საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№724აპ-20 ქ. თბილისი
ა-ი ნ., 724აპ-20 11 თებერვალი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 5 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 2 ივნისის განაჩენით ნ. ა-ი, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით, ხოლო 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელმაც ასევე შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ნ. ა-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 27 თებერვლიდან.
2. აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 5 აგვისტოს განაჩენით შევიდა ცვლილება: ნ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით, ხოლო 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელმაც ასევე შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ნ. ა-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 27 თებერვლიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ა-მა ჩაიდინა: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, საცავში უკანონო შეღწევით; სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 იანვრისა და 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 376-ე მუხლითა და 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ნასამართლევმა, პირობით მსჯავრდებულმა ნ. ა-მა 2020 წლის 27 თებერვალს, დაახლოებით 03:00 საათზე, თ-ი, მეტროს სადგურ „ა-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს „ს-ის“ კუთვნილი მაცივრის შუშა ჩაამტვრია ქვით და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ერთ ბოთლ წყალ „ს-ს“, ორ ცალ შოკოლად „ს. ს-ს“, სამ ცალ პატარა „ს-სს“, სამ „მ-ს“, ერთ ვაფლს, შოკოლადის ორ ვაფლს და ორ შეკვრას „ჩ. ს-თ“, რითაც დაზარალებულს მიადგა 29 ლარის ქონებრივი ზიანი.
· 2020 წლის 22 თებერვალს, დაახლოებით 02:15 საათიდან 02:25 საათამდე დროის შუალედში, თ-ი, გ-ის ქ. №-ის მიმდებარედ, ნ. ა-მა მ. მ-ის მფლობელობაში არსებული „მერსედესის“ მარკის, „ვიტოს“ მოდელის ავტომობილს (სახ. ნომრით --) რამდენჯერმე ესროლა ქვა, რითიც დააზიანა ავტომობილის წინა, მარცხენა კარის, მარცხენა გვერდითი და საბარგულის მინები. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულს მიადგა 380 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი მ. მ-ე ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანასა და ნ. ა-ისათვის სასჯელის საბოლოო ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის დამძიმების უფლება, როდესაც ამ მუხლზე პროკურორი არ უთითებდა სააპელაციო საჩივარში.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №574აპ-20).
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარადაა დადგენილი, რომ მსჯავრდებულ ნ. ა-ისათვის შერაცხული ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის – 5 წლით თავისუფლების აღკვეთის შემცირებას, პალატა აღნიშნავს, რომ ნ. ა-მა დანაშაული ჩაიდინა იმ დროს, როდესაც იგი პირობით მსჯავრდებული იყო და გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი – იგი ნასამართლევია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 376-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის, რისთვისაც დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, შეფარდებული ჰქონდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
9. პროკურორი სააპელაციო საჩივარში ითხოვდა ნ. ა-ისათვის სასჯელის გამკაცრებას, თუმცა არ უთითებდა რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს: საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ: „დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის დაცვით სასჯელის განსაზღვრა არ ჩაითვლება სააპელაციო საჩივრის ფარგლების გადაცილებად.
10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მოთხოვნის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ნ. ა-ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი