Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№646აპ-20 ქ. თბილისი

უ-ი მ., 646აპ-20 20 იანვარი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 მარტის განაჩენით მ. უ-ი, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში; მასვე განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, აქვს უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. უ-მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

4. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2018 წლის ნოემბერში წ-ის რაიონის სოფელ ა-ში მდებარე უ-ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, მ. უ-მა თმის მოქაჩვითა და სხეულზე მრავალჯერადი დარტყმით ფიზიკურად, ხოლო 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის 15 ოქტომბრამდე დროის შუალედში სისტემატური გინებითა და შეურაცხყოფით ფსიქოლოგიურად იძალადა თავის მეუღლეზე – მ. მ-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს შეესწრნენ მახმუდ უ-ისა და მ. მ-ას არასრულწლოვანი შვილები – ა. და ს. უ-ები.

· 2018 წლის ნოემბერში წ-ის რაიონის სოფელ ა-ში მდებარე უ-ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, მ. უ-მა თავის მიერ ჩადენილი ძალადობისაგან მ. მ-ას დაცვის გამო, ხელის სახეში ერთხელ დარტყმით ფიზიკურად იძალადა შვილზე – ს. უ-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტს შეესწრო მ. უ-სა და მ. მ-ას არასრულწლოვანი ოჯახის წევრი – ა. უ-ი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განაჩენის გაუქმებას, მ. უ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობასა და მისთვის სამართლიანი, კანონიერი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორებს არ მიუთითებიათ გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №643აპ-18).

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება მ. უ-ის ბრალეულობა. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. დაზარალებულებმა – მ. მ-ამ (ბრალდებულის მეუღლე) და ს. უ-მა (ბრალდებულის შვილი) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი, ასევე უარი განაცხადა მოწმე ა. უ-ის საპროცესო წარმომადგენელმა მ. კ-მა მის დაკითხვაზე, თავად ბრალდებულმა კი ისარგებლა დუმილის უფლებით. რაც შეეხება ბრალდების მხარის მითითებულ მტკიცებულებებს (მათ შორის – პოლიციელთა ჩვენებებსა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს), ისინი ირიბი ხასიათისაა და უტყუარად არ ადასტურებს ბრალდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

9. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი