ბს-1262-837(კ-05) 27 თებერვალი, 2006წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 9 თებერვალს თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა რ. ჯ-ემ მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სამუშაოდან მისი გათავისუფლების შესახებ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ¹24-კ ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა.
მოგვიანებით, 2005წ. 18 მარტს, რ. ჯ-ემ იმავე სასამართლოში დაზუსტებული სასარჩელო განცხადება წარადგინა და მოითხოვა:
ა. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005წ. 5 იანვრის ¹24-კ ბრძანების არაკანონიერად აღიარება და ბათილად ცნობა მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში;
ბ. მოსარჩელის დაუყოვნებლივ აღდგენა მის თანამდებობაზე;
გ. იძულებითი განაცდურისა და მისი მუშაობის პერიოდში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
მოსარჩელე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში მუშაობდა 1992 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობებზე. სამუშაოდან გათავისუფლებამდე ეკავა რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საბაჟო გამშვები პუნქტი « ....... « ინსპექტორის თანამდებობა. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005წ. 5 იანვრის ¹24-კ ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანება გამოცემული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. მოპასუხემ ბრძანების მიღებისას დაარღვია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა. კანონის აღნიშნული ნორმის თანახმად, მოხელე არ შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო თანამდებობიდან, თუ იგი თანახმა იყო, დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე. მოპასუხემ ასევე დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები სამუშაოზე უპირატესი დარჩენის თაობაზე. მოსარჩელის მოსაზრებით, იგი აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა, კერძოდ, საბაჟო სისტემაში მუშაობდა 1992 წლიდან, ჰქონდა საბაჟო საქმის ცოდნის დიდი გამოცდილება და კვალიფიკაცია, ადმინისტრაციას მის მიმართ არ ჰქონია გამოყენებული დისციპლინური სახდელი, მიღებული ჰქონდა მადლობა ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ამასთან, იგი იყო ოჯახის ერთ-ერთი მარჩენალი. მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2 და 22-ე მუხლების საფუძველზე.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 18 მარტის გადაწყვეტილებით რ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, უკანონოდ იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005წ. 5 იანვრის ¹24-კ ბრძანება რ. ჯ-ის გათავისუფლების თაობაზე; რ. ჯ-ე აღდგენილ იქნა რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საბაჟო გამშვები პუნქტი « ...... « ინსპექტორის თანამდებობაზე; მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2005წ. 5 იანვრიდან უკანონოდ გათავისუფლების მთელ პერიოდში.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ მოტივებს:
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005წ. 5 იანვრის ¹24-კ სადავო ბრძანება იყო ინდივიდუალურ-სამართლებრივი ხასიათის, რომელიც კონკრეტულად რ. ჯ-ესა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის ადმინისტრაციული გარიგების, საჯარო სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას შეეხებოდა. ვინაიდან ბრძანების სამართლებრივი შედეგი საჯარო შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას წარმოადგენდა, ამიტომ ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ იყო არა ადმინისტრაციული აქტი, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს ცალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართული იყო საჯარო შრომითი სამართალურთიერთობის შეწყვეტისაკენ. აქედან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერებაზე დავები განხილული უნდა ყოფილიყო, როგორც ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები. სასამართლოს მოსაზრებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო, შტატების შემცირების გამო მოსარჩელეთა გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას ეხელმძღვანელა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით, რომელიც ადგენდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების განსაზღვრის წესს. მოპასუხემ მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას არ დაიცვა შრომის კანონთა კოდექსის აღნიშნული 36-ე მუხლით განსაზღვრული აუცილებელი პროცედურა: არ შეისწავლა, ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება. საკითხის ამგვარი გადაწყვეტით მოსარჩელეს მოესპო საშუალება, გაცნობოდა იმ მონაცემებს, რომელთა გათვალისწინებითაც სხვა მოხელეებს მიენიჭათ უპირატესობა თანამდებობაზე დატოვებისას და სურვილის შემთხვევაში ეჭქვეშ დაეყენებინა და დადგენილი წესით გაესაჩივრებინა ადმინისტრაციის ამგვარი გადაწყვეტილება. მოპასუხემ დაარღვია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად, მოხელე არ შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 21 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა რ. ჯ-ის განცხადება თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 18 მარტის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივებით:
აპელანტის მოსაზრებით, მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ადმინისტრაციის მიერ დაცულ იქნა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა. რეორგანიზაციამდე მოქმედი და რეორგანიზაციის შემდეგ დამტკიცებული საშტატო განრიგების შედარებისას ნათლად ირკვეოდა, რომ განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის დროს რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საშტატო რიცხოვნობა შემცირდა 48 საშტატო ერთეულით, საბაჟო გამშვები პუნქტი « ....... « _ 22 საშტატო ერთეულით, ხოლო ინსპექტორების საშტატო რიცხოვნობა _ 12 საშტატო ერთეულით. ამის გამო ადმინისტრაცია მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოსარჩელისათვის შეეთავაზებინა სხვა თანამდებობა. ადმინისტრაცამ იმსჯელა, თუ ვის ენიჭებოდა შტატების შემცირებისას სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება და შესაბამისი წარდგინებების საფუძველზე მოხდა მოხელეთა თანამდებობებზე დანიშვნა.
ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა ასევე გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 21 მარტის განჩინება კერძო საჩივრით, მოითხოვა განჩინების გაუქმება და რ. ჯ-თვის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმა, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე კანონიერად გათავისუფლდა თანამდებობიდან, და არ არსებობდა მისი სამუშაოზე აღდგენის საფუძველი. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 25 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 5 ივლისის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 18 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ჯ-ე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005წ. 5 იანვრის ¹24-კ ბრძანებით გათავისუფლდა, რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საბაჟო გამშვები პუნქტი « ....... « ინსპექტორის თანამდებობიდან, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შტატების შემცირების მოტივით; საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაციას მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობაზე დანიშვნა არ შეუთავაზებია და არც ის საკითხი გამოურკვევია, თუ ვის ენიჭებოდა რეორგანიზაციის დროს სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება; რეგიონალურ საბაჟო «დასავლეთში» 2004წ. 2 დეკემბრიდან დანიშნულ იქნა ხუთი ახალი თანამშრომელი, მათ შორის, სამი ინსპექტორის თანამდებობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ სადავო ბრძანების გამოცემისას დარღვეულ იქნა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნიდა საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევდა შტატების შემცირება, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლებოდა ამავე კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად, მოხელე შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის დებულებიდან გამომდინარე, მოხელე არ შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან, თუ იგი თანახმა იყო დაენიშნათ სხვა თანამდებობაზე. საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს რ. ჯ-თვის სხვა თანამდებობაზე დანიშვნა არ შეუთავაზებია, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით წარმოადგენდა კანონის ზემოაღნიშნული ნორმის უხეშ დარღვევას.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაცია არ იყო უფლებამოსილი, გაეთავისუფლებინა რ. ჯ-ე დაკავებული თანამდებობიდან, ვიდრე არ შესთავაზებდა და ეს უკანასკნელი უარს არ განაცხადებდა სხვა თანამდებობაზე დანიშვნაზე. ამდენად, მოპასუხეს უნდა ეხელმძღვანელა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებდა სამუშაოზე უპირატესი დარჩენის საკითხის განხილვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა მოარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლებისას დაარღვია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილი, შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი, რის გამოც გასაჩივრებული ბრძანება ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 5 ივლისის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 21 მარტისა და 25 აპრილის განჩინებები და მიღებულ იქნა ახალი განჩინება, რ. ჯ-ის განცხადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 18 მარტის გადაწყვეტილება საბაჟო «დასავლეთის» საბაჟო გამშვები პუნქტი « ........ « ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 5 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ფინანსთა მინისტრის 2004წ. 2 დეკემბრის ¹775 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის თანახმად, რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 342 საშტატო ერთეულით, საბაჟო გამშვები პუნქტი « ........ « საშტატო რიცხოვნობა _ 46 საშტატო ერთეულით, ინსპექტორის _ 32 ერთეულით. რეორგანიზაციამდე მოქმედი და რეორგანიზაციის დროს დამტკიცებული საშტატო განრიგების შედარებისას ნათლად ირკვეოდა, რომ რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საშტატო რიცხოვნობა შემცირდა 48 საშტატო ერთეულით, საბაჟო გამშვები პუნქტი « ....... « _ 22 საშტატო ერთეულით, ხოლო ინსპექტორის საშტატო რიცხოვნობა შემცირდა 12 ერთეულით. ადმინისტრაცია მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოსარჩელისათვის შეეთავაზებინა სხვა თანამდებობა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია მოპასუხის მიერ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა, ვინაიდან აღნიშნული პირველი პუნქტი არეგულირებდა მოხელის გათავისუფლებას შტატების შემცირების გამო, ხოლო მე-2 პუნქტი მხოლოდ იმ გამონაკლის შემთხვევებს განიხილავდა, როდესაც ადმინისტრაცას ჰქონდა მოხელისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზების შესაძლებლობა. რაც შეეხებოდა იძულებითი განაცდური ხელფასის გაცემას, კასატორის მითითებით, აღნიშნულს საბაჟო დეპარტამენტი ასევე ვერ დააკმაყოფილებდა იმის გამო, რომ ბიუჯეტში აღნიშნული თანხები რამდენჯერმე იქნა სეკვესტრირებული. «საქართველოს 2004წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის შესაბამისად, დავალიანებები უნდა უნდა გაეცა ფინანსთა სამინისტროს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 ივლისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005წ. 5 იანვრის ¹24-კ ბრძანების კანონდარღვევით გამოცემის თაობაზე, კერძოდ, მიიჩნევს, რომ აღნიშნული ბრძანება გამოცემულია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის, შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნათა უხეში დარღვევით.
დადგენილია, რომ მოსარჩელე რ. ჯ-ე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005წ. 5 იანვრის ¹24-კ ბრძანებით გათავისუფლდა რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საბაჟო გამშვები პუნქტი « ........ « ინსპექტორის თანამდებობიდან, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. აღნიშნული ნორმა არეგულირებს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების შემთხვევაში, ამასთან, ამ მუხლის განმარტება და გამოყენება დაუშვებელია იმგვარად, რომ საჯარო მოხელე შტატების შემცირების შემთხვევაში უპირობოდ, ავტომატურად უნდა დაექვემდებაროს სამუშაოდან გათავისუფლებას. აღნიშნული ნორმის ამგვარი გამოყენება მოხელის შრომითი უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
საჯაროსამართლებრივი ნორმების მიზანი, უწინარეს ყოვლისა, სტაბილური საჯარო წესრიგის დამკვიდრება და ხელშეწყობაა, მათ შორის, საჯარო-შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში. კანონმდებლის მიერ საჯარო სამსახურის ერთ-ერთ ძირითად პრინციპად, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-13 მუხლის «თ» პუნქტის თანახმად, აღიარებულია საჯარო მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობის პრინციპი, ვინაიდან სახელმწიფო აპარატი ეფექტურად ფუნქციონირებს მხოლოდ სტაბილური და პროფესიული საჯარო სამსახურის პირობებში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტი არ გულისხმობს დაწესებულების შტატების შემცირების შემთხვევაში ადმინისტრაციისათვის მოხელის სამუშაოდან უპირობოდ გათავისუფლების შესაძლებლობის მინიჭებას. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლისა და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად, შტატების შემცირების შემთხვევაშიდაწესებულებამ უნდა განსაზღვროს დარჩენილ საშტატო თანამდებობებზე დასატოვებელ პირთა წრე, ანუ უნდა გამოარკვიოს უპირატესი დარჩენის საკითხი აღნიშნულ 36-ე მუხლში განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ამასთანავე, თუკი არ არსებობს იმავე საშტატო ერთეულზე მოხელის დასაქმების შესაძლებლობა, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლისა და შრომის კანონთა კოდექსის 421-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტების მოთხოვნიდან გამომდინარე, მოხელის დათხოვნა მაინც დაუშვებელია, თუკი არ გამოირიცხება იმავე დაწესებულებაში მისი შემდგომი დასაქმების შესაძლებლობა და მოხელე თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. ადმინისტრაცია ვალდებულია, შესთავაზოს მოხელეს შესაბამისი თანამდებობა, რომლის შესაძლებლობაც დაწესებულებაშია, მოხელეთა უპირატესი დარჩენის საკითხის გათვალისწინებით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული პირობების დაცვის შემდეგ გამოვლინდება, რომ დაწესებულებაში არ არსებობს შესაბამისი ვაკანსია ან მოხელეს არა აქვს შემოთავაზებული თანამდებობის დაკავების სურვილი, შესაძლებელია მისი გათავისუფლება. დაწესებულების რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით მოხელის სამუშაოდან გათავისუფლების შემთხვევაში ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი გამოსაცემად უნდა მომზადდეს ადმინისტრაციის მიერ ზემოაღნიშნული აუცილებელი პროცედურის დაცვის გზით, რომლის უგულებელყოფა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის არსებით დარღვევას წარმოადგენს და ამდენად, გამოცემული აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ საბაჟო დეპარტამენტს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ განუხილავს მოსარჩელის სამუშაოზე დარჩენის საკითხი. სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შემდეგ სამუშაოზე მიიღო ახალი თანამშრომლები, რომელთაც მანამდე არ უმუშავიათ საბაჟო სისტემაში. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ აღნიშნულ გარემოებებს და ვერც იმ გარემოებას ასაბუთებს, რომ მოსარჩელისათვის საბაჟო სისტემაში სხვა ვაკანტური თანამდებობის შეთავაზების შესაძლებლობა მას, რეალურად, არ ჰქონია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოხელის სამუშაოდან გათავისუფლება დაუშვებელია, თუკი დაწესებულებას აქვს ვაკანტურ თანამდებობაზე აღნიშნული მოხელის დანიშვნის შესაძლებლობა. ამასთან, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლისა და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე, შტატების შემცირების შემთხვევაში, შემცირებულ საშტატო ერთეულებზე დასატოვებელ მოხელეთა წრე უნდა განისაზღვროს დაწესებულებაში მომუშავე მოხელეთა ფარგლებში. ამდენად, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი ვალდებული იყო, რეორგანიზაციის შემდგომ დამტკიცებულ საშტატო ერთეულებზე, პირველ რიგში, დაესაქმებინა საბაჟო სისტემაში რეორგანიზაციამდე დასაქმებული მოხელეები, ხოლო თუკი მას, რეალურად, გააჩნდა შესაბამისი ვაკანტური საშტატო ერთეულები, დაუშვებელი იყო შტატების შემცირების მოტივით მოსარჩელის გათავისუფლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საბაჟო დეპარტამენტს არ დაუცავს მოსარჩელეთა სამუშაოზე გათავისუფლების აუცილებელი პროცედურა, რომლის დაცვის შემთხვევაში არ მოხდებოდა ამგვარი გადაწყვეტილების მიღება, რის გამოც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სახეზეა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად ფინანსთა სამინისტროს მიჩნევის თაობაზე. დადგენილია, რომ მოსარჩელე საჯაროსამსახურებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა საბაჟო დეპარტამანტთან, მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ გამომდინარეობს აღნიშნული საჯაროსამსახურებრივი ურთიერთობიდან, როგორც მისი თანმდევი შედეგი, ხოლო ამ ურთიერთობის მონაწილე ვალდებულ მხარეს მოცემულ შემთხვევაში განეკუთვნება უშუალოდ საბაჟო დეპარტანენტი და არა ფინანსთა სამინისტრო, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლები, რის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს, სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 53-ემუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 ივლისის განჩინება;
3. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.