საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№729აპ-20 ქ. თბილისი
ბ. გ-ი, 729აპ-20 12 თებერვალი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძისა და მსჯავრდებულ გ. ბ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ბ-ეს ბრალი დაედო: ორი პირის მიმართ ძალადობაში, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარად დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით 08:00 საათზე, გ. ბ-ემ ქ-ი, მ. ა-ის ქ. N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ-ის ცენტრალური საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს მდებარე --- აგარაკის მახლობლად, ტ. მ-ასა და ქ. ო-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულების
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენით გ. ბ-ე, – დაბადებული -- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2017 წლის 3 ნოემბრიდან იმავე წლის 8 ნოემბრამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 4500 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ბ-ემ ჩაიდინა იძულება – ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის 1 ოქტომბერს, დილის საათებში, გ. ბ-ემ ქ-ი, მემედ ა-ის ქ. N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ-ის ცენტრალური საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს მდებარე -- აგარაკის მახლობლად, ქ. ო-სა და ტ. მ-ას უკანონოდ შეუზღუდა ქმედების თავისუფლება, არ აძლევდა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, გაედევნა მანქანით და მათზე ფსიქიკური ზემოქმედება მოახდინა – დაემუქრა ბეისბოლის ე.წ. „ბიტით“, შემდეგ ტ. მ-ა აიძულა, მისთვის გადაეცა ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული, ქ. ო-ის კუთვნილი, „MEIZU FLYME-ს“ ფირმის, 350 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი არ დაუბრუნა მესაკუთრეს და თვითონ დაეუფლა ავტომანქანით მომსახურების თანხის საკომპენსაციოდ, შესაბამისად, განაცდევინა თავიანთი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი პაატა ცეცხლაძე ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, გ. ბ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო მსჯავრდებული ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 25 ივნისის განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. მხარეები ვერ უთითებენ ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ბ-ის ქმედების სამართლებრივი შეფასების ნაწილში და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სსკ-ის 178-ე და 126-ე მუხლებით დაკვალიფიცირების თაობაზე, რადგან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ გ. ბ-ემ ჩაიდინა დაზარალებულების მიმართ იძულება; მას მხოლოდ სურდა, რომ ქ. ო-სა და ტ. მ-ას გადაეხადათ ავტომანქანით მომსახურების თანხა, რისთვისაც შეუზღუდა ქმედების თავისუფლება, კერძოდ: დაედევნა მათ მანქანით, არ მისცა თავისუფლად გადაადგილების საშუალება, დაემუქრა ბეისბოლის „ბიტით“, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და წაართვა მობილური ტელეფონი. სწორედ პირისათვის თავისუფალი არჩევანის მიუცემლობა წარმოადგენს იძულებას (მაგალითისათვის იხ. №391აპ-14, №202აპ-13).
10. საკასაციო პალატა ასევე არ ეთანხმება მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით (დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებებით, ამოცნობის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ამოღების ოქმებითა და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ექსპერტიზის დასკვნითა და სხვ.) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ. ბ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.
11. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა მხარეთა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძისა და მსჯავრდებულ გ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი