Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№759აპ-20 ქ. თბილისი

გ. დ-თ, 759აპ-20 10 თებერვალი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 აგვისტოს განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 11 მარტის განაჩენით დ. გ-, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა, რომ აქვს უფლება, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 აგვისტოს განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ. გ-ს ბრალი დაედო: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია; სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის 20 თებერვალს ქ. თ-ში, მ-ის გამზ. N---ს მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. გ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვ. ჩ-ას, კერძოდ, დ. გ-მ თავი ჩაარტა მას ცხვირში, რითაც დაზარალებულმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

· 2019 წლის 12 მარტს ვ. ჩ-ა იმყოფებოდა ქ. თ-ში, მ-ის გამზ. N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მასთან მივიდა დ. გ- და მოსთხოვა, რომ თავი დაენებებინა პოლიციაში სიარულისა და ჩივილისათვის 2019 წლის 20 თებერვალს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში – მოკლავდა. ამასთან, დ. გ-მ ხელით გააკეთა იარაღის იმიტაცია. ვ. ჩ-ამ დ. გ-ის მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი თამარ კერესელიძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 აგვისტოს განაჩენის გაუქმებასა და დ. გ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. გ-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. ბრალდების მხარემ დ. გ-ის ბრალეულობის დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება – დაზარალებულის ჩვენება, რომელიც არ შეესაბამება და ეწინააღმდეგება საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებს. 2019 წლის 20 თებერვლის ფაქტთან დაკავშირებით მოწმეებმა – ს. მ-მა და ლ. ზ-მა სასამართლოს განუმარტეს, რომ ვ. ჩ-ასთან ერთად შეხვდნენ დ. გ-ს, რომელსაც მათი თანდასწრებით დაზარალებულისათვის დაზიანება არ მიუყენებია. 2019 წლის 12 მარტის ფაქტთან დაკავშირებით კი მოწმეებმა – ლ. ს-ამ, მ. ბ-ემ, ს. თ-ემ, ნ. ყ-ამ და მ. კ-ამ განაცხადეს, რომ მითითებულ დღეს დ. გ-სთან ერთად იმყოფებოდნენ ო-ში მდებარე კლინიკა „ბ-ში“, სადაც მას შეეძინა შვილი (რასაც ადასტურებს ასევე ბავშვის დაბადების მოწმობა). მოწმეებმა – ლ. ბ-მა, ი. ზ-ემ, ხ. ლ-ემ, ვ. გ-ამ, თ. გ-ემ, რ. გ-მა, ე. გ-ემ, ზ. ს-ემ, გ. ტ-ემ, შ. ფ-ემ, ე. თ-მა, ვ. ხ-ემ და თ. წ-მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება; ამასთან, ისინი არ არიან ფაქტის თვითმხილველები. ამდენად, მათი ჩვენებები ირიბია და არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს დაედოს საფუძვლად.

9. გარდა ამისა, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიიჩნია სასამართლომ საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ადგილმდებარეობის ოქმები მტკიცებულებებად და ამ საკითხზე დამატებით მსჯელობას საჭიროდ არ მიიჩნევს. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ის ადასტურებს მხოლოდ დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობას და არ ადგენს დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობას. შესაბამისად, მითითებული დასკვნაც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილ მტკიცებულებათა სტანდარტს და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

11. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი