საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №744აპ-20 ქ. თბილისი
კ-ი ზ., 744აპ-20 11 თებერვალი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ნოემბრის განაჩენით ზ. კ-ი, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2019 წლის 9 თებერვლიდან იმავე წლის 4 ნოემბრის ჩათვლით.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. კ-მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
3. აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 01:25 საათზე, გ-ის რაიონის სოფელ ხ-ის საავტომობილო გზაზე, გ-ის მიმართულებით მოძრაობისას, „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა ზ. კ-მა ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები და ავტომობილით გადაუარა გზის სავალ ნაწილზე მწოლიარე თ. მ-ს, რომელიც ამ შემთხვევის დროს მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა.
4. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ნოემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. მსჯავრდებულ ზ. კ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. კ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ზ. კ-ის გამართლებას.
6. მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილე ნანა გუგუტიშვილი შესაგებლით ითხოვს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატის აზრით, სასამართლოებმა დაცვისა და ბრალდების მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასეს და გადაწყვეტილების მიღებისას გაიზიარეს სატრანსპორტო-ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის 2018 წლის 15 სექტემბრის №-- და სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2018 წლის 8 ნოემბრის №-- დასკვნები, რომელთა თანახმად, მძღოლ ზ. კ-ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ მოხდებოდა და, ამდენად, მოცემულ ვითარებაში, შექმნილ საგზაო სიტუაციაში, ტექნიკური თვალსაზრისით, მას შეეძლო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.
10. პალატას მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის: მოწმეთა ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ექსპერტიზების დასკვნებითა და ექსპერტების ჩვენებებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ზ. კ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.
11. მსჯავრდებული თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენზე, კერძოდ, საქმე N462აპ.-16-ზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისგან. შესაბამისად, აღნიშნული არგუმენტიც ვერ გახდება მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.
12. ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამრიგად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი