Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №814აპ-20 ქ. თბილისი

ა-ი დ., 814აპ-20 26 თებერვალი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 სექტემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის, ასევე – მსჯავრდებულ დ. ა-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. ა-ს ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფაში, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

2. დ. ა-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· დ. ა-ი და ლ. ბ-ი დაახლოებით 9 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილი – ნ. ა-ი. დ. ა-ი როგორც თანაცხოვრების პერიოდში, ასევე დაშორების შემდეგ ლ. ბ-ს აყენებდა სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, 2012 წლიდან 2017 წლის აგვისტომდე პერიოდში დ. ა-ი და ლ. ბ-ი ცხოვრობდნენ თ-ი, ლ-ში, მე-- კორპუსში, რა დროსაც დ. ა-ი მეუღლეს – ლ. ბ-ს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახში მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით და სოციალური ცხოვრების სფეროში მამაკაცის მიერ ქალისთვის განსაზღვრული ფუნქციის შეუსრულებლობის გამო, სტერეოტიპული გენდერული როლების მორჩილების მოთხოვნით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას იმის გამო, რომ არ მოსწონდა მეუღლის მიერ დალაგებული სახლი, გარეცხილი ტანსაცმელი და მომზადებული საჭმელი.

· 2017 წლის აგვისტოში დ. ა-ი და ლ. ბ-ი ერთმანეთს დაშორდნენ. ამის მიუხედავად, 2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის 5 ნოემბრამდე ქ. თ-ი, ლ-ში, მე--მ/რ-ნის - კორპუსის --ე ბინაში ყოფნისას, ასევე სატელეფონო საუბრისა და პირადი შეხვედრების დროს, დ. ა-ი ყოფილ მეუღლეს – ლ. ბ-ს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათ შორის ეუბნებოდა, რომ იყო „მსუბუქი ყოფაქცევის ქალი“ და ამიტომ არ ურიგდებოდა მეუღლეს. ყოველივე აღნიშნულის შედეგად ლ. ბ-მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

· დ. ა-ის მიერ როგორც თანაცხოვრების პერიოდში, ასევე – დაშორების შემდეგ ლ. ბ-ის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი – ნ. ა-ი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის განაჩენით დ. ა-ი, – დაბადებული 1 წელს, – გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 5 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) და განესაზღვრა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 28 დეკემბრიდან.

4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ა-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

6. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნათია ქომოშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 10 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, დ. ა-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

7. მსჯავრდებული დ. ა-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ დ. ა-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

8. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს მსჯავრდებულ დ. ა-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება. საქმის მასალების მიხედვით, როგორც არასრულწლოვანი მოწმე ნ. ა-ის ჩვენებიდან ირკვევა, მამის მხრიდან დედის მიმართ ძალადობის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტებს არ შესწრებია. იმავეს ადასტურებენ დაზარალებული ლ. ბ-ი და მსჯავრდებული დ. ა-ი. შესაბამისად, არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა დ. ა-ის სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში მსჯავრდებისათვის.

9. სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. საქმეში წარმოდგენილ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა დ. ა-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ გახდება დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი. გასაჩივრებული განაჩენით დასაბუთებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა დ. ა-ის ქმედება დააკვალიფიცირეს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ამასთან, საქმეში არსებული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები (თავად ბრალდებულის აღიარება, დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმები, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვ.) ქმნის საკმარის ერთობლიობას დ. ა-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებისათვის.

10. ამდენად, ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის, ასევე – მსჯავრდებულ დ. ა-ისა და ადვოკატ თ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი