საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№781აპ-20 ქ. თბილისი
მ. ი-ი, 781აპ-20 23 თებერვალი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. მ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 7 მაისის განაჩენით ი. მ-ა, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით, ხოლო 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი. მ-ას დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2019 წლის 5 ნოემბრიდან; მასვე სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. მ-ამ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა, ორი წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 5 ოქტომბერს თ-ში, კ-ის ქ. N---ის მიმდებარედ, ი. მ-ა ყოფილ მეუღლეს – გ. ს-ს დანის დემონსტრირებით დაემუქრა, რომ „ჯვარზე აგიყვან და მოგკლავო“, ასევე მეუღლის მშობელს – მ. შ-ეს, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, დაემუქრა თავის მოჭრით, რა დროსაც გ. ს-სა და მ. შ-ეს გაუჩნდათ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2019 წლის 5 ოქტომბერს თ-ში, კ-ის ქ. N---ის მიმდებარედ, ი. მ-ამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილ მეუღლეს – გ. ს-ს ხელები და ფეხები დაარტყა ძლიერად სახის, თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილას, რის შემდეგაც ამოიღო დანა და მისი გამოყენებით სახისა და თავის არეში მიაყენა მრავლობითი ჭრილობები. ამის შემდეგ მეუღლის მშობელს – მ. შ-ეს, რომელთანაც ასევე ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხელებისა და ფეხების გამოყენებით, ძლიერად, სხეულის სხვადასხვა ადგილას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე, დანის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ბარძაყის, მარცხენა მტევნის, სახისა და თავის მიდამოში. ი. მ-ას ძალადობრივი ქმედებების გამო გ. ს-სა და მ. შ-ეს მიადგათ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი მ. ქ-ა ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და ი. მ-ასათვის უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრას.
5. თბილისის პროკურატურის პროკურორი ხათუნა მოდებაძე შესაგებლით ითხოვს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. კასატორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის სამართლიანობის ნაწილში. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ი. მ-ასათვის შეფარდებული სასჯელის ზომა შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები შეფასდა ინდივიდუალურად და, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, ასევე – მოსალოდნელი რისკების მხედველობაში მიღებით, განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციებით გათვალისწინებული, ქმედებათა ადეკვატური სასჯელი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას და რომლის შემსუბუქების ან სასჯელის სხვა სახის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. მ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი