Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№986აპ-20 ქ. თბილისი

გ-ი ზ., 986აპ-20 17 თებერვალი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ჯანყარაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. გ-ს, – დაბადებულს 19-- წელს, – ბრალი დაედო თვითნებობაში, ე.ი. თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2017 წლის ზაფხულში ჯ. მ-მა გადაწყვიტა, მოსავლის მოსაყვანად სს „ს. ბ-გან“ შეეძინა ს-ის რაიონის სოფელ ვ-ში მდებარე 50 ჰა ფართობისა და ა-ის რ. ს. ტ-ში მდებარე 30 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთები. მიწის ნაკვეთის შესყიდვამდე, 2017 წლის შემოდგომაზე, ჯ. მ-მა მამამისის – მ. მ-ის დახმარებით დაიწყო ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის დამუშავება და 50 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთზე დათესა ქერი, ხოლო 30 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთზე – ხორბალი. საბოლოოდ ჯ. მ-მა სს „ს-ოს ბ-გან“ მიწის ნაკვეთების შესყიდვა ვერ შეძლო, რადგან ეს ნაკვეთები შეიძინა ზ. გ-მა, რომლისთვისაც ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთზე მოსავლის მისაღებად შესაბამისი სამუშაოები ჩატარებული ჰქონდათ ჯ. და მ. მ-ებს. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 2018 წლის ივნისში ზ. გ-მა თვითნებურად, კანონით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, თავისად დაგულებული უფლების საფუძველზე 50 ჰა და 30 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთებიდან აიღო ჯ. მ-ის კუთვნილი 92000 კგ ქერი და 87400 კგ ხორბალი, რითაც ჯ. მ-ს სულ ჯამურად მიაყენა 71760 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 ივნისის განაჩენით ზ. გ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი გოჩა ჯანყარაშვილი ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ზ. გ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

5. გამართლებულ ზ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები – კ. ც. და ტ. მ. შესაგებლით ითხოვენ პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ.უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №531აპ-17).

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის მითითებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი ზ. გ-ის მიმართ არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ტენდენციური და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის სამართლებრივ დასაბუთებას მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურდებოდა ზ. გ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ ზ. გ-მა ჩაიდინა თვითნებობა, რადგან თავის ნაკვეთში თუნდაც სხვის მიერ დათესილი მარცვლეულის მოსავლის აღება, მისი მითვისების სურვილის გარეშე, არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

9. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება ისეთი ბრალდებების საფუძველზე, რაც არ არის სარწმუნოდ დადასტურებული კანონით დადგენილი წესით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები – №404აპ-16, №410აპ-16), ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ჯანყარაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი