საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№705აპ-20 ქ. თბილისი
შ-ი გ., 705აპ-20 21 იანვარი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის მოადგილის – ნიკოლოზ დგებუაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 5 თებერვლის განაჩენით გ. შ-ი, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2019 წლის 28 მარტიდან იმავე წლის 4 ივნისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. შ-მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 26 მარტს, დაახლოებით 21:15 საათზე, ქ. თ-ში, დ. დ-ში, ი. პ-ის ქ. №- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. კ-სა და გ. შ-ს შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. ჩხუბის დროს გ. შ-მა, სავარაუდოდ ცივი იარაღის გამოყენებით, გ. კ-ეს გულმკერდისა და ზურგის ქვედა, მარცხენა არეში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობები, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ნიკოლოზ დგებუაძემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. შ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას გ. შ-სათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან, იმის მხედველობაში მიღებით, რომ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მსჯავრდებული ნასამართლობის არმქონეა, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, მიაჩნია, რომ გ. შ-სათვის საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების გათვალისწინებით განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და მიზანშეუწონელია მისი დამძიმება.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ ნიკოლოზ დგებუაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი