. ქ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და გამამართლებელი განაჩენის დადგენის შესახებ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (ბრალდებულის აღიარებით, დაზარალებულის წარმომადგენლისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ფოტოსურათებით, ამოღების ოქმებით, დადგენილებებით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ და სხვ.) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ნ. ქ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. გასაჩივრებული განაჩენით დასაბუთებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ არ გაამართლა ნ. ქ-ე და გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად დატოვა. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
8. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
9. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. ქ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი