Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №38აგ-20 თბილისი

ფ-ე ნ-რ, 38აგ-20 29 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. ფ-ისა და მისი ადვოკატის - ი. ა-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 დეკემბრის განაჩენით ნ. ფ-ე, - დაბადებული 19-- წელს, - დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორ ეპიზოდში) და თითოეულ ეპიზოდში მიესაჯა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ამავე კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით თითოეული ეპიზოდისათვის დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ძირითადი სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა (5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა) და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ფ-ეს განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავებიდან. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 6000 ლარი.

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული ნ. ფ-ე გათავისუფლდა ამავე სასამართლოს 2011 წლის 8 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორ ეპიზოდში) შეფარდებული ძირითადი სასჯელისაგან.

3. 2020 წლის 18 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართეს ნ. ფ-ემ და მისმა ადვოკატმა ი. ა-ემ, რომლებმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვეს ნ. ფ-ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა და დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის - 6000 ლარის ნაცვლად, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, 3000 ლარის განსაზღვრა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით ამ კოდექსის 59-ე მუხლში შეტანილი ცვლილების შესაბამისად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინებით ნ. ფ-ისა და მისი ადვოკატის - ი. ა-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ფ-ემ და მისმა ადვოკატმა ი. ა-ემ, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და მათი შუამდგომლობის დამაყოფილებას იმავე საფუძვლით, რაზეც უთითებდნენ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ ამავე შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას. 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით კი, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას უკუძალა აქვს იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი შეეფარდა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.

4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად ნ. ფ-ისა და მისი ადვოკატის - ი. ა-ის შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

5. ამასთან, პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი - მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული საბოლოო სასჯელის დანიშვნის წესი არ ვრცელდება დამატებით სასჯელებზე, რომელთათვისაც განსხვავებული პრინციპია (მხოლოდ შეჯამების შესაძლებლობა) დადგენილი იმავე მუხლის მე-8 ნაწილით, კერძოდ: „დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი. შეჯამებისას დანიშნული საბოლოო დამატებითი სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ სასჯელის მოცემული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ზომას“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 დეკემბრის №316აგ-13 განჩინება).

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ნ. ფ-ისა და მისი ადვოკატის - ი. ა-ის შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველი, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ფ-ისა და მისი ადვოკატის - ი. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინება ნ. ფ-ისა და მისი ადვოკატის - ი. ა-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე