საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №727აპ-20 ქ. თბილისი
დ. მ-ზ, 727აპ-20 4 თებერვალი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის განაჩენზე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორ დავით ჭარბაძისა და მსჯავრდებულ მ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. დ-ეს, – დაბადებულს 19-- წელს, – ბრალად ედებოდა მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მიღება თავის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი და განახორციელოს რაიმე ქმედება.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2015 წლის 18 მარტის №-- ბრძანებით მ. დ-ე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე, 29-ე მუხლების საფუძველზე დაინიშნა ხ-ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზ-ში და ითვლებოდა საჯარო მოხელედ. 2015 წლის 12 აგვისტოს ხ-ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში – ზ-ში მ. დ-ე შეხვდა თავის ნაცნობებს – ი. ი-სა და გ. ლ-ს. საუბარში გაირკვა, რომ ისინი დაინტერესებულები იყვნენ სოფელ ზ-ების მიმდებარედ სასაფლაოების მოწყობით. მ. დ-ემ აუხსნა, რომ იგი, სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, კარგად იცნობდა ხ-ის მუნიციპალიტეტის (გამგეობისა და საკრებულოს) ხელმძღვანელ პირებს, სარგებლობდა მაღალი სამსახურებრივი ავტორიტეტით, იყო მათთვის სამსახურებრივად სანდო პირი და თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტის (თავისი თანამდებობისა და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობების) გამოყენებით, მისთვის 1000 ლარის ქრთამის გადახდის შემთხვევაში, ხსენებული ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირების მეშვეობით (მათი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებით) მოაგვარებდა ხ-ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისათვის სათანადო ნებართვის გაცემის საკითხს.
· 2015 წლის 13 აგვისტოს ქ. ბ-ში, დ-ის ქ. №--ში განთავსებულ ხ-ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულ ზ-ებში) – მ. დ-ის სამუშაო კაბინეტში, წინასწარ შეთანხმებისამებრ, მ. დ-ე შეხვდა ი. ი-სა და გ. ლ-ს, რა დროსაც, მან, წინასწარი მოთხოვნის თანახმად, ქრთამის სახით სასაფლაოების მოწყობის ნებართვის საკითხის მოგვარების სანაცვლოდ, გ. ლ-ს გამოართვა 1000 ლარი.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენით მ. დ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე; მ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ დაეკისრა ჯარიმა – 1000 ლარი; მასვე დამატებით სასჯელად 6 თვით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მ. დ-ემ ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
· მ. დ-ე დანიშნული იყო ხ-ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში – სოფელ ზ-ებში და ითვლებოდა საჯარო მოხელედ. 2015 წლის 12 აგვისტოს მ. დ-ე შეხვდა ი. ი-სა და გ. ლ-ს, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ სოფელ ზ-ების მიმდებარედ სასაფლაოების მოწყობით. მ. დ-ემ, რომელსაც, ხ-ის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში შეეძლო მოქალაქეებთან შეხვედრა და მათი პრობლემების გაცნობა, გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და ი. ი-სა და გ. ლ-ს ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებასა და ფიზიკურ სამუშაოთა წარმოების ორგანიზებაში (სასაფლაოს მოწყობისათვის განკუთვნილი ტერიტორიის დამუშავება) დახმარება აღუთქვა, ხოლო 2015 წლის 13 აგვისტოს გ. ლ-ს მუშებისათვის გადასაცემად გამოართვა 1000 ლარი.
6. პროკურორი დავით ჭარბაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს მ. დ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მისთვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრას.
7. მსჯავრდებულ მ. დ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ზ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მ. დ-ის უდანაშაულოდ ცნობას იმ მოტივით, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და არის პროვოკაციის მსხვერპლი.
8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორებს არ მიუთითებიათ გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №308აპ-14).
10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა პროკურორის საკასაციო საჩივარი მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ საკასაციო პალატამ დადგენილად მიიჩნიოს მ. დ-ის მიერ ქრთამის აღების ფაქტი.
11. მოწმეების – ი. ი-ს, გ. ლ-ის, ჯ. ი-სა და სხვათა ჩვენებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მ. დ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატას მიაჩნია, რომ მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით მ. დ-ემ არსებითად დააზიანა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.
12. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში მსჯელობს დანაშაულის პროვოკაციაზეც. ზოგადად, ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე აღიარა სპეციალური საგამოძიებო მეთოდების საჭიროება, განსაკუთრებით ნარკოტიკულ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში. ამგვარი ღონისძიებების, მათ შორის, ფარული აგენტებისა თუ საკონტროლო შესყიდვების, გამოყენება per se არ არღვევს უფლებას სამართლიან სასამართლოზე. გარკვეული წინაპირობებით, სახელმწიფო ორგანოებს შეუძლიათ, მიმართონ განსაკუთრებულ საგამოძიებო მოქმედებებს ისე, რომ აღნიშნული არ გულისხმობდეს ან იწვევდეს დანაშაულის წაქეზებასა თუ პროვოცირებას (ტეიშეირა, §35-36; ვესელოვი (Veselov) და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, განაცხადები №23200/10, 24009/07 და 556/10, 02.10.2012, §89; რამანაუსკასი, §51; ლიუდი (Lüdi) შვეიცარიის წინააღმდეგ, განაცხადი №12433/86, 15.06.1992).
13. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ფარული აგენტის გამოყენება საგამოძიებო პროცესში თავისთავად არ ხელყოფს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში დადგენილ გარანტიას (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა როლი ჰქონდა ფარულ თანამშრომელს. საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა/კონფიდენტებმა არ უნდა განახორციელონ პირებზე იმგვარი გავლენა, რომ შემდგომი პასუხისმგებლობის მიზნით, წააქეზონ მათ მიერ დანაშაულის ჩადენა. კონვენცია ირღვევა, როდესაც აგენტები უბიძგებენ პირს დანაშაულის ჩადენისკენ და სახეზე არ არის არგუმენტი, რომ მოცემული დანაშაული მათი მონაწილეობის გარეშეც იქნებოდა ჩადენილი (მალინინასი (Malininas) ლიტვის წინააღმდეგ, განაცხადი №10071/04, 01.07.2008, §43). ფარულ თანამშრომელთა მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში უნდა განხორციელდეს მხოლოდ პასიურად და მათ არ უნდა ჰქონდეთ როლი ბრალდებულთა განზრახვის ფორმირების პროცესში; თუ ფარული აგენტი აქტიურად არის ჩართული და არსებითად უღვივებს პირს დანაშაულის ჩადენის სურვილს, სახეზეა დანაშაულის პროვოკაცია; ხოლო როცა მიმდინარე/დაწყებული დანაშაულებრივი ქმედების ფარგლებში ხდება ფარული თანამშრომლის ჩართვა, ეს ითვლება პასიურ მოქმედებად და, შესაბამისად, მისი ქმედება არ არის მაპროვოცირებელი.
14. აღსანიშნავია, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, პროვოცირების ფაქტის გამოსავლენად ერთ-ერთ საშუალებას ფარული აგენტის დაკითხვის შესაძლებლობა წარმოადგენს (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მორარი მოლდოვას წინააღმდეგ“ (Morari v. The Republic of Moldova), N65311/09, 08/03/2006, §38.); ამასთან, მნიშვნელოვანია დადგინდეს – არსებობს თუ არა ობიექტური ეჭვი, რომ პირს უკვე დაწყებული ჰქონდა დანაშაულებრივი საქმიანობა ან ხომ არ გააჩნდა დანაშაულის ჩადენის წინასწარი განწყობა (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „რამანაუსკასი ლიტვის წინააღმდეგ“ (Ramanauskas v. Lithuania), N74420/01), 05/02/2008, §71; „ბანიკოვა რუსეთის წინააღმდეგ“ (Bannikova v. Russia), N18757/06, 04/11/2010, §73). ამ შემთხვევაში დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით დაკითხა, მისი პოზიციით, პროვოკატორი მოწმეები – ი. ი- და გ. ლ-ი (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი). მათი ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ისინი საქმეში ჩაერთვნენ და მ. დ-ეს შეხვდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ იგი კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობდა მოქალაქეებთან. ი. ი-სა და გ. ლ-ის ქმედება არ იყო წამქეზებლური. შესაბამისად, დანაშაულის პროვოკაცია არ მომხდარა.
15. ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
17. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მხარეთა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
18. ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორ დავით ჭარბაძისა და მსჯავრდებულ მ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი