საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№798აპ-20 ქ. თბილისი
ი-ი ა., 798აპ.-20 23 თებერვალი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. ი-მა, – დაბადებულმა 19- წელს, – ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 20 ოქტომბერს, ღამის საათებში, ა. ი-ი იმყოფებოდა ქ. ღ-ში, ვ-ის კვ., კორპ. N--ში მდებარე ზ. ხ-ას კუთვნილ ბინა N--ში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა ზ. ხ-ას კუთვნილ ფულად თანხას - 200 დოლარს, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 13 მარტის განაჩენით ა. ი-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ა. ი-ის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
- ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ზ. ხ-ას, მოწმე რ. ნ-ას ჩვენებებით, ოდოროლოგიოური, დაქტილოსკოპიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებითა და ამოცნობის ოქმებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ა. ი-ის მიერ სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
- არასარწმუნოა ა. ი-ის ჩვენება, ვინაიდან მან გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებისგან განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ ა. ი-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წამოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მის ბრალეულობას, კერძოდ:
9. ოდოროლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერიზის დასკვნებით დადასტურებულია მხოლოდ ის გარემოება, რომ ა. ი-ი იმყოფებოდა ზ. ხ-ას სახლში, რასაც თავად გამართლებულიც არ უარყოფს, ხოლო ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ვერ ადასტურებს ა. ი-ის ბრალეულობას ინკრიმინირებულ ქმედებაში, ვინაიდან ექსპერტიზაზე წარდგენილ ფანარზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც არ ვლინდება ა. ი-ის გენეტიკური თანამონაწილეობა.
10. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ასევე მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, თუ რატომ არ არის დაზარალებულ ზ. ხ-ასა და მოწმე რ. ნ-ას ჩვენებები დამაჯერებელი და უტყუარი და აგრეთვე, რატომ არ შეესაბამება და რატომ ეწინააღმდეგება სხვა მტკიცებულებებს.
11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილებაში იმსჯელა ყველა იმ გარემოებაზე, რასაც საკასაციო საჩივარში უთითებს ბრალდების მხარე, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, საჩივარში არ არის აღნიშნული.
12. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, შესაბამისად, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი