ას-389-369-2011 13 ივნისი, 2011 წელი
q. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მ. სულხანიშვილი, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები _ 1. სს “ი-”;
2. სს “ე.ჯ-ა”
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნები _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (სს “ი-ს” საკასაციო საჩივარში); გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება (სს “ე.ჯ-ას” საკასაციო საჩივარში)
დავის საგანი _ ნივთის გამოთხოვა, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 2 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სს “ი-მა” მოპასუხე სს “ე.ჯ-ას” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:
ა. მოპასუხისათვის სს “ი-ს” კუთვნილ ¹3 ფიდერში ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის 2007 წლის ივლისიდან 2010 წლის მაისის თვის ჩათვლით 21698.5 ლარის დაკისრება;
ბ. მოპასუხისათვის სს “ი-ს” კუთვნილი 6.6 კვტ. 730 მეტრი ელექტროსადენის და 8 ცალი რკინის ბოძის მონტაჟის ღირებულების, 9817.3 ლარის დაკისრება;
გ. სს “ი-ს” კუთვნილი 630 კვტ. ძალოვანი ტრანსფორმატორის დაბრუნება ან მისი ღირებულების _ 17000 ლარის გადახდა;
დ. მორალური ზიანის ანაზღაურება 20000 ლარის ოდენობით (ტომი I, ს.ფ. 1-13).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს “ი-ს” სარჩელი ელექტროენერგიის მომსახურებისათვის თანხის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე სს “ე.ჯ-ას” სს “ი-ს” სასარგებლოდ დაეკისრა 2007 წლის ივლისიდან 2010 წლის მაისის თვის ჩათვლით ¹3 ფიდერში ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის 9412.32 ლარის გადახდაDდღგ-ს გარეშე; სს “ი-ს” სარჩელი 6.6 კვტ 730 მეტრი ელსადენის და მისი მონტაჟის ღირებულების თანხის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა; მოპასუხე სს “ე.ჯ-ას” სს “ი-ს” სასარგებლოდ დაეკისრა 5037.70 ლარის გადახდა, ხოლო რვა ცალი რკინის ბოძის მონტაჟის ღირებულების დაკისრების ნაწილში ეთქვა უარი; სს “ი-ს” სარჩელი 630 კვტ. ძალოვანი ტრანსფორმატორის დაბრუნების ან მისი ღირებულების ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; სს “ი-ს” სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ასევე არ დაკმაყოფილდა (ტომი I, ს.ფ. 251-262).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
სს “ე.ჯ-ამ” დასახელებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც მას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6.6 კვტ. 730 მეტრი ელსადენის და მისი მონტაჟის ღირებულების ანაზღაურება. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 270-279).
სს “ი-ს” სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (ტომი I, ს.ფ. 282-292).
ქუთაისის სააპელაციო საამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 იანვრის განჩინებით სს ,,ე.ჯ-ას” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სს ,,ი-ს” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება 630 კვტ. ძაბვიანი ტრანსფორმატორის დაბრუნების, ან მისი ღირებულების ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს ,,ი-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა; სს ,,ე.ჯ-ას” დაევალა 630 კვტ. ¹53783 ტრანსფორმატორის სს ,,ი-სათვის” დაბრუნება; დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულების დროს სს ,,ე.ჯ-ას” არ აღმოაჩნდებოდა 630 კვტ. მაღალი ძაბვის ¹53782 ტრანსფორმატორი, სს ,,ე.ჯ-ას” დაეკისრება სს ,,ი-ს” სასარგებლოდ ტრანსფორმატორის ღირებულების 17000 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სს ,,ე.ჯ-ას” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 680 ლარის, ხოლო სს ,,ი-ს” _ 1235.92 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სს “ი-ს” საკუთრებაშია 6.6 კვტ-იანი ძაბვის მატარებელი ელექტროგადამცემი ხაზების ფიდერი ¹3 მონაკვეთი;
ქვესადგურ სამტრედია 1-ის ¹3 ფიდერში გატარებული ელექტროენერგიის მაჩვენებელი 2007 წლის ივლისიდან _ 2010 წლის მაისის ჩათვლით შეადგენს 4706160 კილოვატსაათს;
2007 წლის 29 ივნისს სს ,,ე.ჯ-ამ” შეიძინა სს ,,საქართველოს გაერთიანებული ...ის” ქონება, მათ შორის სამტრედიაში, ... ქ.¹1-ში მიმდებარე 10 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 630 კვტ. ძალოვანი ტრანსფორმატორი. აღნიშნული ტრანსფორმატორი 2007 წლის ოქტომბერში სამტრედიიდან გადატანილ იქნა ვანში;
მოწმეების: თ. მ-ძის, რ. თ-ძის, თ. თ-ძის, ი. ქ-ძის, დ. ბ-ძის, დ. ბახტაძის ჩვენებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ექსპერტიზის დასკვნითა და ფილიალის დირექტორის პ. კ-შვილის ¹88/33-10 წერილით დადგენილია, რომ სს ,,ე.ჯ-ას” დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის სამტრედიის მომსახურების ცენტრის თანამშრომლების მიერ, ზემდგომ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, 2007 წლის სექტემბერში მოხდა 730 მეტრი ელექტროსადენის ჩამოხსნა, რომელიც დასაწყობებულ იქნა სს ,,ე.ჯ-ას” დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის სამტრედიის მომსახურების ცენტრში და იმავე წლის ნოემბრის თვეში გამოყენებულ იქნა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად;
ამავე პერიოდში (სექტემბერში) მოიხსნა 630 კვტ.-იანი ტრანსფორმატორი, რომელიც მდებარეობდა ხორცკომბინატის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩიხში, ... ქუჩის დასაწყისში. აღნიშნული ტრანსფორმატორი ჯერ დასაწყობდა სამტრედიაში, შემდეგ კი გადატანილ იქნა ვანში;
შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის დ. ხ-ძის 2010 წლის 14 მაისის წერილით ირკვევა, რომ რკინა-ბეტონის 8 ცალი ბოძის დაზიანებისა და არმატურის ღეროების ფარულად გატაცების ფაქტზე გრძელდება გამოძიება დამნაშავე პირთა დადგენა-დაკავების მიზნით;
ექსპერტიზის ¹1679/15-2010 დასკვნის დანართი ¹1-ით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ რვა ცალი რკინა-ბეტონის ბოძის მონტაჟის და 730 მეტრი ელ.სადენის აღდგენის ღირებულება შეადგენს 9817.3 ლარს, მათ შორის 730 მეტრი ელ.სადენის აღდგენის ღირებულება შეადგენს 5037.70 ლარს;
სამტრედიის ხორცკომბინატის საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნასთან დაკავშირებით შედგენილი საწარმოს ქონების შეფასების აქტის თანახმად, საწარმოს ერიცხებოდა სამი ერთეული ტრანსფორმატორი, მათ შორის ორი ერთეული 630 კვ. და ერთი ერთეული 400 კვ. ძალოვანი ტრანსფორმატორი;
ძირითად საშუალებათა კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანის ექსპერტ-სპეციალისტთა დასკვნით, რომელიც შეთანხმებულია იმერეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, ასევე, კონსერვაციის რეჟიმზე გადასაყვანი ძირითადი საშუალებების ამონაკრები სიით ირკვევა, რომ 2001 წლისათვის სს “ი-ს” ერიცხებოდა 630 კვტ. ¹53782 ძალოვანი ტრანსფორმატორი;
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) 2001 წლის 20 ივლისის ¹64 გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა სს “ი-ს” კუთვნილ 6 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზში ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათის სს “ი-სათვის” იმერეთის ენერგოკომპანიას გადაეხადა 0.2 თეთრი ყოველ ერთეულ გატარებულ კილოვატსაათზე (დღგ-ს გარეშე);
საქმეზე წარმოდგენილი ხელშეკრულებებით ირკვევა, რომ სს “ი-ს” და საქართველოს გაერთიანებულ ...ას შორის დაიდო ხელშეკრულებები ელექტროენერგიისა და სიმძლავრის გატარება-მომსახურეობის შესახებ და ერთი კვ-ის გატარებაზე მომსახურეობის საფასური განისაზღვრა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2001 წლის 20 ივლისის ¹64 გადაწყვეტილებით დადგენილი 0.2 თეთრი;
2007 წლის 29 ივნისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით, საკადასტრო გეგმითა და ნასყიდობის ხელშეკრულების დანართით ირკვევა, რომ ს.ს. ,,ე.ჯ-ამ” შეიძინა სს ,,საქართველოს გაერთიანებული ...ის” ქონება, მათ შორის სამტრედიაში, ... ქ.¹1-ის მიმდებარე 10 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული 630 კვტ. ძალოვანი ¹0026 ტრანსფორმატორი;
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის ¹1679/15-2010 დასკვნით დადგენილია, რომ ქ.ვანში მომსახურეობის ცენტრის ოფისის ტერიტორიაზე განთავსებულია ზეთის 630 კვა სიმძლავრის ტრანსფორმატორი. საქარხნო ბეჭედზე იკითხება ¹53782 და გამოშვების წელი 1981. ტრანსფორმატორს აკლია ერთი საკონტაქტო მომჭერი. ასეთი ტიპის მუშა მდგომარეობაში მყოფი ტრანსფორმატორის საბაზრო ღირებულება მისი ცვეთის გათვალისწინებით შეადგენს 17000 ლარს;
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით ირკვევა, რომ სამტრედიაში, ... ქუჩის მიმდებარედ, დღეისათვის საჯარო რეეტრში სს “ე.ჯ-ას” საკუთრებაში რეგისტრირებულ 10 კვმ მიწის ნაკვეთზე 1990-იან წლებში განთავსებული იყო ენერგოკომპანიის ტრანსფორმატორი, რაც დაზიანდა და მოსახლეობას შეუწყდა დენის მიწოდება. ვითარების გამოსწორების მიზნით, ქალაქის ვიცემერის თხოვნით მოხდა ხორცკომბინატის ტერიტორიაზე განთავსებული სს “ი-ს” კუთვნილი 630 კვ-იანი ტრანსფორმატორის გადმოტანა და იმავე ადგილზე დამონტაჟება, სადაც განთავსებული იყო ენერგოკომპანიის დაზიანებული ტრანსფორმატორი;
მხარეთა განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ მაღალი ძაბვის ტრანფორმატორი არის მოძრავი ნივთი და მისი სხვა ადგილზე გადატანა შესაძლებელია.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასაბუთება 730 მეტრი ელექტროსადენების ღირებულების ანაზღაურებისა და ელექტროენერგიის გატარების ტარიფის განსაზღვრის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან მოწმეების: თ. მ-ძის, რ. თ-ძის, თ. თ-ძის, ი. ქ-ძის, დ. ბ-ძის, დ. ბ-ძის ჩვენებებით, მოპასუხე საზოგადოების დირექტორის, პ. კ-შვილის ¹88/33-10 წერილით დგინდებოდა, რომ სს ,,ე.ჯ-ას” დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის სამტრედიის მომსახურების ცენტრის თანამშრომლების მიერ, ზემდგომ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, 2007 წლის სექტემბერში მოხდა 730 მეტრი ელ. სადენის ჩამოხსნა, რომელიც დასაწყობებულ იქნა სს ,,ე.ჯ-ას” დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის სამტრედიის მომსახურების ცენტრში და იმავე წლის ნოემბრის თვეში გამოყენებულ იქნა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად, გაზიარებული ვერ იქნებოდა სს ,,ე.ჯ-ას” წარმომადგენლის მოსაზრება ამ ფაქტის უარყოფისა და სს ,,ე.ჯ-ას” მოქმედებით სს “ი-სათვის” სადენების ჩამოხსნით ზიანის მიყენების არარსებობის თაობაზე. აღნიშნული გარემოება კი გამორიცხავდა სს ,,ე.ჯ-ას” სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის, სს “ი-ს” წარმომადგენლის მოსაზრება სადენების ჩამოხსნით მიყენებული ზიანის გაანგარიშებაში სასამართლოს შეცდომის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს მსჯელობა, სრულად გამომდინარეობა საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის დანართიდან და არ არსებობდა სხვა ოდენობით ზიანის დაანგარიშების შესაძლებლობა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სს “ი-ს” მოსაზრება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ელექტროენერგიის გატარებისათვის ტარიფის არასწორად განსაზღვრის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტის მიერ მითითებული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის ¹33 დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ.ბ” ქვეპუნქტით, კვალიფიციური საწარმოებისათვის 6-10 კილოვოლტი ელექტროენერგიის გატარების ზღვრული ტარიფი 2.59 თეთრი/კვტსთ განისაზღვრა სემეკის 2010 წლის 21 ივნისის ¹7 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად. სარჩელით სადავო პერიოდისათვის (2007 წლის ივლისი-2010 წლის მაისი) მოქმედი “ელექტროენერგიის გატარების ტარიფების შესახებ” სემეკის 2007 წლის 6 ივლისის ¹11 დადგენილების 1-ლი მუხლის თანახმად, გამანაწილებელი კომპანიების (გარდა სს “თ.” და სს “კ-ისა”) მიერ ელექტროენერგიის გატარების ტარიფი 6-10 კილოვოლტის შემთხვევაში განსაზღვრული იყო 0.580 თეთრი/კვტსთ დღგ-ის გარეშე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რამდენადაც საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) 2001 წლის 20 ივლისის ¹64 გადაწყვეტილებით სს “ი-ს” კუთვნილ 6 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზში ელექტროენერგიის გატარების მომსახურების ტარიფი განისაზღვრა 0.2 თეთრი ყოველ ერთეულ გატარებულ კილოვატსაათზე (დღგ-ს გარეშე), ხოლო ამ დროისათვის რაიმე სახის ნორმატიული აქტი, რაც კონკრეტული შემთხვევისათვის განსხვავებულ ტარიფს დაადგენდა მიღებული არ იყო, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება, რომლითაც “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) 2008 წლის 18 სექტემბრის ¹N20 დადგენილების მე-15 მუხლის, ასევე 2008 წლის ¹33 დადგენილების მე-7 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, 2007 წლის ივლისიდან, 2010 წლის მაისამდე პერიოდში, სს “ი-ს“ სასარგებლოდ სს “ე.ჯ-ას” დაეკისრა 0.2 თეთრი ყოველ ერთეულ გატარებულ კილოვატსაათზე (დღგ-ს გარეშე), გონივრული იყო. შესაბამისად, არ არსებობდა ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებისა და სს “ი-ს” სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ არ არსებობდა ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამავე კოდექსის 163-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება, ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მართალია ის მიწის ნაკვეთი, რაზედაც სადავო ტრანსფორმატორი იყო განთავსებული გამყიდველის, სს “გაერთიანებული ...ის” საკუთრებას წარმოადგენდა, მაგრამ რამდენადაც საქმის მასალებით დადგინდა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებული 630 კვტ-იანი ტრანსფორმატორის სს “ი-ს” კუთვნილების ფაქტი, რომელიც დროებით თხოვების წესით გადაცემული ჰქონდა ენერგოკომპანიას და მისი მეშვეობით ელექტროენერგია მიეწოდებოდა მოსახლეობას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა 630 კვ. სიმძლავრის, ¹53782 ტრანსფორმატორის გამოთხოვის თაობაზე გამომდინარეობდა სამოქალაქო კოდექსის 172-ე და 163-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან და საფუძვლიანი იყო.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სს “ე.ჯ-ას” წარმომადგენელთა მითითება იმის თაობაზე, რომ სადავო ტრანსფორმატორი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მათ საკუთრებას წარმოადგენდა, ვინაიდან იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სწორედ ¹53782 ტრანსფორმატორი შეიძინეს საქმის მასალებით არ დგინდებოდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდებოდა საწინააღმდეგო, სამტრედიაში, ... ქ.¹1-ში მიმდებარე სს “ე.ჯ-ას” კუთვნილ 10 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი 630 კვტ. ძალოვანი ტრანსფორმატორის ნომერი დაფიქსირებულია არა როგორც ¹53782, არამედ ¹0026.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 253-ე მუხლის თანახმად, ქონების ნატურით მიკუთვნების დროს სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს ამ ქონების ღირებულებაზე, რომელიც უნდა გადახდეს მოპასუხეს, თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას მას ეს ქონება არ აღმოაჩნდება. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ რამდენადაც სს “ი-ს” სარჩელის მოთხოვნა 630 კვტ. ¹53782 ძალოვანი ტრანსფორმატორის დაბრუნების თაობაზე საფუძვლიანი იყო, იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილების აღსრულების დროს სს ,,ე.ჯ-ას” არ აღმოაჩნდებოდა 630 კვ მაღალი ძაბვის ¹53782 ტრანსფორმატორი, სს ,,ე.ჯ-ას” უნდა დაკისრებოდა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის ¹1679/15-2010 დასკვნით განსაზღვრული ტრანსფორმატორის ღირებულების _ 17000 ლარის სს ,,ი-ს” სასარგებლოდ გადახდა (ტომი II, ს.ფ. 92-117).
სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც სს ,,ე.ჯ-ამ”, ასევე სს “ი-მა”.
სს ,,ე.ჯ-ა” მოითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივარი, აგრეთვე, მას დაევალა სს “ი-სათვის” 630 კვა ტრანსფორმატორის დაბრუნება ან მისი ღირებულების ანაზღაურება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ _ 680 ლარის დაკისრება და ამ ნაწილში საქმის იმავე სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას.
საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ნასყიდობის საფუძველზე შეძენილი 630 კვა ტრანსფორმატორის ნომრად დაფიქსირებულია არა ¹53782, არამედ ¹0026. ამასთან დაკავშირებით კასატორი განმარტავს, რომ სს “ე.ჯ-ამ” 2007 წლის 29 ივნისს სს “საქართველოს გაერთიანებულ ...სთან” გაფორმებული “აქტივების (ქონების) ნასყიდობის ხელშეკრულების” საფუძველზე შეიძინა ქ.სამტრედიაში, ... ქ.¹1-ში მდებარე ტრანსფორმატორი მასზე დამაგრებული 10 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთით (ობიექტი 0026). მიწის ნაკვეთის შეძენა დასტურდება შესაბამისი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, სადაც სხვა მონაცემებთან ერთად მითითებულია ობიექტის ნომერი 0026. აღნიშნული ნომერი არ ეკუთვნის მხოლოდ ტრანსფორმატორს, არამედ იგი არის სატრანსფორმატორო პუნქტის (ობიექტის) ნომერი და არა ტრანსფორმატორის საქარხნო ნომერი. ნასყიდობის ხელშეკრულებით, სატრანსფორმატორო პუნქტის (ობიექტის) გადმოცემის დროს ადგილზე დამონტაჟებული იყო 630 კვა-იანი ტრანსფორმატორი საქარხნო ნომრით ¹53782, რომელიც ქსელში არსებული დანაკარგების შემცირების მიზნით 2007 წლის 10 ოქტომბრიდან ამოღებულ იქნა ქსელიდან და ინახებოდა სამტრედიის მომსახურების ცენტრის ეზოში. კომპანიის გენერალური დირექტორის მითითებით, ყველა სარეზერვო ტრანსფორმატორი, მათ შორის აღნიშნული ტრანსფორმატორიც, 2009 წლის 10 დეკემბერს დასაწყობების მიზნით გადატანილ იქნა ქ.ვანში, მომსახურების ცენტრის ოფისის ტერიტორიაზე. 2007 წლის 29 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი ტრანსფორმატორების (რომელთა რაოდენობა რამდენიმე ათასია), იდენტიფიცირება ხდენა ხელშეკრულებაში მითითებული მისამართით, ობიექტის ნომრით და მისი მახასიათებლებით, კონკრეტულ შემთხვევაში ტრანსფორმატორის შეფასება ხდება მისი სიმძლავრით, რომელიც 630 კვა-ს შეადგენს. სადავო ტრანსფორმატორი მდებარებოდა ქ.სამტრედიაში, ... ქ.¹1-ის მიმდებარედ. მოცემულ მისამართზე სხვა სატრანსფორმატორო პუნქტი არ არის და არც არასდროს ყოფილა განთავსებული. აქედან გამომდინარე, დასახელებულ მისამართზე 2007 წლის 10 ოქტომბრამდე მდებარე 630 კვა-იანი ტრანსფორმატორი წარმოადგენს სს “ე.ჯ-ას” საკუთრებას, რაც დასტურდება მხარეებს შორის 2007 წლის 29 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არ გამოიკვლია სასამართლომ;
სასამართლომ არ დაადგინა, რომ ხელშეკრულების დადების მომენტში სს “ე.ჯ-ა” იყო კეთილსინდისიერი შემძენი. სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი მაშინ, თუ მან იცოდა, ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე. ამდენად, სს “ე.ჯ-ა” წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს, მას თავიდანვე ჰქონდა ნივთის ფლობის უფლება და სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების არანაირი საფუძველი არ არსებობდა;
კასატორი მიიჩნევს, რომ მოწმეთა ჩვენებებით ვერ დადასტურდება ქონების შეძენის ფაქტი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ტრანსფორმატორის მოსარჩელის მიერ ყიდვის შემთხვევაში, აღნიშნული ორგანიზაციის ბუღალტერიაში უნდა ინახებოდეს ტრანსფორმატორის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები: ანგარიშ-ფაქტურა, სალაროს გასავლის (თუ შემოსავლის) ორდერი, სადაც დაფიქსირებული იქნება ხაჟალიას (ან სს “ი-ს” სხვა უფლებამოსილი პირის) მიერ თანხის გადარიცხვა, ხელშეკრულების დადება, თუკი ასეთს ჰქონდა ადგილი. გარდა ამისა, მოსარჩელეს არ გააჩნია ტრანსფორმატორის ღირებულების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, მით უფრო, მის მიერ განსახღვრული ფასით, რომელიც რეალობას არ შეესაბამება. 630 კვტ. ტრანსფორმატორის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 3-4 ათას ლარს. ენერგოკომპანიას ბალანსზე არაერთი ამ ტიპის ტრანსფორმატორი გააჩნია, რომელთა ღირებულება სულ ცოტა 10-ჯერ ნაკლებია სს “ი-ს” მიერ მოთხოვნილ თანხაზე. სადავო ტრანსფორმატორის საბალანსო ღირებულება 740 ლარია და არა 17000 ლარი, როგორც ამაზე მოსარჩელემ მიუთითა და რასაც სასამართლო დაუსაბუთებლად დაეთანხმა. კასატორი არ იზიარებს აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, მასში არაა ნაჩვენები, რა მასალაზე დაყრდნობით, რის საფუძველზე მოახდინა ექსპერტმა შეფასება, რა ფორმით გაითვალისწინა ცვეთა, ცნობილია თუ არა მისთვის ის გარემოება, კვლავ ხდება თუ არა ამ ტიპის ტრანსფორმატორების გამოშვება, ვის მიერ, რა ფასად და ა.შ.;
სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ სს “ე.ჯ-ას” დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის სამტრედიის მომსახურების ცენტრის თანამშრომლების მიერ, ზემდგომ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით 2007 წლის სექტემბერში მოხდა 6.6 კვ ძაბვის 730 მეტრი ელ. სადენის ჩამოხსნა, რომელიც დასაწყობებულ იქნა სამტრედიის მომსახურების ცენტრში და იმავე წლის ნოემბრის თვეში გამოყენებულ იქნა სხვა ადგილას სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად. სასამართლომ, აღნიშნული ფაქტი დაადგინა მოწმეების ჩვენებების შედეგად, რომელიც არ უნდა გაეზიარებინა, რადგან მოწმეების უმრავლესობა კომპანიის ყოფილი თანამშრომლებია, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან სამსახურიდან სხვადასხვა მიზეზების გამო და განაწყენებული არიან კომპანიის ხელმძღვანელობაზე (ტომი II, ს.ფ. 122-132).
სს “ი-ს” საკასაციო საჩივრის მოთხოვნაა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სს “ე.ჯ-ას” დაეკისრება 2007 წლის ივლისიდან 2010 წლის მაისის ჩათვლით ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის 12286.3 ლარის გადახდა, აგრეთვე, ელ. სადენების ღირებულების გადახდა 2049 ლარის ოდენობით.
კასატორი განმარტავს, რომ სს “ი-ს” მიერ გატარებული ელეტროენერგიის ღირებულება სემეკის ¹11:33 დადგენილების თანახმად შეადგენს 0.580 თეთრს, ხოლო 2010 წლის 21 ივნისის ¹7 დადგენილებით _ 2.59 თეთრს. კასატორისათვის გაუგებარია, თუ რის საფუძველზე განსაზღვრა სასამართლომ ტარიფი 0.2 თეთრი/კვ.სთ. დღევანდელ საბაზრო ეკონომიკაში 0.2 თეთრი არ ღირს არც ერთი სახის მომსახურეობა, ვინაიდან სს “ი-ს” გარდა ელ. გადამცემი ხაზის სს “ე.ჯ-ასათვის” მიქირავებისა, არავითარი ფუნქცია არ გააჩნია.
კასატორის მითითებით, ¹1425 ექსპერტის დასკვნის თანახმად რკინა-ბეტონის ბოძების, აგრეთვე, ელსადენების ღირებულებისა და მონტაჟის ფასი განსაზღვრულია მთლიანობაში 9817.3 ლარად. ამ თანხიდან 1933.6 ლარი შეადგენს რკინა-ბეტონის ბოძების ღირებულებას (რაზედაც კასატორს ამ ეტაპზე პრეტენზია არ აქვს), ხოლო 5037.7 ლარი _ ელ. სადენების ღირებულებაა. ექსპერტის დასკვნის ¹1 დანართით გაანგარიშებულია ორივე ზემოაღნიშნული ხელფასის, სამშენებლო სამუშაოებზე, მოგებებზე, გაუთვალისწინებელ ხარჯებზე და ა.შ. საჭირო თანხა, ჯამში 2846 ლარი. კასატორი განმარტავს, რომ პროპორციული გაანგარიშებით აღდგენითი სამუშაოებისათვის ექსპერტის დასკვნაში გათვალისწინებული 2846 ლარიდან 28% ანუ 797 ლარი ეკუთვნის რკინა-ბეტონის ბოძების აღდგენას, ხოლო 72% ანუ 2049 ლარი გათვალისწინებულია ელსადენების აღდგენისათვის. სასამართლომ არასწორი მათემატიკური გაანგარიშებით დაარღვია სამშენებლო ნორმებისა და წესების, ასევე სამშენებლო რესურსების ფასების კანონით დადგენილი ნორმატიული სტანდარტები და ელ. სადენების ღირებულებას ანუ 5037.7 ლარს არ დაუმატა მისი აღდგენისათვის ექსპერტის დასკვნით გათვალისწინებული თანხა _ 2049 ლარი. აღნიშნული დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტისა და 18 აპრილის განჩინებებით სს “ი-სა” და სს “ე.ჯ-ას” საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ი-სა” და სს “ე.ჯ-ას” საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 28 მარტის განჩინებით კასატორს _ სს “ი-ს” გადაევადა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემული საკასაციო წარმოების დასრულებამდე. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მას უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (716.76 ლარი) 30%-ის _ 215.028 ლარის გადახდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს _ სს “ე.ჯ-ას” უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1572.51 ლარი) 70% _ 1226.757 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს “ი-სა” და სს “ე.ჯ-ას” საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. კასატორ სს “ე.ჯ-ას” დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1572.51 ლარი) 70% _ 1226.757 ლარი.
3. სს “ი-ს” დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (716.76 ლარი) 30%-ის _ 215.028 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.