საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№715აპ-20 ქ. თბილისი
ბ-ი ბ., 715აპ-20 11 თებერვალი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ გიორგი მუკბანიანის, მსჯავრდებულ ბ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ისა და მსჯავრდებულ ჯ. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ჯ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, ჯ. ო-სა და ბ. ბ-ს ბრალი დაედოთ ქურდული სამყაროს წევრობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
· ჯ. ო-ი აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში. მას სისტემატური და აქტიური კავშირი აქვს კანონიერ ქურდ ნ. ს-თან, ასევე მის გარემოცვაში მყოფ მ. კ-სა და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან. ჯ. ო-ი კანონიერი ქურდებისა და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრების დავალებით აქტიურად მოქმედებს „ქურდული სამყაროს“ მიზნების განსახორციელებლად და თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისათვის.
· ბ. ბ-ი აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში. მას სისტემატური და აქტიური კავშირი აქვს კანონიერ ქურდ ნ. ს-თან, ასევე მის გარემოცვაში მყოფ მ. კ-სა და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან. ჯ. ო-ი კანონიერი ქურდებისა და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრების დავალებით აქტიურად მოქმედებს „ქურდული სამყაროს“ მიზნების განსახორციელებლად და თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისათვის.
· ჯ. ო-ი 2018 წლის თებერვალ-მარტის თვეებში დაუკავშირდა ი. მ-ს, რომელსაც კატეგორიულად მოსთხოვა, თანხა გადაეხადა იმ პირებისათვის, რომლებიც მისი დავალებით აწარმოებდნენ სამშენებლო სამუშაოებს და დაუთქვა შეხვედრა. რამდენიმე დღეში მას ასევე დაუკავშირდა ბ. ბ-ი, რომელმაც უთხრა, რომ ჯ. ო-ი იყო „საშიში პიროვნება“ და დაჰპირდა პრობლემის მოგვარებას „კანონიერი ქურდების“ მეშვეობით. აღნიშნულის შემდეგ ბ. ბ-მა შეატყობინა ი. მ-ს, რომ თ-ში მყოფი კანონიერი ქურდის – ნ. ს-ის, მეტსახელად – „გ-ის“ და მასთან ერთად მყოფი კრიმინალური ავტორიტეტის – მ. კ-ის, მეტსახელად – „მ-ს“ გადაწყვეტილებით მას თანხის გადასახდელად დაუწესეს ოთხთვიანი ვადა.
· ამის შემდეგ ბ. ბ-მა და ჯ. ო-მა დათქვეს შეხვედრა „კანონიერი ქურდების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად. ჯ. ო-მა დაადგინა გადასახდელი თანხის ოდენობა – 20000 ლარი, რომლის ნახევარი, „კანონიერი ქურდების“ გადაწყვეტილებით, ი. მ-ს უნდა გადაეხადა 2018 წლის 15 მაისამდე, ხოლო ნახევარი – მითითებული თარიღიდან ორი თვის განმავლობაში. „კანონიერი ქურდების“ აღნიშნული გადაწყვეტილება ი. მ-ს გამოუცხადეს ჯ. ო-მა და ბ. ბ-მა. გადაწყვეტილების შესრულებაზე „კანონიერი ქურდების“ წინაშე პასუხისმგებლობა იკისრა ბ. ბ-მა.
· ი. მ-მა დაწესებული დროისათვის – 2018 წლის 15 მაისისთვის ვერ შეძლო „კანონიერი ქურდების“ გადაწყვეტილებით ჯ. ო-ისა და ბ. ბ-ის მიერ მისთვის დაკისრებული შესაბამისი ოდენობის თანხის გადახდა.
· აღნიშნულის შემდეგ, თავისი კრიმინალური ავტორიტეტისა და „ქურდული სამყაროს“ ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვების მიზნით, ბ. ბ-ი სისტემატურად უკავშირდებოდა ი. მ-ს და მუქარითა და დაშინებით, აგრეთვე საკუთარი კრიმინალური მდგომარეობის გამოყენებით სთხოვდა თანხის დროულად გადახდას, თან ეუბნებოდა, რომ, თუ უახლოეს დღეებში დაკისრებულ თანხას არ გადაიხდიდა, იგი, როგორც „ქურდული სამყაროს“ მიმდევარი, უშუალოდ აღასრულებდა „კანონიერი ქურდების“ გადაწყვეტილებას მისი ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ, ვინაიდან მან უგულებელყო „კანონიერი ქურდებისათვის“ მიცემული სიტყვა, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შელახა მისი, როგორც კრიმინალური სამყაროს წევრის, ავტორიტეტი.
· გარდა ამისა, ბ. ბ-მა ი. მ-ი დააშინა „კანონიერი ქურდების“ მხრიდან „ქურდულ სამყაროში“ აღიარებული წესების შესაბამისად მისი გაკიცხვისა და ძალადობრივი მოქმედებების შესახებ, რომლის შესრულება შეეძლო როგორც მას, ასევე – „ქურდული სამყაროს“ მიმდევარ ნებისმიერ პირს.
· 2018 წლის 22 მაისს, ი. მ-ისა და ჯ. ო-ის შეხვედრისას, ამ უკანასკნელმა, თავისი კრიმინალური ავტორიტეტისა და „ქურდული სამყაროს“ ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვების მიზნით, დააშინა ი. მ-ი, რომ „კანონიერი ქურდების“, მისი და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრების მოტყუება და მათი ავტორიტეტის შელახვა „მისთვის კარგად არ დასრულდებოდა“ და დაემუქრა, რომ ბევრ ადამიანს შეეძლო მისი ფიზიკური ლიკვიდაცია.
· გარდა აღნიშნულისა, ჯ. ო-ი და ბ. ბ-ი, თავიანთი კრიმინალური ავტორიტეტისა და „ქურდული სამყაროს“ ძალაუფლებისა და გავლენის დამკვიდრებისა და განმტკიცების მიზნით, 2018 წლის მაისში აქტიურად ურთიერთობდნენ და განიხილავდნენ „კანონიერი ქურდების“ მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების აღსრულების საკითხებს, რომელთა თანახმად, „კანონიერი ქურდების“ გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და მათი კრიმინალური ავტორიტეტის შელახვისათვის ი. მ-ს ფიზიკურად უნდა გასწორებოდნენ და ასევე საუბრობდნენ მის შესაძლო ლიკვიდაციაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის განაჩენით ჯ. ო-ისა და ბ. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
ჯ. ო-ი, – დაბადებული 19-- წელს და ბ. ბ-ი, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯათ 4-4 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯ. ო-მა სასჯელი უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“, ხონი-ქუტირი) გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა უნდა გაგრძელდეს საერთო წესით.
მსჯავრდებულებს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალათ დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 9 ივნისიდან 2019 წლის 7 მარტის ჩათვლით.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ ჯ. ო-მა და ბ. ბ-მა ჩაიდინეს გამოძალვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთისა და ქონებრივი სარგებლის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
· ჯ. ო-ი 2018 წლის თებერვალ-მარტის თვეებში დაუკავშირდა ი. მ-ს და კატეგორიულად მოსთხოვა, თანხა გადაეხადა იმ პირებისათვის, რომლებიც მისი დავალებით აწარმოებდნენ სამშენებლო სამუშაოებს და დაუთქვა შეხვედრა. რამდენიმე დღეში მას ასევე დაუკავშირდა ბ. ბ-ი, რომელიც დაჰპირდა პრობლემის მოგვარებას. ი. მ-ს თანხის გადასახდელად დაუწესეს ოთხთვიანი ვადა.
· ჯ. ო-მა დაადგინა გადასახდელი თანხის ოდენობა – 20000 ლარი, რომლის ნახევარი ი. მ-ს უნდა გადაეხადა 2018 წლის 15 მაისამდე, ხოლო ნახევარი – მითითებული თარიღიდან ორი თვის განმავლობაში.
· ი. მ-მა დაწესებული დროისათვის – 2018 წლის 15 მაისისათვის ვერ შეძლო ჯ. ო-ისა და ბ. ბ-ისათვის დაპირებული თანხის გადახდა.
· აღნიშნულის შემდეგ ბ. ბ-ი სისტემატურად უკავშირდებოდა ი. მ-ს და მუქარითა და დაშინებით სთხოვდა თანხის დროულად გადახდას და ეუბნებოდა, რომ, თუ უახლოეს დღეებში დაკისრებულ თანხას არ გადაიხდიდა, იგი ფიზიკურად გაუსწორდებოდა, ვინაიდან ი. მ-მა უგულებელყო დაპირება და „უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო იგი“.
· 2018 წლის 22 მაისს, ი. მ-ისა და ჯ. ო-ის შეხვედრისას, ჯ. ო-მა დააშინა ი. მ-ი, რომ მათი მოტყუება და ავტორიტეტის შელახვა „მისთვის კარგად არ დასრულდებოდა“ და დაემუქრა, რომ ბევრ ადამიანს შეეძლო მისი ფიზიკური ლიკვიდაცია.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა, მსჯავრდებულ ბ. ბ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. რ-მა და მსჯავრდებულ ჯ. ო-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ჯ-ამ.
6. პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას, ჯ. ო-ისა და ბ. ბ-ის დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
7. ადვოკატები – ზ. რ-ი და თ. ჯ-ა საკასაციო საჩივრებით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ჯ. ო-ისა და ბ. ბ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო პალატა არ იზიარებს მხარეთა საკასაციო საჩივრების პოზიციებს და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მასალებით, ექსპერტიზების დასკვნებითა და სხვა მტკიცებულებებით) უტყუარად დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა – ჯ. ო-მა და ბ. ბ-მა ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიღო კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.
11. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
12. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა მხარეთა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ გიორგი მუკბანიანის, მსჯავრდებულ ბ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ისა და მსჯავრდებულ ჯ. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ჯ-ას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი