Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№765აპ-18 ქ. თბილისი

ბ-ი ა., 765აპ-18 5 თებერვალი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან გურაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განაჩენით ა. ბ-ი, – დაბადებული 19--წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში; მასვე განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. ბ-ს ბრალი ედებოდა: ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენასა და შენახვაში იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სს კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენასა და შენახვაში, ასეთი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევმა ა. ბ-მა უკანონოდ შეიძინა და 2017 წლის 23 თებერვლამდე უკანონოდ ინახავდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებულ AB-CHMINACA-ს, ADB-FUBINACA-სა და FUB-AMB-ს შემცველ ნივთიერებას, რომელიც 2017 წლის 23 თებერვალს ქ. თ-ი, ს. დ-ში, ს-ის ქ. N--ში მდებარე ა. ბ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

· თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევმა ა. ბ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა. 2017 წლის 23 თებერვალს ქ. თ-ი, ს. დ-ში, ს-ის ქ. N--ში მდებარე ა. ბ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს 0,000038 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ა. ბ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. საკასაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ა. ბ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ ა. ბ-ის ბრალეულობას მისთვის ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენაში; მხოლოდ ვარაუდი, რომ ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებები ეკუთვნოდა ა. ბ-ს, რადგან ის ნასამართლევია ანალოგიური დანაშაულის ჩადენისათვის, ვერ გახდება მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ ქეთევან გურაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი