Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №778აპ-20 ქ. თბილისი

ა-ი ე., 778აპ-20 23 თებერვალი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილის – ნიკოლოზ დგებუაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე. ა-ს ბრალად დაედო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ორი პირის მიმართ. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, თ-ი, მ. კ-ას ქ. №-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისა და გაღიზიანების საფუძველზე, ე. ა-მა დანის გამოყენებით ბ. მ-ს – მარცხენა იღლიის არეში, ხოლო ნ. ბ-ს – მარცხენა მხრის, მუცლისა და მარცხენა თეძოს მიდამოებში მიაყენა განზრახ მძიმე, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით ე. ა-ი, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ე. ა-ს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორი – პროკურორი ნიკოლოზ დგებუაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, ე. ა-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

5. ე. ა-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. ტ- შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №87აპ-13 გადაწყვეტილება), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.

9. პალატა გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ე. ა-ის მიერ ნ. ბ-ისა და ბ. მ-ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებული არ არის. დაზარალებულ ნ. ბ-ს კონფლიქტის დეტალები არ ახსოვს, დაზარალებულ ბ. მ-ის გამოკითხვის ოქმიდან კი არ ირკვევა, რომ მას სხეულის დაზიანება ე. ა-მა მიაყენა. არცერთი მოწმე არ მიუთითებს, რომ ე. ა-მა დაჭრა დაზარალებულები. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში აღნიშნულ სხვა მტკიცებულებებს (ექსპერტიზების დასკვნებს, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ამოცნობის ოქმებს და სხვ.), მათზე დეტალურად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, სამართლიანად გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ, ვინაიდან მტკიცებულებათა ანალიზიდან გამომდინარე, შეუძლებელია მაღალი სამართლებრივი სტანდარტით დადასტურებულად იქნეს მიჩნეული, რომ ე. ა-ის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

10. ამდენად, სააპელაციო პალატამ სრულად და ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

11. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ ნიკოლოზ დგებუაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი