Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№760აპ-20 ქ. თბილისი

ბ-ი დ., 760აპ-20 26 თებერვალი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენით დ. ბ-ი, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 30 ივლისიდან.

2. ამავე განაჩენით მ. ა-ე, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 4 წლით, ხოლო 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ დ. ბ-მა ჩაიდინა: ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება; ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ე.ი. ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ხოლო მ. ა-ემ – ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გასაღება; ასევე – ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება.

5. დ. ბ-ისა და მ. ა-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· შპს „შ.“ (ს/ნ --) იურიდიულ პირად რეგისტრირებულია 2018 წლის 7 დეკემბერს. რეგისტრაციის დღიდან საწარმოს 100% წილის მფლობელი და დირექტორია დ. ბ-ი (პ/ნ --). შპს „შ.ის“ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ლითონის მეორეული მასალებითა და ჯართით ვაჭრობა.

· შპს „ა-ი“ (ს/ნ --) იურიდიულ პირად რეგისტრირებულია 2018 წლის 21 დეკემბერს. რეგისტრაციის დღიდან საზოგადოების 100% წილის მფლობელი და დირექტორია მ. ა-ე (პ/ნ --). შპს „ა-ის“ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს დახარისხებული მასალების უტილიზაცია.

· 2018 წლის დეკემბერში შპს „შ.ის“ დირექტორმა დ. ბ-მა და შპს „ა-ის“ დირექტორმა მ. ა-ემ განიზრახეს, ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერის გზით (თითქოსდა ლითონის ემალირებული ავზებისა და მეორადი მასალების ნასყიდობის შესახებ), დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩასათვლელი აქტივის ზედმეტობის შექმნა, რომელსაც შპს „შ.ი“ შემდგომში გამოიყენებდა მის მიერ სხვადასხვა სამეურნეო ოპერაციის წარმოების პროცესში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებებისა და ვალდებულებების (იმპორტის გადასახადი, აქციზის გადასახადი, დამატებითი ღირებულების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი) ჩასაქვითად.

· შეთანხმებული გეგმისა და მათ შორის არსებული განზრახვის შესაბამისად, მ. ა-ემ, შპს „ა-ის“ სახელით, მიუხედავად იმისა, რომ შპს „ა-ს“ რეგისტრაციის დღიდან არანაირი საქონლის არც შეძენა და არც იმპორტი არ განუხორციელებია, „შ.ის“ სახელზე გამოწერა 2018 წლის 30 დეკემბერს ---- 1 633 025 (დღგ 249 105) ლარის (რაც შპს „შ.ის“ დირექტორმა დ. ბ-მა დაადასტურა 2018 წლის 31 დეკემბერს); 2018 წლის 31 დეკემბრის - --– 8 291 200 (დღგ 1 264 759 ) ლარის (რაც შპს „შ.ის“ დირექტორმა დ. ბ-მა დაადასტურა 2018 წლის 31 დეკემბერს); 2019 წლის 15 იანვარს - – 17 885 300 (დღგ 2 728 266) ლარის (რაც შპს „შ.ის“ დირექტორმა დ. ბ-მა დაადასტურა 2019 წლის 15 იანვარს) და 2019 წლის 30 იანვარს - --– 7 092 850 (დღგ 1 081 960) ლარის (რაც შპს „შ.ის“ დირექტორმა დ. ბ-მა დაადასტურა 2019 წლის 10 თებერვალს) ღირებულების ფიქციური, თითქოსდა ლითონის ემალირებული ავზებისა და მეორადი მასალების ნასყიდობის შესახებ სამეურნეო ოპერაციის ამსახველი საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომლის საფუძველზეც შპს „შ.ის“ გადამხდელის ბარათზე აისახა დამატებული ღირებულების გადასახადის ჩასათვლელი აქტივის ზედმეტობა, ჯამურად – 5 324 091 ლარის ოდენობით. 2019 წლის 15 იანვარსა და 2019 წლის 10 თებერვალს შპს „შ.ის“ დირექტორმა დ. ბ-მა საგადასახადო ორგანოში წარადგინა დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაცია (რეგ. --და --) და მოახდინა აღნიშნული თანხის ჩათვლა.

· 2018 წლის 30 დეკემბრიდან 2019 წლის 30 იანვრამდე პერიოდში შპს „ა-ის“ დირექტორ მ. ა-ის მიერ გამოწერილი 2018 წლის 30 დეკემბრის -- -, 2018 წლის 31 დეკემბრის -- -, 2019 წლის 15 იანვრის -- – - და 2019 წლის 30 იანვრის ეა 27 –, ჯამურად – 34 902 375 ლარის ფიქციური (ყალბი), თითქოსდა ლითონის ემალირებული ავზებისა და მეორადი ლითონის მასალების ნასყიდობის შესახებ სამეურნეო ოპერაციის ამსახველი საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე შპს „შ.ის“ გადამხდელის ბარათზე ჯამურად აისახა დამატებული ღირებულების გადასახადის ჩასათვლელი აქტივის ზედმეტობა – 5 324 091 ლარი.

· აღნიშნული თანხის ნაწილი – 29 882 ლარი შპს „შ.ის“ დირექტორ დ. ბ-ის მიერ მინდობილი პირების – მ. ჩ-ას (პ/ნ --) და გ. გ-ის (პ/ნ --) მეშვეობით, სრულად იქნა გამოყენებული 2019 წლის 23 მარტიდან იმავე წლის 4 აპრილამდე პერიოდში იმპორტირებული ავტომანქანების განბაჟების პროცესში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებების (იმპორტის გასახადი, აქციზის გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი) ჩასაქვითად, ხოლო 28 983 ლარი დ. ბ-მა გამოიყენა 2019 წლის 13 აპრილის -- დღგ-ს დეკლარაციის საფუძველზე წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულების ჩასაქვითად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. ბ-მა, რომელმაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ გამოვლინდა გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში ყურადღება გამახვილებულია იმავე მოტივებზე, რაზეც მხარემ მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება. საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით (კერძოდ: მოწმეების ჩვენებებით, იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით, ყალბი ინფორმაციის შემცველი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციითა და სხვა მტკიცებულებებით) უტყუარადაა დადასტურებული დ. ბ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

10. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და რადგან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი