საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№791აპ-20 ქ. თბილისი
გ. ბ-რ, 791აპ-20 11 თებერვალი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 10 მარტის განაჩენით ბ. გ-ე, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის შესაბამისად, 2019 წლის 26 ივლისიდან იმავე წლის 28 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 185 საათით.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. გ-ემ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· ბ. გ-ე და ს. კ. 2017 წლის თებერვლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის 3 მარტს ბ. გ-ემ ქ. თ-ი, მ. თ-ის ქ. N-, N--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მეუღლეს – ს. კ-ს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ძლიერად მოჰკიდა თმაში ხელი და თმით ითრია, რის შედეგადაც ს. კ-ს თმა ამოაგლიჯა, შემდეგ კი თავი არტყმევინა კედელზე. ბ. გ-ის აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2019 წლის 14 მაისს ქ. თ-ი, მ. თ-ის ქ. N-, N--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ბ. გ-ემ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ს. კ-ს, რომელსაც ხელში ეჭირა მათი 1 წლისა და 6 თვის შვილი – ე. გ., საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელზე, რის შედეგადაც არასრულწლოვანმა ე. გ.მ დაიწყო ტირილი. ს. კ. ბავშვის დასამშვიდებლად გავიდა სახლის აივანზე, სადაც მას ბ. გ-ემ უკნიდან ძლიერად დაარტყა ფეხი კუდუსუნის ძვლის სიახლოვეს. აღნიშნული ქმედების შედეგად ს. კ.მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით იგი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ ბ. გ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები ბ. გ-ის ბრალეულობის დასადასტურებლად, შემდეგ გარემოებათა გამო: სსიპ ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 25 დეკემბრის №-- დასკვნის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებით, სს „კ-ა კ-ში“ ს. კ-ს 2019 წლის 15 მაისსა და 31 მაისს აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება; „ს. კ-ს... დაუდგინდა დიაგნოზი: შემოწმება და გამოკვლევა სხვა ტრავმის შემდგომ; გავა-თეძოს და გავა-კუდუსუნის სახსრების ტრავმული ღრძობა. ს. კ-ს... 2019 წლის 15 მაისს აღენიშნებოდა კუდუსუნისა და გავა-მენჯის სახსრის არეში, დუნდულოებისა და წელის არეში, კანის ზედაპირზე ერთეული სისხლჩაქცევები. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე“. გარდა ამისა, ბ. გ-ის ბრალეულობა დადასტურებულია დაზარალებულ ს. კ-ის, მოწმეების – ნ. ბ-ის, მ. ლ-ის, მ. გ-ის, მ. გ-ის, რ. ფ-სა და სხვათა ჩვენებებით, სამედიცინო დოკუმენტაციით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერითა და სხვ..
8. გასაჩივრებული განაჩენით დასაბუთებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნის საკმარის ერთობლიობას ბ. გ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისათვის, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
9. საკასაციო პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეებზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009)). თუ „საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ („კუპატაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017); იხ. „მარინი ალბანეთის წინააღმდეგ“ (Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სრულად და ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი