საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№703აპ-20 ქ. თბილისი
გ-ი ე., 703აპ-20 10 თებერვალი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის განაჩენზე მ-ის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 თებერვლის განაჩენით ჯ. მ-ი, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა ჯარიმა – 500 ლარი.
2. ამავე განაჩენით ე. გ-ი, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა ჯარიმა – 500 ლარი.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ჯ. მ-მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ხოლო ე. გ-მა – ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ორი პირის მიმართ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 3 დეკემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, მ-ის ბაზარში, ავტომანქანის გაჩერებასთან დაკავშირებით ხ. ხ-ს შელაპარაკება მოუხდა ე. გ-სა და ჯ. მ-თან, რა დროსაც ე. გ-მა ხელთ არსებული ჯოხი სახის არეში დაარტყა ხ. ხ-ს. მის დასახმარებლად მისულმა ხ. ხ-ის მეუღლემ – რ. ზ-ამ ხელით დაიჭირა ჯოხი, რა დროსაც ჯ. მ-მა დაარტყა მტევანში, ხოლო ე. გ-მა – მუშტი დაარტყა მარცხენა ბეჭის არეში. ცემის შედეგად ხ. ხ-მა და რ. ზ-ამ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ზაზა ცქვიტარია ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით (მათ შორის: თავად ბრალდებულების აღიარებით, დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებებით, სამედიცინო დოკუმენტაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითა და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ჯ. მ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ე. გ-მა – სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
9. რაც შეეხება მსჯავრდებულებისათვის დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულთა პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება, დაზარალებულთან შერიგება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა, ნასამართლობის არქონა) და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ჯ. მ-სა და ე. გ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
10. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ-ის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი