საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №781აპ-18 ქ. თბილისი
ი. ქ-მ, 781აპ-18 11 თებერვალი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორ დავით ჭარბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ქ. ი-ეს, – დაბადებულს 19-- წელს, – ბრალად ედებოდა ქრთამის აღება, ე.ი. მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მიღება თავის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2012 წლის 1 აგვისტოს №-- ბრძანებით ქ. ი-ე, აჭარის ა/რ-ის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №- დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის სატყეო სააგენტოს დებულების“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინიშნა სსიპ „ა-ის სატყეო სააგენტოში“ ხ-ის სატყეო ადმინისტრაციაში ტყის მცველის (რეინჯერის) თანამდებობაზე და ითვლებოდა საჯარო მოხელედ. მის უშუალო მოვალეობაში შედიოდა ხე-ტყის დაცვა უკანონო ჭრისაგან და გამოვლენილ სამართალდარღვევებზე სათანადო რეაგირების მოხდენა.
· 2015 წლის დეკემბრის დასაწყისში ხ-ის სატყეო ადმინისტრაციის ტყის მცველი ქ. ი-ე რამდენჯერმე შეხვდა თავის ნაცნობს – ი. ი-ას. საუბარში ქ. ი-ემ ი. ი-ას აუხსნა, რომ იგი არის ხ-ის სატყეო ადმინისტრაციის ტყის მცველი და, დაკავებული თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, მის სამსახურებრივ ფუნქციას წარმოადგენს ხე-ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხე-ტყის დაცვა და გამოვლენილ სამართალდარღვევებზე სათანადო რეაგირება. მიუხედავად აღნიშნულისა, მან გამოთქვა მზადყოფნა, რომ ქრთამის სახის ფულის გადახდის შემთხვევაში, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე დაამზადებდა დიდი რაოდენობით წაბლის ჯიშის სამასალე მერქანს და, უკანონოდ გაჩეხილი სამასალე მერქნის წარმომავლობის დასაფარად, გამოწერდა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტებს წაბლის ჯიშის საშეშე მერქანზე, აგრეთვე, აღნიშნული სამართალდარღვევისათვის არ მიიღებდა სათანადო ზომებს, ხოლო უკანონოდ გაჩეხილ წაბლის ჯიშის სამასალე მერქანს ხ-ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ცენტრალურ საავტომობილო გზასთან, გადასცემდა ი. ი-ას. დიდი ოდენობით წაბლის ჯიშის სამასალე მერქნის უკანონოდ გაჩეხვის, ცენტრალურ საავტომობილო გზამდე ტრანსპორტირებისას გზაზე მფარველობისა და უკანონოდ გაჩეხილი სამასალე მერქნის წარმომავლობის დაფარვის სანაცვლოდ, ქ. ი-ემ ქრთამის სახით მოითხოვა 4500 ლარი, საიდანაც 500 ლარი მისთვის წინასწარ უნდა გადაეცათ, ხოლო დარჩენილი 4000 ლარი – სამასალე მერქნის ი. ი-ასათვის გადაცემის შემდეგ.
· 2015 წლის 5 დეკემბერს ქ. ბ-ში, ფ-ის ქუჩაზე, წინასწარი შეთანხმებისამებრ, ქ. ი-ე შეხვდა ი. ი-ას, რომელსაც, წინასწარი მოთხოვნის თანახმად, ქრთამის სახით, დიდი ოდენობით წაბლის ჯიშის სამასალე მერქნის უკანონოდ გაჩეხვის, ცენტრალურ საავტომობილო გზამდე ტრანსპორტირებისას გზაზე მფარველობისა და უკანონოდ გაჩეხილი სამასალე მერქნის წარმომავლობის დაფარვის სანაცვლოდ, გამოართვა 500 ლარი.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 იანვრის განაჩენით ქ. ი-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2015 წლის 5 დეკემბრის რედაქცია); ქ. ი-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 5 დეკემბრის რედაქცია) და განესაზღვრა ჯარიმა – 6000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი; მასვე დამატებით სასჯელად 1 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ. ი-ემ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:
· ქ. ი-ემ, რომელიც მუშაობდა სსიპ “ა-ოს“ ხ-ის სატყეო ადმინისტრაციაში ტყის მცველის (რეინჯერის) თანამდებობაზე და ითვლებოდა საჯარო მოხელედ, 2015 წლის დეკემბრის დასაწყისში, საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მისაღებად, ი. ი-ას შესთავაზა, რომ თავის სამოქმედი ტერიტორიაზე დაამზადებდა დიდი რაოდენობით წაბლის ჯიშის სამასალე მერქანს და უკანონოდ გაჩეხილი სამასალე მერქნის წარმომავლობის დაფარვის მიზნით, გამოწერდა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტებს წაბლის ჯიშის საშეშე მერქანზე, აგრეთვე, აღნიშნული სამართალდარღვევისათვის არ მიიღებდა სათანადო ზომებს, ხოლო უკანონოდ გაჩეხილ წაბლის ჯიშის სამასალე მერქანს ხ-ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ცენტრალურ საავტომობილო გზასთან, გადასცემდა ი. ი-ას. დიდი ოდენობით წაბლის ჯიშის სამასალე მერქნის უკანონოდ გაჩეხვის, ცენტრალურ საავტომობილო გზამდე ტრანსპორტირებისას გზაზე მფარველობისა და უკანონოდ გაჩეხილი სამასალე მერქნის წარმომავლობის დაფარვის სანაცვლოდ, ქ. ი-ემ მოითხოვა 4500 ლარი, საიდანაც 500 ლარი მისთვის წინასწარ უნდა გადაეცათ, ხოლო დარჩენილი 4000 ლარი – სამასალე მერქნის ი. ი-ასათვის გადაცემის შემდეგ.
· 2015 წლის 5 დეკემბერს ქ. ბ-ში, ფ-ის ქუჩაზე, წინასწარი შეთანხმებისამებრ, ქ. ი-ე შეხვდა ი. ი-ას, რომელსაც, წინასწარი მოთხოვნის თანახმად, გამოართვა 500 ლარი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
6. პროკურორი დავით ჭარბაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ქ. ი-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორებს არ მიუთითებიათ გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №2აპ-20).
9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა პროკურორის საკასაციო საჩივარი მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ საკასაციო პალატამ დადგენილად მიიჩნიოს ქ. ი-ის მიერ ქრთამის აღების ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა და ასევე სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ისე დააკვალიფიცირა მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, კერძოდ: მოწმეების დაკითხვის ოქმებით, ფარული აუდიო- ვიდეოჩანაწერის სააღრიცხვო ბარათით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ა-ის სატყეო სააგენტოს უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №-- ბრძანებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ქ. ი-ემ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
10. ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
12. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
13. ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორ დავით ჭარბაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი