საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№730აპ-20 ქ. თბილისი
ა-ი დ., 730აპ-20 2 თებერვალი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის განაჩენით დ-ს ა., – დაბადებული 19- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილითა და მე-111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა, რომ აქვს უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ. ა-მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2 ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების, ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· დ. ა-მა ქ. ბ-ში, მ-ის ქ. №-ში მდებარე თავის №- ბინაში, ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა თავისი ოჯახის წევრის, მეუღლის – მ. ქ-ის მიმართ, კერძოდ, 2019 წლის დაახლოებით 15 მარტს, დაახლოებით 17:00 საათის შემდეგ, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ესროლა სკამი, რომელიც მოარტყა ფეხში და ამით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2017 წლის დაახლოებით 4 თებერვალს, საღამოს, 18:00 საათზე, დ. ა-მა რძით სავსე მინის ბოთლი სახეში ესროლა მ. ქ-ეს, რომელსაც გაუსკდა ტუჩი და ამით განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2018 წლის 13 სექტემბერს, საღამოს, 22:00 საათის შემდეგ, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, დ. ა-მა გაშლილი მარჯვენა ხელი დაარტყა მ. ქ-ეს მარცხენა ბეჭისა და სახის მარცხენა არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, შემდეგ კი გულმკერდზე ჰკრა ორივე ხელი.
· 2019 წლის 15 მაისს, დაახლოებით 22:30 საათზე, დ. ა-მა ქ. ბ-ი, მ-ის ქ. №--ში მდებარე თავის №- ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – მ. ქ-ეს მარჯვენა ხელი ჩაარტყა სახესა და თავში, შემდეგ კი ხელი ჰკრა, რის გამოც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
· 2019 წლის 23 მაისს, დაახლოებით 20:00 საათის შემდეგ, დ. ა-მა ქ. ბ-ი, მ-ის ქ. №--ში მდებარე თავის საცხოვრებელ №- ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – მ. ქ-ეს მარცხენა ხელი მოუჭირა მარჯვენა ხელზე, ხოლო მეორე ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა სახესა და თავში, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2019 წლის მაისის დასაწყისში (7 ან 8 მაისს), დაახლოებით 19:00 საათზე, დ. ა-მა ქ. ბ-ი, მ-ის ქ. №--ში მდებარე ბინა №--ში დ. ა-მა ლითონის ჩანგალი ყელზე მიადო თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – მ. ქ-ეს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ასევე დაემუქრა გაგუდვით. მ. ქ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განაჩენის გაუქმებას, დ. ა-ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. ა-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. დაზარალებულმა მ. ქ-ემ თავისი ჩვენებით დაადასტურა დ. ა-ის მხრიდან მასზე ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში (რომელიც მხოლოდ 2019 წლის 23 მაისის ეპიზოდთანაა დაკავშირებული და სხვა ეპიზოდებთან მიმართებით მტკიცებულებად ვერ შეფასდება) აღწერილია დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები, რომლებიც არ შეესაბამება დ. ა-ის მიმართ ბრალად შერაცხულ და ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი დაზიანებების ლოკაციას. მოწმე ნ. ქ. არ შესწრებია ბრალდებულის მხრიდან მ. ქ-ეზე ძალადობის ფაქტს და ამის შესახებ მხოლოდ შვილის გადმოცემით იცის. შესაბამისად, ნ. ქ-ის ჩვენება ირიბია და უტყუარად არ ადასტურებს დ. ა-ის მიერ საქართველოს სსკ-ის მე-111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას.
9. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი