Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე #737აპ-18 ქ. თბილისი

კ-ი დ.-737აპ-18 10 თებერვალი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დ. კ-ი, – დაბადებული 19-- წელს, – დაუსწრებლად ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (საქართველოს სსკ-ის 1994 წლის რედაქციით – 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-5 პუნქტები) წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულ დ. კ-ს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, დ. კ-ს ბრალი დაედო ყაჩაღობაში, ე.ი. თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 1994 წლის 5 აპრილს დ. კ-ი დანაშაულებრივად დაუკავშირდა რ. ბ-ეს, ი. ჯ-სა და ძიებით დაუდგენელ ორ პირს, რომლებთან ერთადაც წინასწარი შეთანხმებით, დაახლოებით 12:30 საათზე, თავს დაესხა ქ. რ-ში, მე-- მიკრორაიონის კორპ. №--ში მცხოვრებლებს – მ. ი-ს, ლ. პ-ას, ე. ი-ს (ამჟამინდელი სახელით – ე. დ-ი), რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, მ. ი-ის, ლ. პ-ას, ე. ი-სა და რ. ზ-ს მიმართ სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით გაიტაცეს ბინიდან მ. ი-ის, ლ. პ-სა და ე. ი-ის კუთვნილი სხვადასხვა სახის ძვირფასი თუ პირადი ნივთები.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და დ. კ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

3. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს:

ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

4. ბრალდების მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. პალატა სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. კ-ის უდანაშაულობის შესახებ და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად არ დადასტურდა დ. კ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, კერძოდ, ფოტოსურათებით ამოცნობები ჩატარებულია შემთხვევის დროს მოქმედი საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 163-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით; დაუდგენელია, საიდან მოიპოვა გამომძიებელმა ფოტოსურათები და საიდანაა მისთვის ცნობილი, რომ ერთ-ერთზე გამოსახულია დ. კ-ი; საქმეში მონაწილე პირები არ იყვნენ უზრუნველყოფილი თარჯიმნის მომსახურებით, რითიც დაირღვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს მოქმედი სსსკ-ის მე-15 მუხლის მოთხოვნები; მოცემული საქმის განხილვის დროს არ დაკითხულან რ. ბ-ე და ი. ჯ-ი, ამასთან, დაცვის მხარე არ დაეთანხმა მათ მიმართ გამამტყუნებელ განაჩენებში მითითებულ გარემოებას დ. კ-ის ყაჩაღობაში მონაწილეობის შესახებ, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ მიიჩნია პრეიუდიციად ზემოთ მითითებული განაჩენები.

6. ასეთი მოცემულობის არსებობისას, თანახმად საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისა, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი – „in dubio pro reo“ ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. შესაბამისად, დასახელებულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ვერ გადალახა (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №570აპ-16, 549აპ-17).

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

8. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს 1998 წლის რედაქციის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი