Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№696აპ-20 ქ. თბილისი

მ. ბ., 696აპ-20 21 იანვარი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 აპრილის განაჩენით ბ. მ., – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის იანვრის ეპიზოდი) – 1 წლით, ხოლო 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ბ. მ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 13 თებერვლიდან.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. მ-ემ ჩაიდინა:ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2 ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის იანვარში, ზუსტი დრო დაუდგენელია, ქ. ჭ-ში, ჭ-ის ქ. №--ში მცხოვრებმა, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა ბ. მ-ემ საცხოვრებელ ბინაში ყოფნის დროს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – თ. ლ-ეს, ხოლო შემდეგ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

· 2020 წლის 13 თებერვალს ქ. ჭ-ში, ჭ-ის ქ. №--ში მცხოვრებმა, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა ბ. მ-ემ საცხოვრებელ ბინაში, დაახლოებით 01:00 საათიდან 02:00 საათამდე პერიოდში, მეუღლეს – თ. ლ-ეს პოლიეთილენის ბოთლში არსებული საწვავი – ბენზინი შეასხა თავისა და მარცხენა მხრის არეში და სანთებელის გამოყენებით მოუკიდა ცეცხლი. თ. ლ-ემ და უკვე შეშინებულმა ბ. მ-ემ დროულად შეძლეს ცეცხლის ჩაქრობა, თუმცა ცეცხლის ალმა თ. ლ-ეს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ადვოკატი პ. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის შეცვლას მსჯავრდებულ ბ. მ-ის სასარგებლოდ და მისთვის ბრალდების ორივე ეპიზოდში ერთნაირი სასჯელების განსაზღვრას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. მოცემულ შემთხვევაში მხარე ასაჩივრებს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ზომას. პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულმა პროპორციულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე, სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლში მითითებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, დამამძიმებელი გარემოებების არარსებობა, ასევე მხედველობაში მიიღო პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, განსაკუთრებით კი – ქმედების ჩადენის ხარისხი და ხერხი (ერთ ეპიზოდში – დაზიანების მიყენება ცეცხლის წაკიდებით) და მსჯავრდებულ ბ. მ-ეს ბრალდების ორივე ეპიზოდში განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართლიანი და ქმედების ადეკვატური სასჯელი, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ბ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი