Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№681აპ-18 ქ. თბილისი

მ-ე რ., 681აპ-18 10 თებერვალი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განაჩენით რ. მ-ე, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (7 ეპიზოდი) და საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე არ დაენიშნა სასჯელი.

2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ რ. მ-ემ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (7 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2008 წლის 6 მაისს შპს „რ-ის“ დირექტორ რ. მ-ესა და მ. ა-ეს შორის დაიდო საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება №-, რომლითაც შპს „რ-ის“ დირექტორი რ. მ-ე იღებდა ვალდებულებას, რომ მ. ა-ეს 73800 აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთრებაში გადაუფორმებდა 164 მ2 საცხოვრებელ ფართს მშენებარე ბინაში, მდებარე ქ. ბ-ში, - მ-ის ქ. N--ში (-- სართული). 2008 წლის 7 მაისიდან 2008 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით მ. ა-ემ გადაიხადა 42750 აშშ დოლარი, თუმცა მითითებული საცხოვრებელი ფართი რ. მ-ემ გაასხვისა სხვა პირებზე. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად რ. მ-ემ მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა მ. ა-ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა – 42750 აშშ დოლარი.

· 2008 წლის 19 ივნისს შპს „რ-ის“ დირექტორ რ. მ-ესა და დ. გ-ეს შორის დაიდო საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება №-, რომლითაც შპს „რ-ის“ დირექტორი რ. მ-ე იღებდა ვალდებულებას, რომ დ. გ-ეს 37305 აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთრებაში გადაუფორმებდა 82.9 მ2 საცხოვრებელ ფართს მშენებარე ბინაში, მდებარე ქ. ბ-ში, - მ-ის ქ. N--ში (-- სართული). 2008 წლის ნოემბრიდან 2012 წლის აპრილის ჩათვლით დ. გ-ემ გადაიხადა 19000 აშშ დოლარი, მაგრამ მითითებული საცხოვრებელი ფართი რ. მ-ემ გაასხვისა სხვა პირებზე. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად რ. მ-ემ მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა დ. გ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა – 19000 აშშ დოლარი.

· 2011 წლის 21 ივლისს შპს „რ-ის“ დირექტორ რ. მ-ესა და თ. ბ-ეს შორის დაიდო საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ ხელშეკრულებები – №- (კომერციული) და №--, რომლებითაც შპს „რ-ის“ დირექტორი რ. მ-ე იღებდა ვალდებულებას, რომ თ. ბ-ეს 18000 და 15000 (კომერციული) აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთრებაში გადაუფორმებდა 64 მ2 და 30 მ2 საცხოვრებელ ფართს მშენებარე ბინაში, მდებარე ქ. ბ-ში, - მ-ის ქ. N--ში (-- სადარბაზო, -- სართული და -- სართული (კომერციული)). 2011 წელს თ. ბ-ემ გადაიხადა 18500 აშშ დოლარი, მაგრამ მითითებული ფართი რ. მ-ემ გაასხვისა სხვა პირებზე. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად რ. მ-ემ მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა თ. ბ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა – 18500 აშშ დოლარი.

· 2010 წლის 4 იანვარსა და 2011 წლის 12 თებერვალს შპს „რ-ის“ დირექტორ რ. მ-ესა და ნ. ხ-ეს შორის დაიდო საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ ხელშეკრულებები – №- და №-, რომლებითაც შპს „რ-ის“ დირექტორი რ. მ-ე იღებდა ვალდებულებას, რომ ნ. ხ-ეს საკუთრებაში გადაუფორმებდა 80.3 მ2 საცხოვრებელ ფართს მშენებარე ბინაში, მდებარე ქ. ბ-ში, - მ-ის ქ. N--ში (---სართული). 2010 წლის 4 იანვრიდან 2011 წლის 28 აგვისტომდე პერიოდში ნ. ხ-ემ გადაიხადა 21000 აშშ დოლარი, მაგრამ მითითებული საცხოვრებელი ფართი რ. მ-ემ გაასხვისა სხვა პირებზე. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად რ. მ-ემ მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ნ. ხ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა – 21000 აშშ დოლარი.

· 2011 წლის 14 აგვისტოს შპს „რ-ის“ დირექტორ რ. მ-ესა და ნ. ც-ეს შორის დაიდო საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება №--, რომლითაც შპს „რ-ის“ დირექტორი რ. მ-ე იღებდა ვალდებულებას, რომ ნ. ც-ეს 28000 აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთრებაში გადაუფორმებდა 80 მ2 საცხოვრებელ ფართს მშენებარე ბინაში, მდებარე ქ. ბ-ში, - მ-ის ქ. N--ში (-- სართული). 2011 წლის 15 აგვისტოდან 2012 წლის 23 მაისამდე პერიოდში ნ. ც-ემ გადაიხადა 11880 აშშ დოლარი, მაგრამ მითითებული საცხოვრებელი ფართი რ. მ-ემ გაასხვისა სხვა პირებზე. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად რ. მ-ემ მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ნ. ც-ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა – 11880 აშშ დოლარი.

· 2011 წლის 31 აგვისტოს შპს „რ-ის“ დირექტორ რ. მ-ესა და ი. გ-ეს შორის დაიდო საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება №--, რომლითაც შპს „რ-ის“ დირექტორი რ. მ-ე იღებდა ვალდებულებას, რომ ი. გ-ეს 21056 აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთრებაში გადაუფორმებდა 64 მ2 საცხოვრებელ ფართს მშენებარე ბინაში, მდებარე ქ. ბ-ში, - მ-ის ქ. N--ში (-- სართული). 2011 წლის 31 აგვისტოს ი. გ-ემ გადაიხადა 21000 აშშ დოლარი, მაგრამ მითითებული საცხოვრებელი ფართი რ. მ-ემ გაასხვისა სხვა პირზე. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად რ. მ-ემ მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ი. გ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა – 21000 აშშ დოლარი.

· 2012 წლის 6 თებერვალს შპს „რ-ის“ დირექტორ რ. მ-ესა და მ. ე-ს შორის დაიდო საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება №--, რომლითაც შპს „რ-ის“ დირექტორი რ. მ-ე იღებდა ვალდებულებას, რომ მ. ე-ს 25000 აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთრებაში გადაუფორმებდა 78 მ2 საცხოვრებელ ფართს მშენებარე ბინაში, მდებარე ქ. ბ-ში, - მ-ის ქ. N--ში (-- სართული, ბინა №33). 2012 წლის 6 თებერვალს და 8 თებერვალს მ. ე-მა გადაიხადა 25000 აშშ დოლარი, მაგრამ ხელშეკრულების დადებისას მითითებული საცხოვრებელი ფართი რ. მ-ეს უკვე გასხვისებული ჰქონდა ჯ. ბ-ეზე, ხოლო დღეის მდგომარეობით ეს ბინა წარმოადგენს ნ. ს-ის საკუთრებას. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად რ. მ-ემ მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა მ. ე-ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა – 25000 აშშ დოლარი.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ა-ემ. მან ითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და რ. მ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №83აპ-13, №345აპ-15).

7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას რ. მ-ის უდანაშაულობის შესახებ მისთვის წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით უტყუარად დასტურდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის შემადგენლობის როგორც ობიექტური, ისე – სუბიექტური ნიშნების არსებობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მტკიცებულებებით, რომლებიც ბრალდებას დაედო საფუძვლად (მათ შორის: დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებებით, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით, საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ ხელშეკრულებებით, მათი დანართებით, სალაროს შემოსავლის ორდერებით, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებით, რ. მ-ესა და ჯ. ბ-ეს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერსა და 2011 წლის 24 ოქტომბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებითა და სხვა მტკიცებულებებით), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ რ. მ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების – თაღლითობის შვიდივე ეპიზოდის ჩადენის ფაქტი.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ გამოკვეთილა რაიმე ისეთი სახის დარღვევა, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით უთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ“ (Van de Hurk v. Netherlands), 1991 წლის 19 აპრილი, 61 პარ.).

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ა-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი