Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №533აპ-20 თბილისი

ი-ი გ-ლ, 533აპ-20 28 იანვარი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 მარტის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურორატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – ლევან მარშავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. დ-სა და გ. ი-ს ბრალი დაედოთ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისთვის.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2008 წლის 30 ივლისს შპს „ა. და პ-ის გ-მა“ (ს/ნ -) და გ. დ-მა დააფუძნეს შპს „გ-ო“, რომელიც რეგისტრირებულია თ-ის რეგიონალური ცენტრი --- „ძ. თ-ის“ განყოფილებაში და მინიჭებული აქვს ს/ნ -. საზოგადოების იურიდიული მისამართია: თ-ი, ლ-ის ქ. N-. საზოგადოების დირექტორი 2009 წლის გაზაფხულამდე იყო გ. ი-ი.

2008 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „გ-ს“ შორის დაიდო N- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, შპს „გ-მ“ აიღო ვალდებულება, ჩაეტარებინა სამუშაო შინაგან საქმეთა სამინისტროს მშენებარე ობიექტზე (ქ. თ-ი, კ-ის გ-ის N--ში) პოლიციის შენობის ფასადის განათებისთვის და ასევე ეწაერმოებინა დამხმარე სამუშაოები ხელშეკრულებაზე დართული დანართი N--ის (ხარჯთაღრიცხვა) შესაბამისად.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 1 585 407, 90 ლარი.

2008 წლის 30 ოქტომბერსა და 25 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შპს „გ-ს“ წინასწარ ჩაურიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა – 1 109 786 ლარი და 475 621,90 ლარი. შპს „გ-მ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის შენობის ფასადის გასანათებლად დაამონტაჟა 1 344 ცალი სანათი. ფასადის განათების სამონტაჟო სამუშაოების ღირებულებამ, ნაცვლად შესრულებული სამუშაოების აქტში (ფორმა N-) ნაჩვენები 1 585 407,90 ლარისა, შეადგინა 675 395,08 ლარი (დღგ-ს ჩათვლით). სხვაობამ რეალურად შესრულებულ და ფორმა N--ში დაფიქსირებული სამუშაოების ღირებულებას შორის შეადგინა 910 012,82 ლარი.

აღნიშნული დიდი ოდენობით თანხა იმყოფებოდა შპს „გ-ს“ დირექტორ გ. ი-სა და შპს „გ-ს“ დამფუძნებელ გ. დ-ის მართლზომიერ მფლობელობაში და მათ, წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს იგი, რითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენით გ. დ. და გ. ი-ი ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდნენ.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ლევან მარშავამ, რომელმაც ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. დ-სა და გ. ი-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ლევან მარშავამ და მოითხოვა გ. დ-სა და გ. ი-ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:

- სასამართლოს გადაწყვეტილება და მასში მოყვანილი არგუმენტები აშკარად შეუსაბამოა საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგებთან;

- სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია გ. დ-სა და გ. ი-ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გ. დ-სა და გ. ი-ის ბრალეულობას მათთვის ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

10. სააპელაციო პალატის განაჩენში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. დ-სა და გ. ი-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურორატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – ლევან მარშავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ზ. ძლიერიშვილი