Facebook Twitter

¹ ბს-1262-1067-კ-04 11 მარტი, 2005 წ.,

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია (მომხსენებელი),

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: მიწის საკუთრების გადაცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 3 ნოემბერს ლანჩხუთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ც. ე-ემ მოპასუხეების _ მ. ჯ-ის, ჩოჩხათის თემის გამგეობის, ლანჩხუთის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა მის კუთვნილ ფართობზე, ე.წ. “მანდარინის ბაღზე”, მ. ჯ-ის ¹98 მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმება, მანდარინის ბაღით უკანონოდ სარგებლობის შეწყვეტის დავალდებულება და აღნიშნული ნაკვეთით მისთვის სარგებლობის უფლება მიცემა, ამასთან, მ. ჯ-ისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება 700 ლარის ოდენობით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1992 წლიდან მეუღლესთან ერთად საკუთრებაში გადაეცათ 1000 მ2 მანდარინის ბაღი. იმის გამო, რომ იგი ავადმყოფობდა და შორ მანძილზე ბაღის დასამუშავებლად სიარული არ შეეეძლო, გადაწყვიტა აღნიშნული ფართი თანასოფლელისთვის _ მ. ჯ-ისთვის, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, გადაეცვალა 3000 მ2 ცარიელ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობდა ე.წ “ორონალზე”. ც. ე-ის განცხადებით, მას ჰქონდა მ. ჯ-ის ვალი 100 ლარის ოდენობით და ამიტომ შეთანხმდნენ, რომ მიწის ნაკვეთს იგი მოპასუხისაგან მიიღებდა 3 წლის შემდეგ. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მან მოსთხოვა მ. ჯ-ს მიწის ნაკვეთის მისთვის გადაცემა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მიწის ნაკვეთი უკვე გასხვისებული იყო.

მოსარჩელე ასევე აღნიშნავდა, რომ, ვინაიდან მ. ჯ-მა დაარღვია მათ შორის არსებული შეთანხმება, მან მოითხოვა მანდარინის ბაღის უკან დაბრუნება, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მანდარინის ბაღზე მიღება-ჩაბარების აქტი გაცემული იყო მ. ჯ-ზე, რაც, მისი აზრით, კანონის დარღვევა იყო.

2004წ. 25 თებერვლის განჩინებით მ. ჯ-ი საქმეში არ იქნა დაშვებული მოპასუხედ, იგი საქმეში მესამე პირის სტატუსით ჩაება.

ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ც. ე-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა და გაუქმდა მ. ჯ-ის სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების ¹98 აქტში ჩანაწერი 1000მ2 ციტრუსის ნაკვეთზე. მიწის მიღება-ჩაბარების ¹98 აქტში ჩანაწერის გაუქმება დაევალა ჩოჩხათის თემის საკრებულოს.

რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჯ-მა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადებაზე უარის თქმა მოითხოვა.

აპელანტი აღნიშნავდა, რომ ც. ე-ესთან ზეპირი შეთანხმება მიწის ნაკვეთების გაცვლის შესახებ მოხდა არა 1999 წელს, არამედ 1995 წელს და შეთანხმების მიხედვით 3 წლის შემდეგ მიწის ნაკვეთი გადავიდოდა მ. ჯ-ის საკუთრებაში. აპელანტის განცხადებით, 1999 წელს ც. ე-ესთან ერთად შეუთანხმდნენ ჩოჩხათის თემის მაშინდელ გამგებელს მიწის გაცვლის და მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში სათანადო ჩანაწერების გაკეთების თაობაზე. გარდა სიტყვიერი შეთანხმებისა, აპელანტის განცხადებით, 1999წ. თებერვალში მან განცხადებით მიმართა ჩოჩხათის თემის გამგეობის თავმჯდომარეს იმის თაობაზე, რომ თანახმა იყო მისი კუთვნილი 0,2 ჰა საყანე ნაკვრთი გაეცვალა ც. ე-ისათვის 0,1 ჰა ციტრუსის ბაღში. იმავე დღეს ანალოგიური განცხადებით მიმართა ჩოჩხათის რაიონის გამგებელს ც. ე-ემაც.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 16 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილება; ც. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ც. ე-ემ და მ. ჯ-მა 1999წ. 3 თებერვალს განცხადებით მიმართეს ჩოჩხათის თემის გამგეობას, სადაც აღნიშნეს, რომ თანახმა იყვნენ, ურთიერთშორის 0,2 ჰა საყანე ნაკვეთი გაეცვალათ 0,1 ჰა ციტრუსის ნაკვეთში. ამ განცხადებებით ასევე დასტურდებოდა, რომ მხარეთა შორის განხორციელდა მიწის ნაკვეთის გაცვლა, კერძოდ, 1000 კვ.მ ციტრუსის ბაღი გაიცვალა 2000 კვ.მ საყანე ნაკვეთზე და არა 3000 კვ.მ-ზე, როგორც ამას ც. ე-ე უთითებდა თავს სასარჩელო განცხადებაში.

სასამართლო პალატამ აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთის მიზომვა ხდებოდა ადგილობრივი ორგანოს გადაწყვეტილებით, თანახმად საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-11 პუნქტისა, რაც, სასამართლოს აზრით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “ზ” პუნქტის მიხედვით წარმოადგენდა ადმინისტრაციულ გარიგებას.

აღნიშნული დადგენილების მე-11 პუნქტის თანახმად, მიწების გაცემას ახდენს ადგილობრივი სოფლის მმართველობის ორგანო, შემდეგ ამტკიცებს რაიონის მმართველობის ორგანო, რაც დასტურდება სანორატო წესით და რეგისტრიდება მიწების აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, რამდენადაც ც. ე-ესა და მ. ჯ-ს არ ჰქონდათ ამ წესით გადაცემული მიწის ნაკვეთები, ამიტომაც მათ მიმართეს სოფლის გამგეობას მიწების გაცვლის შესახებ, რადგან დასახელებული ¹48 დადგენილების თანახმად, მიწები ჯერ სახელმწიფო საკუთრებად ითვლებოდა და მოცემულ შემთხვევაში არ მოქმედებდა სკ-ის 521-523-ე მუხლები. აღნიშნული მუხლებით დადგენილი წესი იმოქმედებდა მაშინ, როცა მიწის ნაკვეთები მოდავეების საკუთრება იქნებოდა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. ე-ემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის დადგენილების მე-11 პუნქტი, რადგან მათ მიწები საკუთრებაში გადაეცათ “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1996წ. 12 მარტის დადგენილების საფუძველზე.

კასატორი აღნიშნავს, რომ მას სოფლის გამგებლისათვის განცხადებით არ მიუმართავს, მას მიწათმომწყობმა მოაწერინა რაღაცაზე ხელი. ამავე დროს მიწების მონაცვლეობის გაფორმება არ მომხდარა კანონით დადგენილი წესით, მან მხოლოდ მ. ჯ-ის მხრიდან პირობის დარღვევის შემდეგ მოითხოვა მანდარინის ბაღის უკან დაბრუნება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებლობა და მიიჩნევს, რომ კასატორ ც. ე-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად დარჩეს ქუთაისის თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ც. ე-ემ და მ. ჯ-მა 1999წ. 3 თებერვალს განცხადებებით მიმართეს ნაკვეთების გაცვლის თაობაზე ჩოჩხათის თემის გამგეობას და ც. ე-ის 1000 მ2 ციტრუსის ბაღი გაიცვალა მ. ჯ-ის 2000 მ2 საყანე ნაკვეთზე. საკასაციო პალატა აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მას ასეთი განცხადებით სოფლის გამგებლისადმი არ მიუმართავს, რადგან აღნიშნული უარყოფილი არ არის სხვა რაიმე მტკიცებულებებით, გარდა თავად კასატორის განმარტებისა.

საკასაციო პალატა ასევე თვლის, რომ ც. ე-ის მხრიდან გამოხატულ იქნა ნება, მხარეებს შორის მომხდარიყო მიწების მონაცვლეობა, რაც გამოიხატა სოფლის გამგებლისადმი განცხადებით მიმართვაში.

საკასაციო პალატა თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა “საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹48 დადგენილების მე-11 მუხლი და ჩათვალა, რომ სოფლის გამგეობის კომპეტენციაში შედიოდა მიწების მონაცვლეობის საკითხის გადაწყვეტა, რადგან მხარეები არ წარმოადგენენ ამ მომენტისათვის მიწის მესაკუთრეებს კანონით დადგენილი წესის მიხედვით და სოფლის გამგეობას ჰქონდა უფლება, მხარეების მიერ გამოთქმული ნების საფუძველზე, რაც მათ განცხადებაშიც გამოიხატა, განეხორციელებინა მიწების მონაცვლეობა. საკასაციო პალატა ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეები, მათი განცხადებების შინაარსიდან გამომდინარე, შეთანხმდნენ 0,1 და 0,2 ჰა მიწების მონაცვლეობაზე და მ. ჯ-ის მხრიდან პირობის შეუსრულებლობას ადგილი არ ჰქონია.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს კასატორ ც. ე-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, უცლვლელად უნდა დარჩეს, როგორც არსებითად სწორი, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 ივლისის გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორ ც. ე-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართ-ლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 ივლისის გადაწყვეტილება;

3. ც. ე-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 ლარის ოდენობით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.