Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№695აპ-20 ქ. თბილისი

წ-ი კ., 695აპ-20 20 იანვარი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 თებერვლის განაჩენით კ. წ., – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა, რომ აქვს უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კ. წ-მა ჩაიდინა: ოჯახში სხვაგვარი ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახის წევრების მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახის წევრის – შვილის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. ბ-ში, ბ-ის შესახვევის №--ის ეზოში, კ. წ-მა თავისი ოჯახის წევრის, არასრულწლოვანი შვილიშვილის – მ. ჯ-ის მიმართ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, კერძოდ, კ. წ-მა ხელი დაარტყა თავში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ძალადობას შეესწრო კ. წ-ის მცირეწლოვანი შვილიშვილი ლ. ჭ..

· 2019 წლის 24 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ბ-ში, ბ-ის შესახვევის №--ში, თავის საცხოვრებელ სახლში, კ. წ. ოჯახის წევრს, შვილს – ი. წ-ს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, რაც ი. წ-მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის შემდეგაც გაერიდა და წავიდა მ-ის რაიონში.

· 2019 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. ბ-ში, ბ-ის შესახვევის №-ში, თავის საცხოვრებელ სახლში, კ. წ. ოჯახის წევრებს: შვილს – ი. წ-ს, არასრულწლოვან შვილიშვილს – მ. ჯ-სა და დედას – ი. თ-ეს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, ასევე შეაფურთხა მათ. დაზარალებულებმა რეალურად აღიქვეს მუქარა და გაუჩნდათ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2019 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. ბ-ში, ბ-ის შესახვევის №--ში, თავის საცხოვრებელ სახლში, კ. წ. ოჯახის წევრს, შვილს – ი. წ-ს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განაჩენის შეცვლას, კ. წ-ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდების ოთხივე ეპიზოდში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. კ. წ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ჯ. შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უკანონოა. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ კ. წ-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. დაზარალებულებმა – ი. წ-მა (ბრალდებულის შვილმა), ი. თ-ემ (ბრალდებულის დედამ) და მ. ჯ-ემ (ბრალდებულის შვილიშვილმა) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი. რაც შეეხება ბრალდების მხარის მითითებულ მტკიცებულებებს (მათ შორის – მ. პ-სა და მ. ზ-ის ჩვენებებს, რომლებიც არ არიან მომხდარი ფაქტების თვითმხილველი მოწმეები), ისინი ირიბია და უტყუარად არ ადასტურებს ბრალდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას.

10. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).

11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა, რის გამოც მისი გამეორება საკასაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

12. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი