საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№824აპ-18 ქ. თბილისი
მ. გ-ი, 824აპ-18 18 თებერვალი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხათუნა კუსრაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. მ-ეს, – დაბადებულს 19-- წელს და გ. უ-ეს, – დაბადებულს 19-- წელს, – ბრალად დაედოთ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში :
· 2016 წლის 8 მარტს, დაახლოებით 02:00 საათზე, გ. მ-ე და გ. უ-ე, ნასვამები, იმყოფებოდნენ თ-ში, ც. ზ-ის ქ. N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე და იგინებოდნენ უცენზურო სიტყვებით. ამ დროს მათთან მივიდნენ თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დ-ის სამმართველოს მე-- განყოფილების თანამშრომლები, პოლიციის მუშაკები – ბ. ა. და მ. ა., რომლებიც მოძრაობდნენ სამსახურებრივი ავტომანქანით, ეცვათ პოლიციის ფორმა და ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. პოლიციელმა ბ. ა.მ ნასვამ გ. მ-ესა და გ. უ-ეს მოუწოდა, დაეცვათ სიმშვიდე და წესრიგი, რასაც ისინი არ დაემორჩილნენ, შეაგინეს ბ. ა.ს, რის შემდეგაც, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, გააგრძელეს პოლიციელებისათვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. ჩხუბის დროს გ. უ-ემ ბ. ა.ს სახის არეში მუშტი რამდენჯერმე დაარტყა, ხოლო გ. მ-ემ შემოახია პოლიციელის ჟილეტი. მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მ. ა-საც. მხოლოდ პოლიციელების დამხმარე ჯგუფის მისვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი გ. უ-ისა და გ. მ-ის დაკავება და პოლიციის განყოფილებაში მიყვანა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 აპრილის განაჩენით გ. მ-ე და გ. უ-ე ცნობილ იქნენ უდანაშაულოებად და გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; მათვე განემარტათ, რომ უფლება აქვთ, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ხათუნა კუსრაშვილმა, რომელმაც ითხოვა გამართლებულების – გ. მ-ისა და გ. უ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
5. გ. მ-ისა და გ. უ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ.გ-ი შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
9. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში უთითებს ბრალმდებელი, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი საჩივარში არ უთითებს. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში დეტალურად არის მითითებული იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გ. მ-ე და გ. უ-ე ცნობილ იქნენ უდანაშაულოებად საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევისას წარმოიშვა ეჭვი, რომელიც ბრალდების მხარემ ვერ გააბათილა სხვა, დამატებითი მტკიცებულებებით. შესაბამისად, არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება ისეთი ბრალდებების საფუძველზე, რაც არ არის სარწმუნოდ დადასტურებული კანონით დადგენილი წესით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები – №404აპ-16, №410აპ-16), ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
11. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხათუნა კუსრაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი