Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №701აპ-20 ქ. თბილისი

ო-ი გ., 701აპ-20 4 თებერვალი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ო-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – კ. ხ-ისა და ბ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენით გ. ო-ი, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით, ხოლო მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. ო-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც ასევე შთანთქა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით პირობითი მსჯავრი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 5 თებერვლიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ო-მა ჩაიდინა: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით; სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით.

3. გ. ო-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის 3 თებერვალს, დაახლოებით 23:30 საათზე, თ-ში, ქ-ის ქ. N--ს წინ, ქურდობისათვის ნასამართლევი გ. ო-ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ედემ გვარმიანის კუთვნილ, 12000 ლარად ღირებულ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას, სახ. ნომრით – ----.

· 2019 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 05:30 საათზე, ქურდობისათვის ნასამართლევი გ. ო-ი ცდილობდა, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლებოდა თ-ში, ს-ის გამზ. N---ის წინ დამონტაჟებულ, შპს “დ-ის“ კუთვნილ, სწრაფი ჩარიცხვის აპარატში მოთავსებულ ფულად თანხას, რისთვისაც იგი ცდილობდა აპარატის კარის გატეხვას. გ. ო-მა ფულის დაუფლება ვერ მოახერხა, რადგან ის შეამჩნიეს პოლიციის თანამშრომლებმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. მსჯავრდებულ გ. ო-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები – კ. ხ-ი და ბ. ხ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. ო-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ ბრალდების მიერ წარმოდგენილი და სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა გ. ო-ის ბრალეულობა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხულ დანაშაულთა ჩადენაში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის, ასევე – მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზების დასკვნებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით და სხვ.) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ. ო-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე – სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

8. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რომლებზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს ადვოკატი, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს. გასაჩივრებული განაჩენით დასაბუთებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად დატოვა. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

9. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულ გადაწყვეტილებებში აღწერილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები მოცემული შემთხვევისგან არსებითად განსხვავებულია და, შესაბამისად, არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №294აპ-14).

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

11. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ო-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – კ. ხ-ისა და ბ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი